Facebook Twitter

.

საქმე №ას-440-419-2015 21 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ბ. (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ნ. და ნ.ნ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობა, შეგებებულ სარჩელში _ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ., ნ. და ნ. ნ.მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ.ბ.ის მიმართ ქ.თბილისში, .. მდებარე, საჯარო რეესტრში თ.ბ.ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის ნაწილის _ ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული №3 და №4 ოთახების (საერთო ფართით 39,4 კვ.მ); ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული #1 და #2 სათავსების (საერთო ფართით - 15,60 კვ.მ); ლიტერ „ვ-ს“ პირველ სართულზე არსებული 30,69 კვ.მ და 29,70 კვ.მ ფართების; ლიტერ „ბ-ს“ 6,24 კვ. მეტრის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით მოპასუხისათვის სადგომის საბაზრო ღირებულების _ 23 970 აშშ დოლარის 10%-ის _ 2 397 დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ტ.ნ. და ნ.ნ.ს მიმართ სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 17 977,5 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ.ნ. და ნ.ნ.ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ.ბ.ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.ბ.ს, მოპასუხეების: ნ. ნ.ს, ტ. ნ.სა და ნ. ნ.ს სასარგებლოდ დაეკისრა 23 970 აშშ დოლარის 75%-ის _ 17 977,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ამ ვალდებულების დაკისრების სანაცვლოდ მოპასუხეებს შეუწყდათ ქ.თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სადგომის ნაწილზე სარგებლობის უფლება (ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული #3 და #4 ოთახები, საერთო ფართი 39,4 კვ.მ; ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული #1 და #2 სათავსები, საერთო ფართით - 15,60 კვ.მ; ლიტერ „ვ-ს“ პირველ სართულზე არსებული 30,69 კვ.მ და 29,70 კვ.მ ფართები; ლიტერ „ბ-ს“ 6,24 კვ.მ) და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ.ბ.ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ.ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩნებით თ.ბ.ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლზე, წინამდებარე საქმეზე თავდაპირველი და შეგებებული სარჩელების მოთხოვნებზე, საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა საჩივრის ავტორის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას. აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამეთუ მისი შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტ პასუხს წარმოადგენდა შეგებებულ სარჩელზე. ამასთან, თ.ბ.ს შეგებებული სარჩელით ტ.ნ. და ნ.ნ.თვის შეგებებული სარჩელის გაგზავნის ხარჯის _ 30 ლარის დაკისრება არ მოუთხოვია.

არ იქნა გაზიარებული აპელანტის მითითება, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის ფორმულირება არ შეესაბამება მსგავსი კატეგორიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისათვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლისა, რომლის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტითაა რეგლამენტირებული. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო _ სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი. კანონითვეა გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნას მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ბ.მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით წარმოადგენდა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხეებისათვის სარჩელის გაგზავნის გამო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ.ნ. და ნ.ნ.ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ.ბ.ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.ბ.ს, მოპასუხეების: ნ.ნ.ს, ტ.ნ.სა და ნ.ნ.ს სასარგებლოდ დაეკისრა 23 970 აშშ დოლარის 75%-ის _ 17 977,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ამ ვალდებულების დაკისრების სანაცვლოდ, მოპასუხეებს შეუწყდათ ქ.თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელი სადგომის ნაწილზე სარგებლობის უფლება (ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული #3 და #4 ოთახები, საერთო ფართი 39,4 კვ.მ; ლიტერ „ა-ს“ სარდაფის სართულში არსებული #1 და #2 სათავსები, საერთო ფართით - 15,60 კვ.მ; ლიტერ „ვ-ს“ პირველ სართულზე არსებული 30,69 კვ.მ და 29,70 კვ.მ ფართები; ლიტერ „ბ-ს“ 6,24 კვ.მ) და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ.ბ.ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ.მ და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება (იხ. თავდაპირველი სააპელაციო საჩივარი);

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა;

ხარვეზის გამოსწორების მიზნით თ.ბ.მ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება; შეგებებული სარჩელის იმგვარი ფორმულირებით დაკმაყოფილება, როგორც თავად აყენებდა მოთხოვნას; მოპასუხეებისათვის სარჩელის ჩაბარების გამო გაწეული ხარჯის _ 30 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 23 მარტის განჩინებით დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს მოპასუხეებისათვის სარჩელის ჩაბარების ხარჯის დაკისრება ქვემდგომ სასამართლოში არ მოუთხოვია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის სასარგებლოდ იყო გამოტანილი, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ სრულად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით (იხ. სუსგ-ებები: №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი; №ას-74-68-2015, 27 თებერვალი, 2015 წელი; №ას-797-750-2012, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-148-142-2012, 12 მარტი, 2012 წელი; №ას-4-4-2012, 10 თებერვალი, 2012 წელი).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად კანონიერად არ იმსჯელა საქალაქო სასამართლომ სარჩელის მოპასუხისათვის გაგზავნის ხარჯის ანაზღაურებაზე, რადგანაც მას ეს მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდა დაყენებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები და დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების სახით მოპასუხეებისათვის (თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელეებისათვის) 30 ლარის დაკისრებას.

ამ კუთხით, როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ.ბ.ს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებისათვის გაგზავნის ხარჯის _ 30 ლარის ანაზღაურება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების ამ დასკვნას და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 4 სექტემბრის განცხადებაზე (იხ. ტ.I, ს.ფ103), რომლის თანახმადაც, შეგებებული სარჩელის ავტორმა აცნობა სასამართლოს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებისათვის ჩაბარების შეუძლებლობის ფაქტი, დაურთო საფოსტო შეტყობინებები და განცხადებაშივე მიუთითა, მათთვის სასამართლოს დაეკისრებინა საფოსტო ხარჯი _ 30 ლარი.

მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, რადგანაც დაშვებულ საპროცესო დარღვევას არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია შედეგად. საკასაციო პალატა ამ თვალსაზრისით ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი)(იხ. სუსგ №ას-165-158-2013 27 იანვარი, 2014 წელი).

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონი განსაზღვრავს მხოლოდ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადას, მაგრამ არაფერს ამბობს თავად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის დასმის შემდეგ, დამატებითი გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს გამოტანილი.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის ვადასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ საიდან უნდა ავითვალოთ 7-დღიანი ვადა. მითითებული ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე Nას-225-217-2012). ამასთან, გადაწყვეტილების გამოცხადებაში იგულისხმება როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მხარეთა თხოვნით.

კანონის იმპერატიული დათქმა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ №ას-795-754-2013 29 ნოემბერი, 2013 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ მან გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართა შუამდგომლობით პროცესის ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა არც ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ბ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური