Facebook Twitter

საქმე №ას-357-339-2015 11 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.მ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ.ის მიმართ თანხის _ 15 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.ბ.ს შ.მ.ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით მ.ბ.ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2591 მუხლზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებილი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2014 წლის 16 დეკემბერს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა აპელანტ (მოპასუხის) მ.ბ.ის წარმომადგენელი თ.ჩ., რომელსაც აქვს გასაჩივრების უფლებამოსილება.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება მ.ბ.ის წარმომადგენელ თ. ჩ.ს ჩაბარდა 2015 წლის 30 იანვარს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 16 იანვრიდან და ამოიწურა 2015 წლის 29 იანვარს, რომელიც არ იყო უქმე დღე. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით _ 2015 წლის 2 თებერვალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ბ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძლებით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 30 იანვარს ჩაიბარა მ.ბ.ის წარმომადგენელმა თ.ჩ.მა. მოპასუხესა და მის წარმომადგენელს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ მოსამართლის თანაშემწესთან, რომელმაც გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სწორედ 2015 წლის 30 იანვარს დაიბარა ისინი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის პროფესიით იურისტი არ არის და სწორედ ამან განაპირობა ვადის დარღვევა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტს ჰქონდა მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მ.ბ.ის ინტერესებს იცავდა თ.ჩ., რწმუნებულება გაცემულია 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით და მარწმუნებელს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, მათ შორის, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (იხ. ტ. I, ს.ფ 60-62);

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 16 დეკემბერს, სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც განემარტა გასაჩივრების ვადა და წესი;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, თ.ჩ.მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2015 წლის 30 იანვარს და ამავე ხელწერილის თანახმად, სწორედ 30 იანვარს ჩაიბარა გადაწყვეტილება;

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მ.ბ.მა იგი სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 2 თებერვალს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

უდავოა, რომ მ.ბ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას, ასევე მის წარმომადგენელს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ მოსამართლის თანაშემწესთან, ასევე, იმყოფებოდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ ისინი დასაბუთებული გადაწყვეტილების გადასაცემად 2015 წლის 30 იანვარს დაიბარა, რადგანაც, ერთი მხრივ, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მხარის სასამართლოში დადგენილ ვადაში გამოცხადებას, ხოლო, მეორე მხრივ, მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ამგვარი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია, გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 2591 მუხლის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი პირის მიერ საპროცესო წესის დაცვად განიხილება დადგენილ ვადაში მისი უშუალოდ გამოცხადება სასამართლოში, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არაა დადასტურებული, რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარე არ არის იურისტი, იგი საფუძვლიან შედავებად ვერ იქნება მიჩნეული, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლით განსაზღვრული კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არაიურისტი პირის მიმართ რაიმე გამონაკლისის დაშვება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის თვალსაზრისით, გაუმართლებელია.

საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2015 წლის 5 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 15 იანვარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 16 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 29 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 2 თებერვალს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად განმარტა კანონი და მართებულად არ მიიღო განსახილველად მ.ბ.ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო წინამდებარე კერძო საჩივრით მხარეს არ მიუთითებია იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე