საქმე №ას-385-366-2015 14 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.შ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.შ.ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ.ა.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში არასრულწლოვანი ბ.შ.ის კანონიერი წარმომადგენლის _ ლ.შ.ის მიმართ 2013 წლის 13 მარტს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონების ვ.შ.ის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ა.ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ა.ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ.შ.სა და ბ.შ.ს შორის 2013 წლის 13 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით #....) და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ვ.შ.ის საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ა.ემ და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ნ.ა.ის განცხადება მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და 2015 წლის 20 მარტის განცხადება მიიჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნად.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2015 წლის 27 თებერვალს, სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ნ.ა.ს შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა გამოცხადებიდან არა უგვიანეს 7 დღისა _ 2015 წლის 9 მარტისა, განსახილველი განცხადება წარდგენილი იყო 20 მარტს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 63-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა ნ.ა.მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
ნ.ა.თვის მოგვიანებით, 2015 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯი მას არ ანაზღაურებია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს არ განუმარტავს სადავო საკითხი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მხარე არ არის იურისტი, არის სოციალურად დაუცველი და არ ჰქონდა შესაძლებლობა, ჰყოლოდა წარმომადგენელი (ადვოკატი), მისთვის უცნობი იყო სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადის თაობაზე, სწორედ ამ საფუძლებიდან გამომდინარე უნდა ემსჯელა სასამართლოს ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.შ.ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ.ა.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ნ.ა.ის სააპელაციო საჩივარზე გამოცხადდა 2015 წლის 27 თებერვალს;
გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი;
განცხადება, რომლითაც სასამართლო ხარჯების განაწილებაა მოთხოვნილი, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 20 მარტს.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ფორმალურ-სამართლებრივი თავლსაზრისით, წარდგენილი განცხადება სწორედ სასამართლო ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდგომლობა იყო, თუმცა ამ შუამდგომლობის საფუძლიანობის გამოკვლევისათვის სახეზე არ უნდა იყოს მისი განხილვის შემზღუდავი წინაპირობები.
კერძო საჩივრის ავტორი განცხადებაში მითითებული მოთხოვნის განხილვას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ არ არის იურისტი, ამასთან, არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, აეყვანა ადვოკატი, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას არ განმარტა დამატებითი გადაწყვეტილების წარდგენის ვადა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია კანონის ცოდნის პრეზუმფცია და კანონის არცოდნის ან არასათანადოდ გაგებისას მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს, ამასთანავე, საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ნორმის მითითებული დანაწესი იმპერატიულია და სწრაფი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევას ემსახურება, გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მოიხმობს ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც (იხ, სუსგ №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონი განსაზღვრავს მხოლოდ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადას, მაგრამ არაფერს ამბობს თავად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის დასმის შემდეგ, დამატებითი გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს გამოტანილი.
დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ საიდან უნდა ავითვალოთ 7-დღიანი ვადა. მითითებული ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (სუსგ Nას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი). ამასთან, გადაწყვეტილების გამოცხადებაში იგულისხმება როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტმა თავად დაარღვია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის იმპერატიული ვადა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ მის მიმართ დაირღვა ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გარდა აღნიშნულისა, მხარეს არ მიუთითებია ფაქტობრივად რაში გამოიხატა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, არამედ შემოიფარგლა მხოლოდ სამართლის ნორმების ციტირებით, რასაც საკასაციო პალატა დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ განიხილავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ამყოლაძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური