ბს-852-727-კ-04 22 თებერვალი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის ბათილობა, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საკადასტრო რუკაში ცვლილებების შეტანა, მიწის ფართობის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 ნოემბერს მესამე პირებს: ი. მ-სა და ქ. მ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. მ-მა ქ. მ-ისგან შეიძინა გორის რაიონის სოფ. ... ¹3 კვარტალში მდებარე ¹007 29,17 კვ.მ ნაკვეთი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
2002წ. 23 იანვარს კასატორებმა ლ. და ვ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში და შემდეგი მოტივით მოითხოვეს საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის ბათილობა, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და კადასტრულ რუკაში ცვლილებების შეტანა:
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ გორის რაიონის სოფ. ... მაცხოვრებლებს. მიწის რეფორმის შედეგად მათ საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები. ქ. მ-ს საკომლო სიაში 1987 წლიდან ერიცხებოდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 2001წ. 14 ნოემბერს ... საკრებულომ გასცა ცნობა ¹280, რომლის მიხედვით, ქ. მ-ს ერიცხება 0,28 ჰა სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რაც არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ უსწორო ცნობის საფუძველზე ქ. მ-სა და ი. მ-ს შორის გაფორმდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 29,17 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. მ-მა მიყიდა ი. მ-ს. საკრებულოს არასწორი ცნობის საფუძველზე ასევე არასწორად შედგა კადასტრული რუკა და ტოპოგრაფიული გეგმა, სადაც ქ. მ-ის ნაკვეთი 1,17 კვ.მ-თაა გაზრდილი. აღნიშნული ფართი კი წარმოადგენს ქ. მ-ისა და ი. მ-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მდებარე გზას, რომლის სიგანე შეადგენს 0,6 კვ.მ-ს, ხოლო სიგრძე _ 118 კვ.მ-ს. აღნიშნული გზით 1989 წლიდან სარგებლობენ მოსარჩელეები, 12 ახლადდაფუძნებულ მოსახლესთან ერთად და იგი წარმოადგენს სოფლის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას. მიწის ნასყიდობის შემდეგ ი. მ-მა ნაკვეთის მიერთებასთან ერთად შეიერთა გზა და შემოღობა, რაც უკანონოდ ლახავს მოსარჩელეთა უფლებას, ამიტომ მოითხოვენ ... საკრებულოს მიერ გაცემული ¹280 ცნობის ბათილობას, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკადასტრო რუკაში ცვლილებების შეტანას. მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
რაიონულ სასამართლოში მოსარჩელეებმა უარი თქვეს ზიანის ანაზღაურებაზე და მოითხოვეს: ქ. მ-ის სახელზე ... საკრებულოს მიერ გაცემული ¹280 ცნობის ბათილობა, 2001წ. 28 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და საკადასტრო რუკაში ცვლილებების შეტანა, ნაცვლად 29,17 კვ.მ-ისა, 0,25 კვ.მ-ს დაფიქსირება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სადავო გზის გამოთავისუფლება.
სარჩელი არ ცნო ... საკრებულოს გამგეობამ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. წარმომადგენლის განმარტებით, ქ. მ-ს 1987 წლიდან, მართალია, 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა, მაგრამ ხელმეორედ აზომვის შედეგად გაირკვა, რომ ნაკვეთი იყო 0,28 ჰა, ხოლო კადასტრული რუკის შედგენისას დაზუსტდა მისი ოდენობა და 29,17 ჰა შეადგინა. აღნიშნულ ფართზე მიწის გადასახადს იხდიდა ქ. მ-ი. წარმომადგენელმა უარყო სადავო გზის არსებობა ქ. მ-ისა და ი. მ-ის ნაკვეთებს შორის და აღნიშნა, რომ მიწის პრივატიზებისას თითოეულ მოსახლეს გამოეყო 10 მ. სიგანის გზები. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელი არ ცნო ი. მ-მა, რომელმაც ასევე უარყო მისი და ქ. მ-ის ნაკვეთებს შორის გზის არსებობა და განმარტა, რომ ურთიერთშეთანხმებით მეზობლებმა მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის მოხრეშეს გზა.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. და ვ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ... საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა ¹280; ცვლილება შევიდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საკადასტრო რუკაში და ნაცვლად 29,17 კვ.მ, დაფიქსირდა 0,25 ჰა; ი. მ-ს დაევალა მისი ბაღის მიმდებარედ 11 მ. სიგანისა და 118 მ. სიგრძის ნაკვეთის გამოთავისუფლება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოფ. დიცის საკრებულოს მიერ, რომელმაც შემდეგ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა ასევე ი. მ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ-ების სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 393-394-ე მუხლების საფუძველზე, რადგან მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი და გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო დასაბუთებული.
სააპელაციო პალატამ მ-ის სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო დიცის თემის საკრებულოს 2001წ. 14 ნოემბრის ¹280 ცნობის ბათილობის ნაწილში, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნულ ცნობას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კერძოდ, სადავო ცნობის მიხედვით ქ. მ-ს 1987 წელს სამოსახლო მიწის ნაკვეთი მიღებული აქვს 0,28 ჰა-ის ოდენობით. გორის რაიონული სახელმწიფო არქივის 2001წ. 27 ნოემბრის ¹03/411 და ... თემის საკრებულოს 2002წ. 17 მაისის ¹154 ცნობების თანახმად, ქ. მ-ს 1987 წლიდან მიეცა 0,25 ჰა ნაკვეთი, რომელიც აზომვის შედეგად აღმოჩნდა 0,28 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, სადავო ¹280 ცნობას რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. ამასთან, აღნიშნული ცნობა არ უნდა იქნეს მიჩნეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტად.
სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ასევე მოსარჩელეთა მოთხოვნა ი. მ-სა და ქ. მ-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის ფართის შეცვლის შესახებ და ნაცვლად 29,17 ჰა-სა, 0,25 ჰა-ის დაფიქსირების თაობაზე, რადგან აღნიშნული ნასყიდობა ი. მ-ს რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება საკადასტრო რუკით და მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ხოლო სკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ვინაიდან უსაფუძვლოა სარჩელი ნასყიდობის ხელშერულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ასევე უსაფუძვლოა სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ი. მ-ის მიმართ გაცემულ საკადასტრო რუკაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოთხოვნა ი. მ-ის მიერ სადავო 0,14 ჰა ფართის (გზის) გამოთავისუფლების შესახებ, რადგან 1990წ. 29 აპრილს გორის რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებულ პროექტზე, რომლითაც ქ. მ-ს უფლება მიეცა ერთსართულიანი სახლის მშენებლობაზე, სადავო გზა ნაჩვენები არ არის, რასაც ასევე ადასტურებს სოფ. ... საკრებულოს მიერ 2000წ. 8 ივნისს გაცემული ¹72 ცნობა. ი. მ-ისა და ქ. მ-ის ნაკვეთებს შორის სადავო გზის არსებობა არ დასტურდება არც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. 1 ივლისის ¹4-მ-31 ცნობითაც, რომელმაც განიხილა მეზობლებს შორის მრავალწლიანი დავა და ვინაიდან სადავო გზა არ იყო ნაჩვენები ... კარტოგრაფიულ მასალებში, ი. მ-ის ნაკვეთზე დამატებითი გზის დატოვება დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მ-ის სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. და ვ. მ-ების მიერ, რომლებიც შემდეგი საფუძვლით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებასა და მათი სარჩელის დაკმაყოფილებას:
1. კასატორები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ სსკ-ის 393-394 მუხლების საფუძველზე, კერძოდ, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი და მცდარი შეფასება მისცა ... თემის საკრებულოს მიერ გაცემულ ცნობას ¹280, რომელიც სწორედ რომ საფუძველი გახდა ქ. მ-ის სახელზე ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციისა და ნაცვლად 0,25 ჰა-სა, საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა 29,17 კვ. მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმისთვის არსებით იმ გარემოებას, რომ 1987 წელს ქ. მ-ს გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში დავის პერიოდში გაიზარდა და 2002წ. 20 ივნისის მდგომარეობით აღმოჩნდა 0,39 ჰა, რასაც ადასტურებს ... საკრებულოც, რომელმაც 2004წ. 27 აპრილს გაცემულ ¹44 ცნობაში მიუთითა, რომ ი. მ-ის ნაკვეთი 0,39 ჰა-ს შეადგენს ... თემის საკრებულოს სავალი გზის ხარჯზე;
2. უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ქ. მ-სა და ი. მ-ს შორის დადებულ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სასამართლომ ცვლილებებზე უარი განაცხადა სკ-ის 312-ე მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რაც არასწორია, რადგან სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საკრებულოს ¹280 ცნობის ბათილად ცნობა, რაც ნიშნავს სადავო აქტის გამოცემიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების, მათ შორის რეესტრში ქ. მ-ზე ჩაწერის ბათილად ცნობასაც. საყურადღებოა, რომ სადავო ნასყიდობის დადებისას სანოტარო ბიურომ ნაკვეთის ფართი კანონდარღვევით გაზარდა 0,28 ჰა-დან 29,17 კვ.მ-მდე, რაც სააპელაციო პალატამ ასევე უკრიტიკოდ გაიზიარა;
3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი სადავო გზის გამოთავისუფლების თაობაზე, რადგან სასამართლომ იხელმძღვანელა 1990 წელს ქ. მ-ის სახელზე დამტკიცებული სახლის მშენებლობის პროექტით, სადაც სადავო გზა მითითებული არ იყო, მაგრამ სასამართლომ არ შეაფასა და არ გაიზიარა კასატორების სახელზე 2003 წელს გაცემული მიწის საკუთრების მოწმობა ¹66/03/82621, სადაც სახლში მისასვლელ გზად ჩახაზულია სწორედ სადავო გზა. სასამართლომ სკ-ის 312-ე მუხლზე აპელირებით, საჯარო რეესტრის მონაცემზე მაღლა დააყენა 1990 წელს გაცემული სახლის პროექტი, რაც უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სასამართლომ შეფასება არ მისცა და არ გაიზიარა წარმოდგენილი მტკიცებულებები: აეროგადაღებები და სურათები, რომლებზეც ნათლად არის მითითებული სადავო გზა, ამიტომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე გორის რაიონის გამგეობის მიერ, რომელიც ასევე ითხოვს სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მ-ების სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე მხარემ, ი. მ-მა და მისმა წარმომადგენლმა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობი მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკსაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის რაიონის გამგეობის, ლ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მითითებას სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანაზე და თვლის, რომ სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მცდარი განმარტებით, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის საგანს _ გორის რაიონის ... თემის საკრებულოს 2001წ. 14 ნოემბრის ¹280 ცნობას. სადავო ცნობა მიუთითებს, რომ 1987 წელს ქ. მ-ს მიღებული აქვს სამოსახლო მიწის ნაკვეთი 0,28 ჰა და საკომლო წიგნში აღრიცხულია 178 ნომრით. ქ. მ-მა ... თემში მდებარე მასზე რიცხული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დაარეგისტრირა 2001წ. 28 ნოემბერს, სადაც უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ იურიდიულ დოკუმენტად სწორედ ... თემის საკრებულოს 2001წ. ¹280 ცნობაა მითითებული, ხოლო იმავე დღეს 2001წ. 28 ნოემბერს ქ. მ-მა კუთვნილი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ი. მ-ს და ნასყიდობის ხელშეკრულებაც ასევე ეფუძნება საკრებულოს ზემოაღნიშნულ ცნობას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის ან ადასტურებს პირთა უფლებებს. ადმინისტრაციული აქტია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ¹280 ცნობა გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს, ... თემის საკრებულოს გამგეობის მიერ, ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს, 0,28 ჰა მიწის ნაკვეთის 1987 წლიდან ქ. მ-ისათვის გამოყოფას და გარკვეული სამართლებრივი შედეგიც მოჰყვა, მის საფუძველზე ქ. მ-მა კუთვნილი ნაკვეთი დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და შემდეგ გაასხვისა ი. მ-ზე, საკასაციო პალატას მიაჩნა, რომ ... თემის საკრებულოს გამგეობის ¹280 ცნობა არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, მისი კანონიერების შესახებ სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს და სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას უნდა იმსჯელოს ¹280 ცნობის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, კანონიერებაზე.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება კასატორს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ცალმხრივად გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლ. და ვ. მ-ების სარჩელი სადავო გზის გამოთავისუფლების შესახებ, რადგან იხელმძღვანელა 1990წ. 29 აპრილს გორის რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტით, რომლითაც ქ. მ-ს უფლება მიეცა ერთსართულიანი სახლის მშენებლობაზე და სახლის პროექტზე სადავო გზა ნაჩვენები არ არის. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სოფ. ... საკრებულოს 2000წ. ¹72 და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. ¹4-მ-31 ცნობებით, რომელთა მიხედვითაც ი. მ-ისა და ქ. მ-ის ნაკვეთებს შორის სადავო გზის არსებობა არ დასტურდება, მაგრამ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი საწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებები და გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა, თუ რატომ უარყო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი გზის საკითხის გადასაწყვეტად არ წარმოადგენს არსებით მტკიცებულებას, რადგან იგი გაცემულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით და მასზე შეიძლება არც ყოფილიყო მითითებული სადავო გზა, ამასთან პროექტი 1990 წელსაა შეთანხმებული.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს გორის სახელმწიფო არქივიდან 2001წ. 27 ნოემბერს გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით 1987წ. სოფ. ... საბჭოს საკომლო წიგნში ქ. ბეღელურს (მ-ი) აწერია 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 1999წ. 13 ოქტომბრის გაცვლილობის აქტის მიხედვით, ი. მ-მა ქ. მ-ს “დ-ში” გაუცვალა 0,25 ჰა მიწა, იმავე რაოდენობის მიწის ნაკვეთში. ... თემის საკრებულოს გამგეობის 2001წ. სადავო ¹280 ცნობის მიხედვით, საკომლო წიგნში ქ. მ-ს 1987 წლიდან ერიცხება 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ კიდეც რომ გაიზიაროს მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. მ-ზე 1987 წლიდან მიწერილი 0,25 ჰა ნაკვეთი დაზუსტდა და აზომვის შედეგად 0,28 ჰა გამოვლინდა, მაინც გაურკვეველია ქ. მ-ის სახელზე 2001წ. 28 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის მონაცემი, რომლის მიხედვითაც ქ. მ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა არა 0,25 ჰა ან 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი, არამედ 1,17 ჰა-თი მეტი, 29,17 ჰა და შესაბამისად, ქ. მ-სა და ი. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. მ-ს საკუთრებაში გადაეცა 29,17 ჰა მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დავის არსებითი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ... საკრებულოს გამგეობის სადავო ¹280 ცნობის საფუძველზე ნაცვლად 0,28 ჰა მიწის ნაკვეთისა საჯარო რეესტრში, რის საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. მ-ის საკუთრებად 29,17 ჰა ნაკვეთი და ასევე გამოსარკვევია კომისიის მიერ 2002წ. ივნისს შედგენილი აქტი, რომლის მიხედვითაც ქ. მ-ისგან შეძენილი მიწის ნაკვეთი უკვე აღმოჩნდა 0,39 ჰა. ... თემის საკრებულოს გამგეობის ¹44 ცნობის მიხედვით, ი. მ-ის საკურებაში არსებული 0,39 ჰა მიწის ნაკვეთის ფართი გაზრდილია სწორედ სადავო გზის ხარჯზე.
სააპელაციო პალატამ, როგორც აღინიშნა, სოფ. ... საკრებულოს და გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ცნობების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ქ. მ-ის და ი. მ-ის ნაკვეთებს შორის გზა არ არსებობდა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ... თემის საკრებულოს გამგეობის მიერ დამოწმებული სოფ. ... გეგმა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შესრულებული აეროგადაღებების მიხედვითაც დასტურდება ქ. მ-ისა და ი. მ-ის ნაკვეთებს შორის სადავო გზის არსებობა. სადავო გზა ასევე ნაჩვენებია ლ. მ-ის სახელზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობასა და საკადასტრო რუკაზეც.
ვინაიდან საქმეში სადავო გზასთან დაკავშირებით წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებუ-ლებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ხელახლა საქმის არსებითი განხილვისას ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა შეისწავლოს და განიხილოს ყველა მტკიცებულება, თანახმად სსკ-ის 105-ე მუხლისა, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ახალი წერილობითი მტკიცებულებები და ისე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია საზოგადოებრივი სარგებლობის გზების, ქუჩების, მოედნების, სკვერების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რაც გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, გორის რაიონის გამგეობის, ლ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსკ-ის 105-ე და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა საქმეზე ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონის გამგეობის, ლ. და ვ. მ-ების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.