Facebook Twitter

საქმე №ას-429-408-2015 14 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ.ტ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ძ.ბ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ტ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ.ბ.ს მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე არსებული იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოსარჩელესა და შპს „ძ.ბ.“ შორის 2013 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმების 1.7. პუნქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის ვადის დარღვევის, ასევე შეთანხმებული ქირის გადაუხდელობის გამო მოპასუხისათვის 7 756.34 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გადაცემული მიწის დაზუსტებულ და თავდაპირველ მონაცემებს შორის არსებული სხვაობის ღირებულების _ 37 540.5 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით მისი ამოღება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამასთან, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხის უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ.ბათუმში, ......) იძულებითი იპოთეკის გამოყენება; ასევე, კონკრეტული უძრავი ქონების მოპასუხის მიერ განკარგვის შემთხვევაში, შესაძლო შემძენის დავალდებულება, ნასყიდობის ფასის ნაწილი, დავის საგნის ღირებულებისა და საპროცესო ხარჯების გათვალისწინებით, შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც სააპელაციო პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძლით, რომ საჯარო რეესტრში გ.ტ.ს სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო როგორც იპოთეკა (რომლის რეგისტრაციის გაუქმებაც საჯარო რეესტრს აკრძალული ჰქონდა), ასევე ყადაღა (რომელიც მესაკუთრე შპს „ძ.ბ.ს“ უკრძალავდა ნებისმიერი ფორმით ქონების განკარგვას). საქმეში არ იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებათა გაუქმების დამადასტურებელი განჩინება, რაც გამორიცხავდა საფრთხის არსებობას, რომ გ.ტ.ს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რაიმე ფორმით დაბრკოლდება. გარდა ამისა, გ.ტ.ს არც სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი ჰქონია გამოსწორებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ.ტ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძლებით:

სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმის მასალები უნდა ერთვოდეს ძირითად სასარჩელო წარმოებას, ის ფაქტი, რომ ეს მასალები მოცემულ საქმეს არ ერთვის, მომჩივნის პრობლემას არ წარმოადგენს. სწორედ იმ მასალებშია განჩინება, რომლითაც გაუქმებულია გასაჩივრებულ განჩინებაში მოხსენიებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;

ის ფაქტი, რომ გ.ტ.ს სააპელაციო საჩივარი ჯერ არ არის მიღებული განსახილველად, ვერ გახდება მისი სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფას ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრამდე. თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩება განუხილველად, ამავე კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გაუქმდება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გ.ტ.ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ.ტ.ს მოთხოვნა იძულებითი იპოთეკის გამოყენების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 45 296.84 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე გ.ტ.ს სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ძ.ბ.ს“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ ბათუმში, ...... (საკადასტრო კოდით №.......) და იპოთეკა აღირიცხა საჯარო რეესტრში, დანარჩენ ნაწილში საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელის სადავოდ გამხდარი უფლება-ინტერესის დროებითი, წინასწარი დაცვის საპროცესო მექანიზმია, რომელიც სასამართლომ მხოლოდ მაშინ შეიძლება აამოქმედოს, თუ: ა) აღძრული (აღსაძრავი) სარჩელი იურიდიულად გამართულია, ე.ი - სარჩელი დაფუძნებულია ისეთ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილება; ეს დასკვნა (ვარაუდი), რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო და საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეიძლება შეიცვალოს; ბ) მოსარჩელე უთითებს გარემოებებზე, რომელთა გამოც გაძნელდება, ან საერთოდ შეუძლებელი გახდება საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არ იქნება განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ღონისძიება.

გ.ტ.მა, თანხების გადახდევინება სარჩელით მოითხოვა იმის გამო, რომ მასა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 7 756.34 აშშ დოლარი (ყოველთვიური ქირისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის სახით) და 37 540.5 აშშ დოლარი (მოპასუხისათვის ფაქტობრივად ზედმეტად გადაცემული 29 მ2 მიწის ნაკვეთის ღირებულება, რითაც მოპასუხემ მიიღო სარგებელი).

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი იურიდიულად გამართულად მიიჩნია, ამასთან, მომჩივანი (განმცხადებელი) მიუთითებდა, რომ მოპასუხის ქონების იპოთეკით დატვირთვით მისი მოთხოვნა იქნებოდა უზრუნველყოფილი სანივთო უფლებით, ხოლო თუ მოპასუხე გაასხვისებდა ამ ქონებას, მაშინ შემძენის დავალდებულებით _ ნასყიდობის ფასის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება მოსარჩელის მოთხოვნისა და საპროცესო ხარჯების დასაფარად, განეთავსენინა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, დაცული იქნებოდა არა მხოლოდ მოსარჩელის (აპელანტის) ინტერესი, არამედ შემძენისაც, რომელიც საკუთრებაში მიიღებს უფლებრივად უნაკლო ნივთს. ნასყიდობის ფასის დეპოზიტზე განთავსებით მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა გაქარწყლდებოდა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა მოვალის (მოპასუხის) ქონების დატვირთვას იპოთეკით მოვალის ნების მიუხედავად. მართალია, მითითებული ნორმა ამ უფლებამოსილებას ანიჭებდა აღმასრულებელს, ისეთი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძვლიანობაც დადასტურებულია იმავე კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ უფლებამოსილებით ასევე აღჭურვილი იყო სასამართლოც. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხის ქონების დატვირთვა იპოთეკით გაცილებით მსუბუქი ხასიათის ღონისძიება იყო, ვიდრე 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თუნდაც „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყადაღის დადება.

რაც შეეხება საჩივრის მეორე მოთხოვნას, იგი პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ, ზოგადად, სასამართლო დავას იხილავს კონკრეტული პირების მონაწილეობით. სასამართლოს აქტით ვალდებულება ეკისრება კონკრეტულ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას. დაუშვებელია, სასამართლო გადაწყვეტილება მიმართული იყოს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, რის გამოც მომჩივნის მეორე მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, გ.ტ.ს საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის 2015 წლის 11 მარტისა და 14 აპრილის განჩინებების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა შესაძლო შემძენი მესამე პირის დავალდებულების თაობაზე, სარჩელით მოთხოვნილი, ასევე საპროცესო ხარჯების შესაბამისი თანხის სასამართლოს სადეპიზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს:

ა) მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვალის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, თანხის დაკისრება;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობით ფაქტობრივად მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულების ანაზღაურება;

გ) შეთანხმების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ემსახურება მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს.

გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა იმის შესახებ, რომ საკითხს, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. დასახელებული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს დამოუკიდებლად, არამედ, იგი ავსებს 191-ე მუხლის დათქმას და შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელეს, რომელიც მოითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, ერთი მხრივ, ევალება ამ ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობის დამტკიცება, ამასთანავე, მანვე სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს, რომ მოთხოვნილი ღონისძიების სახე დასახული მიზნის მიღწევის თანაზომიერი და ადეკვატური საშუალებაა. საკასაციო პალატის აღნიშნული განმარტება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის ანალიზსაც, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე, თუმცა, მსგავსად ზემოთმითითებული შეფასებისა, ამ ღონისძიებათა გამოყენებაც დამოკიდებულია შუამდგომლობის ავტორის მოტივირებულ მსჯელობაზე.

წარდგენილი განცხადებით, ასევე საჩივრით გ.ტ. უზრუნველყოფის ღონისძიებად მოითხოვს სავარაუდო შემძენის დავალდებულებას, თანხა განათვსოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

საკასაციო პალატა განმცხადებლის ამ მოთხოვნის უმართებულობის თაობაზე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მართლმსაჯულების აქტი არ შეიძლება მიმართლი იყოს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და დროებითი ღონისძიების _ სარჩელის უზრუნველყოფის სუბიექტად არ შეიძლება იქცეს სავარაუდო მესამე პირი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ტ.ს მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ზომა არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტის მიზანს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად განუცხადა მხარეს უარი სადავო მოთხოვნის ნაწილში განცხადებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ტ.ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტისა და 14 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური