საქმე №ას-390-370-2015 14 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ც. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრა
დავის საგანი – შრომის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ც.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.მ.ის“ მიმართ შრომის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩნებით სააპელაციო საჩვარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ.ც.ის სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საჩივარი არ შეიცავდა მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, მითითებას ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებიც სააპელაციო საჩვარს დაასაბუთებდნენ, ასევე არ იყო მითითებული ამ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ამდენად, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის აპელანტს, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით განესაზღვრა 7 დღის ვადა და ამომწურავად განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ხარეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2015 წლის 16 თებერვალს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 23 თებერვალი, თუმცა აღნიშნულ ვადაში გ.ც.ს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ც.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, რაც არასწორია, რადგანაც ხ.ბ. (კორესპოდენციის მიმღები) აპელანტს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას გ.ც.ს წარმომადგენელი აღარ ჰყავდა, რაზეც მეტყველებს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩააბარა მხარის ყოფილ წარმომადგენელს და არასწორად არ გაუგზავნა იგი უშუალოდ მხარეს მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. ხარვეზის თაობაზე მხარისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მას პირადად ჩაბარდა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ.ც.ს მოცემული დავის მიმართ გააჩნია ინტერესი, მოითხოვა კერძო საჩვრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ.ც.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ც.ის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ხ.ბ.;
საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც რწმუნებულ ხ.ბ.ს მინიჭებული აქვს გ.ც.ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება, მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით (იხ: ს.ფ. 35);
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება კონკრეტული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მხარესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული მინდობილობის გაუქმების ფაქტი, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩვარი, ხელმოწერილია ხ. ბ.ის მიერ (ს.ფ. 145);
სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავდა მხოლოდ მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს სააპელაციო საჩვარი არ შეესაბამებოდა;
2015 წლის 6 თებერვლის განჩინება, რომლითაც სააპელაციო საჩვარზე დადგინდა ხარვეზი და ამ ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 7 დღით, 2015 წლის 16 თებერვალს ჩაიბარა ხ.ბ.მ (ს.ფ. 151);
კერძო საჩვრის ავტორი ასევე არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძელი გახდა.
მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო შეტყობინების ხ.ბ.თვის ჩაბარების კანონიერება. ამ კუთხით მხარის პრეტენზია მოტივირებულია იმით, რომ შეტყობინების მიმღები პირი აღარ წარმოადგენდა აპელანტს, შესაბამისად, სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უშუალოდ გ.ც.თვის უნდა ჩაებარებინა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი და დადგენილია, რომ მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
ამდენად, იმისათვის, რათა სასამართლომ მარწმუნებლისა და წარმომადგენლის ურთიერთობა შეწყვეტილად მიიჩნიოს, მას უნდა მოეპოვებოდეს წერილობითი დოკუმენტი მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მოცემულ შემთხევაში, ამგვარი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება და არც მხარეს მიუთითებია მასზე, გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტილად მიჩნევას ითვალისწინებს ასევე საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი, ამგვარი შედეგის მატარებელია კიდევ ერთი _ მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, როგორიცაა დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა (სამოქალაქო კოდექსის 720-722-ე მუხლები), ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო კოდექსის VI კარით აღიარებული ვალდებულების შეწყვეტის ზოგადი წესიც, თუმცა მითითებულთაგან არც ერთი სახეზე არაა, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის არგუმენტის გაზიარებას, რომ ყველა კორესპოდენცია უშუალოდ მხარეს უნდა გაგზავნოდა, უფრო მეტიც, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო საჩვარი არა გ.ც.ის, არამედ სწორედ ხ. ბ.ის მიერაა ხელმოწერილი, ანალოგიურად, სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ ეს საჩივარი არა მხარემ, არამედ წარმომადგენელმა გააგზავნა სასამართლოში.
ამდენად, ფაქტობრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტისა და კორესპოდენციის უშუალოდ მისთვის გაგზავნის აუცილებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევას მისი მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებას უკავშირებს. კანონის ეს მოცემულობა სახეზეა;
რაც შეეხება საპროცესო ვადის გამოთვლას, პალატამ ამ ნაწილშიც მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 და 61-ე მუხლი მე-3 ნაწილებით და 7-დღიანი ვადის დარღვევის გამო, ამავე კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების არსებითად სწორი განმარტებით მართებულად დატოვა განუხილველად გ.ც.ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე დავის საგანს შრომის ანაზღაურება წარმოადგენს, ამ გარემოების გათვალისწინებით კი, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითაა გათავისუფლებული. წინამდებარე კერძო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (გადამხდელი ჭიათურის სგკ-ს პირველი პროფკავშირული ორგანიზაცია), რაც არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს გ.ც.ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ც.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. გ.ც.ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჭიათურის სგკ-ს პირველი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ 2015 წლის 14 აპრილის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური