Facebook Twitter

საქმე №ას-444-423-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ოს ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა შემდეგი: 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებულ იქნეს მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე; აღიარებულ იქნეს ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 1 ლარის; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით საკომისიოს სახით გადახდილი 1 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯის _ 12 ლარის; წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 5,40 ლარის, ასევე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა, ასევე, ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა, 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მთხოვნა მიუღებელი შემოსავლის _ 1 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროცესის ხარჯების ნაწილში წარდგენილი მოთოხვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურების ხარჯის _ 5,40 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო დამოწმების ხარჯის _ 12 ლარი; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საკომისო მომსახურების გამო გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო კრედიტის ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 3 წელს და არა ერთ თვეს, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა სამ წელს, იმ დასაბუთებით, რომ გ. ქ-ის სახელზე გაცემული საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა იწურებოდა 2012 წელს, წარმოადგენდა ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის გაცხადებაც მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობდა ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი.

5.1.2. 2009 წლის 29 აგვისტოს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს დაუმტკიცდა საკრედიტო ლიმიტი 510 ლარის ოდენობით. 2009 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით მოსარჩელემ აითვისა კრედიტის თანხა 504.82 ლარი. შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკა მდგომარეობდა ვალდებულების ერთიანად შესრულებაში, რომელიც ძირ თანხასთან ერთად მოიცავდა შესაძლო პროცენტსაც. კრედიტის სახით დამტკიცებული თანხის ნაწილობრივი ან სრული ათვისების შემთხვევაში ხელშეკრულებით განისაზღვრა საშეღავათო პერიოდი 30 დღის ვადით და ასევე, განისაზღვრა, რომ ამ პერიოდში მას არ დაერიცხებოდა პროცენტი. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას, 2014 წლის 28 თებერვლის მონაცემებით, ერიცხებოდა დავალიანება 1 761.55 ლარის ოდენობით. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მხრიდან მართებულად იქნა გაზიარებული მოსარჩელის განმარტება საკრედიტო ურთიერთობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია და არც სარწმუნო გარემოებებზე მიუთითებია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ არც სარჩელის აღძვრამდე და არც შემდგომ, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება არ შესრულებულა, რომელიც, დაახლოებით, 4 წელს შეადგენს. აღნიშნული სადავოდ არც მოპასუხეს გაუხდია და ამასთან ვერც იმ გარემოებაზე მიუთითა, თუ როდიდან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადია, რა შემთხვევაშიც შეიძლებოდა მისი მოთხოვნა არ ყოფილიყო მიჩნეული ხანდაზმულად. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ „კლიენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა ხორციელდება კლიენტის დავალებით, როგორც სრული, ასევე, ნაწილობრივ ვალდებულებათა დასაფარად“, პალატის მოსაზრებით, იგი ვერ გამოდგებოდა იმის დასასაბუთებლად, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების დრო არ იყო განსაზღვრული, რადგან როგორც მოსარჩელის ანგარიშის ამონაწერიდან ირკვეოდა, 2013 წლის 30 სექტემბერს საკრედიტო დავალიანება ფიქსირდება როგორც ვადაგადაცილებული დავალიანება.

5.1.3. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე და განმარტა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა შეადგენდა თანხის გაცემიდან 30 დღეს. მსესხებელმა თანხა აითვისა 2009 წლის 31 ოქტომბერს, შესაბამისად, 2009 წლის 30 ნოემბერს უნდა დაფარულიყო ეს თანხა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს სწორედ აღნიშნული პერიოდიდან.

5.1.4. სარჩელი ვალდებულების არარსებობის აღიარების შესახებ სასამართლოში 2014 წლის 11 სექტემბერს აღძრა. 2009 წლის 30 ნოემბრიდან 2014 წლის 11 სექტემბრამდე გასული იყო სამ წელზე მეტი, შესაბამისად, კრედიტის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხის მოთხოვნაზე გასული იყო სახელშეკრულებო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლიდან გამომდინარე, გასული იყო ასევე დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.

5.1.5. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (უფლებამონაცვლე სს „ს-ოს ბ-ი“ იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განჩინება), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 365-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ვადა კრედიტის მიღებიდან 1 თვეს შეადგენდა, ასევე, დაადგინა, რომ სესხის დაბრუნების მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რაც მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებდა. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგანაც პალატამ არ შეაფასა მოპასუხის მიერ მოყვანილი ფაქტები და გარემოებები, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საკრედიტო ლიმიტის ათვისების თარიღი ხელშეკრულებით კონკრეტულად არ ყოფილა განსაზღვრული, ხოლო 30-დღიანი ლიმიტი წარმოადგენდა საშეღავათო პერიოდს, რაც სასამართლომ არასწორად მიიჩნია ვალდებულების შესრულების 1-თვიან ვადად, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ სესხის დაფარვის ვადა 3 წელი იყო, სწორედ ამ ვადით იყო გათვალისწინებული საკრედიტო ბარათის მოქმედებაც.

6.1.2. მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დაეთანხმა საბანკო პროდუქტით სარგებლობის პირობებს. ხელშეკრულების 9.11 პუნქტით კი, მისი მოქმედება ვალდებულების სრულად შესრულებამდეა განსაზღვრული. სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა მიიჩნია ახალ გარემოებად.

7. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

საკასაციო სასამართლოს შესაგებლით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ, რითაც საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმა და მოითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ამასთანავე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 2 400 ლარის, საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის (საკასაციო შესაგებლის, განცხადებებისა და წერილობითი შუამდგომლობების მომზადებისათვის ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ღირებულება) 5,55 ლარის, ასლების გადაღების _ 0,05 ლარის, მათი ლითონის ამკინძავით აკინძვის ხარჯის _ 0,05 ლარის, მასალების ფოსტით გადმოგზავნის _ 5,55 ლარის საფოსტო კონვერტის ღირებულების _ 0,05 ლარის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ხარჯის _ 55,55 ლარის, აუცილებელი კვების _ 55,55 ლარისა და სასამართლოში მოცდენილი დროისათვის 55 555 555,55 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს-ოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ 2009 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით მოსარჩელემ აითვისა კრედიტის თანხა - 504.82 ლარი. შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკა მდგომარეობდა ვალდებულების ერთიანად შესრულებაში, რომელიც ძირ თანხასთან ერთად მოიცავდა შესაძლო პროცენტსაც. კრედიტის სახით დამტკიცებული თანხის ნაწილობრივი ან სრული ათვისების შემთხვევაში ხელშეკრულებით განისაზღვრა საშეღავათო პერიოდი 30 დღის ვადით და ასევე განისაზღვრა, რომ ამ პერიოდში მას არ დაერიცხებოდა პროცენტი. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას, 2014 წლის 28 თებერვლის მონაცემებით, ერიცხებოდა დავალიანება 1 761.55 ლარი. სადავო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ხოლო მოვალეს შეეძლო უარი განეცხადებინა შესრულებაზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არასწორად განსაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადა. პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად ადგენს შესაგებელს და 201-ე მუხლით განსაზღვრავს მის შინაარსობრივ მხარეს, თავის მხრივ, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სსსკ-ის 219-ე მუხლი), გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლბელობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები. ამ მოთხოვნათა დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე, რასაც ეთანხმება საკასაციო სასამართლო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით ირკვევა ისიც, რომ სარჩელის უარყოფისას ამ კუთხით პრეტენზია მოპასუხეს არ განუცხადებია.

1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე და 145-ე მუხლები და სწორად დატოვა ძალაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, საკასაციო საჩივარს დაურთო საბანკო ამონაწერი, ცნობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე და ხელშეკრულების ასლები.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის წინაპირობები, რის გამოც, ისინი კასატორს უნდა დაუბრუნდეს 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 2 400 ლარის, საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის (საკასაციო შესაგებლის, განცხადებებისა და წერილობითი შუამდგომლობების მომზადებისათვის ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ღირებულება) 5,55 ლარის, ასლების გადაღების _ 0,05 ლარის, მათი ლითონის ამკინძავით აკინძვის ხარჯის _ 0,05 ლარის, მასალების ფოსტით გადმოგზავნის _ 5,55 ლარის, საფოსტო კონვერტის ღირებულების _ 0,05 ლარის, სასამართლო სხდომებზე გამოცხადების ხარჯის _ 55,55 ლარის, აუცილებელი კვების _ 55,55 ლარისა და სასამართლოში მოცდენილი დროისათვის 55 555 555,55 ლარის კასატორისათვის დაკისრება.

3.2. პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.

3.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე, მათ შორის, საქმეში არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ი.პ–ს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მინაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე ს-ოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს. წინამდებარე დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული პროცენტული ცენზის თანახმად, ეს თანხა 71,45 ლარს შეადგენს.

3.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, წინამდებარე დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ დავათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა განხილვის მიმართ გარკვეული შეღავათია დადგენილი, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მხულის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოი ბაჟის ოდენობა მგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეებზე ნახევრდება. საქმის მასალების თანახმად, კასატორმა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 300 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 22 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან _ 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს-ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ოს ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ოს ბ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბ-ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 22 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან ასევე დაუბრუნდეს 70% _ 105 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად.

4. გ. ქ-ის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ოს ბ-ს“ (ს/#...) გ. ქ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 71,45 (სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი), დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური

საქმე №ას-444-423-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა შემდეგი: 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებული იქნას მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე; აღიარებული იქნას ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 1 ლარის; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით საკომისიოს სახით გადახდილი 1 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯის _ 12 ლარის; წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 5,40 ლარის, ასევე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა ასევე ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა, 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მთხოვნა მიუღებელი შემოსავლის _ 1 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროცესის ხარჯების ნაწილში წარდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურების ხარჯის _ 5,40 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო დამოწმების ხარჯის _ 12 ლარის; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საკომისიო მომსახურების გამო გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

4. აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში (69,40 ლარი) ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, კერძოდ, მოპასუხისათვის მის საბანკო ანგარიშზე ფულადი ერთეულის 69,40 ლარის ოდენობით შემცირების აკრძალვა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ქ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ იყო.

6.2. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ქ-ის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე 2015 წლის 16 მარტს სასამართლოში საჩივარი წარმოადგინა გ. ქ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

6.3. საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვნად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამასთან, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა ყოველთვის ქმნის ვალდებულების მომავალშიც შეუსრულებლობის პრეზუმციას, სწორედ უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ამგვარი ხელყოფისგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ უმეტესწილად, სასამართლოსათვის მიმართვის/ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენება - სარჩელის წარდგენა თავისთავად არ იწვევს მოსარჩელის უფლების დაცვას და აუცილებელი ხდება დამატებითი ღონისძიებების განხორციელება პირის სამართლებრივი მდგომარეობის დასაცავად, ვინაიდან ასეთმა მიმართვამ შესაძლოა განხილვა ჰპოვოს 3 სასამართლო ინსტანციაში და საქმეზე ხელშესახები შედეგები დადგეს ბევრად მნიშვნელოვანი დროის გასვლის, ხშირად წლების შემდგომ, ხოლო დამდგარ სასამართლო შედეგს შესაძლოა დახვდეს დავის პერიოდში შეცვლილი სამართლებრივი მდგომარეობა და გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდეს. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში დასახელებული გარემოებები არაა სტაბილური კომერციული იურიდიული პირებისთვის, მათ შორის, კომერციული ბანკისთვის და ისინი მუდმივად იცვლებიან. სწორედ მოცემული პერიოდისთვის მილევად რეჟიმში მოპასუხის მუშაობის შედეგად მიწურვის პირასაა მისი ყოველგვარი ქონება და სასამართლოსეული გარანტიებიც კი ვერ უზრუნველყოფს მიკუთვნებულ თანხებზე აღსრულებას. საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატაში წარდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა არა გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, არამედ სარჩელის უზრუნველყოფა, სასამართლომ კი, მსჯელობა ააგო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხზე.

6.4. სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ქ-ის წარმომადგენლის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას წარმოადგენდა.

6.5. გადაწყვეტილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო ერთი და იგივე ნორმებით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ორივე შემთხვევაში იმავე კრიტერიუმით ფასდება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა.

6.6. პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების მიზანია სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიება იქნას გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებაზე. კანონით დაცულ თავისუფლებათა ხელყოფისაგან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იცავს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის ბერკეტი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო აღნიშნული ბერკეტების უმოქმედობასა და უუნარობაში დარწმუნდება, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ყველა სარჩელი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წინასწარ, რითაც აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულების კანონისმიერი მექანიზმების არსებობას.

6.8. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებდა, რომ სს „პ-ს“ დაწყებული აქვს მის საკუთრებაში არსებული ფულადი ერთეულების ფორსირებულად შემცირების პროცესი და თუ არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გართულდება ან შეუძლებელი გახდება გ. ქ-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

6.9. სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის – მოსარჩელისათვის საკუთარი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

6.10. განცხადებასა და საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოწინააღმდეგე მხარის ქონების მიწურვის პირას ყოფნასთან დაკავშირებით, პალატის დასკვნით, საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა. მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) სს „პ-ი“ არის კომერციული ბანკი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია და მის საქმიანობას განეკუთვნება: პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციებისა და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); უპროცენტო საბანკო მომსახურება; საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით; საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა; ქონების იჯარით გაცემა, საგადასახადო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება. პალატის დასკვნით, მოპასუხის ფულადი რესურსების შემცირების შემთხვევაშიც კი, გ. ქ-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 69.40 ლარის გათვალისწინებით გაძნელების საფრთხე არ ემუქრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გ.ქ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას წარმოადგენს, რამდენადაც სამართალწარმოების პირველი საფეხურის დასრულების შემდგომ, როდესაც გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გარკვეული თანხის ანაზღაურება, ამასთანავე, განმცხადებელი სწორედ ამ თანხის რეალურად მიღების მიზნით მოითხოვს ქმედითი ღონისძიების გატარებას, სამართლებრივი დაცვის ობიექტი მიღებული გადაწყვეტილება და არა სარჩელია.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ამ ღონისძიების მართებულობის ფარგლებში დადგენილ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში, ამასთანავე, მოპასუხეს პროცესის ხარჯის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის _ 69,40 ლარის გადახდა.

1.5. განმცხადებელმა მოითხოვა ამ თანხის საკუთარი ანგარიშიდან გატანის აკრძალვის მოპასუხისათვის დავალდებულება.

1.6. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

1.7. დასახელებულ ნორმაში, მართალია, საუბარია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

1.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება.

1.9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს კომერციული ბანკის ფინანსური რესურსების კანონით რეგლამენტირებული ოდენობის თაობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გონივრულ ფარგლებში შეაფასა ბანკის გადამხდელუნარიანობა, მისი მატერიალური სახსრები, პოტენციალი, გაისტუმროს კრედიტორული ვალდებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ თუნდაც განმცხადებლის არგუმენტების გაზიარების შემთხვევაში, მისი უფლება, მიიღოს ბანკისაგან 69,40 ლარი რაიმე საფრთხის ქვეშ არ დამდგარა, მოგებული თანხის ოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მცდელობა, გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის ღონისძიება, არ ემსახურება ამ ღონისძიებათა გამოყენების რეალურ მიზანს და არ გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან.

1.10. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ქ-ის საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტისა და 24 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. ქ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა შემდეგი: 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებულ იქნეს მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე; აღიარებული იქნეს ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 1 ლარის; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით საკომისიოს სახით გადახდილი 1 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯის _ 12 ლარის; წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 5,40 ლარის, ასევე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მოსარჩელის ძირითადი ფულადი ვალდებულების _ 504,82 ლარის არარსებობა მოპასუხის წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობაც, 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მთხოვნა მიუღებელი შემოსავლის _ 1 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროცესის ხარჯების ნაწილში წარდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის _ 1 ლარის; საფოსტო მომსახურების ხარჯის _ 5,40 ლარის; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო დამოწმების ხარჯის _ 12 ლარის; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საკომისო მომსახურების გამო გაწეული ხარჯის _ 1 ლარის; სარჩელზე წინაწარ გადახდილი ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.2. სააპელაციო პასუხით (შესაგებლით) აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა მოთხოვნას, ამასთანავე, იშუამდგომლა პროცესის ხარჯების აპელანტისათვის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო შესაგებლისა და წერილობითი შუამდგომლობების მომზადებისას გახარჯული ფურცლების ღირებულების _ 5,55 ლარის, სხვა წერილობითი მასალებისა და მათი ასლების ხარჯების _ 0,05 ლარის, ლითონის ამკინძავის ღირებულების 0,05 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის _ 5,55 ლარის, სხდომაზე გამოცხადების ტრანსპორტირების ხარჯის _ 55,55 ლარის, აუცილებელი კვების ხარჯის _ 55,55 ლარისა და სასამართლოში მოცდენის დროის _ 55 555 555,55 ლარის, ასევე, საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 2 400 ლარის ანაზღაურება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინებით გ.ქ-ის განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა

6. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 261-ე მუხლებისა და 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, განმარტა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო შესაგებლით მოთხოვნილი ხარჯები სასამართლოსგარეშე ხარჯებს მიეკუთვნებოდა, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღებოდა, თუ ძირითადი გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების საკითხი არ გადაწყვეტილა, ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული საფუძვლით დამატებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის არც ერთი ქვეპუნქტი არ ითვალისწინებდა, გარდა აღნიშნულისა, პალატამ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

7. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

7.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

7.1.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, ვინაიდან იგი დამატებითი გადაწყვეტილების ობიექტად მხოლოდ სასამართლოს ხარჯებს არ ითვალისწინებს, ამ კუთხით პალატის განმარტებანი ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, გარდა აღნიშნულისა, ლოგიკურია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სულ მცირე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწია ხარჯები, რაც უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.1.2. დაუსაბუთებელია პალატის მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ საქმეში არ არის ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო ვალდებული იყო, ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, თავად განესაზღვრა ხარჯების ოდენობა.

7.1.3. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობით, კერძოდ, განჩინებას ხელს აწერენ მოსამართლეები, რომლებიც მოცემული საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

1.2. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ძირითადად ორი საფუძვლით მოითხოვს: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საპროცესო ნორმა.

1.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვისა და განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის არსებითად განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის ცვლილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს არ ქმნის, რამდენადაც შეცვლილი შემადგენლობით სასამართლომ არსებითად განიხილა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და არ დააკმაყოფილა იგი, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე არ მიუთითებია.

1.4. რაც შეეხება კერძო საჩივრის მეორე არგუმენტს, პალატა იზიარებს მას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

1.5. რაც შეეხება უშუალოდ გაწეული ხარჯების ოდენობას, როგორც სააპელაციო პალატამ დაადგინა და ეს გარემოება არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ, მას ამ ხარჯების რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, იმპერატიულად ადგენს შუამდგომლობის ავტორის ვალდებულებას, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე საკუთარი ინტერესების დაცვას ანდობს ი.პ-ს. ეს გარემოება იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შედგა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული შეთანხმება.

1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების უსწორობის თაობაზე და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

1.7. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ემყარება რა პროცესუალური ეკონომიის პრინციპს, საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება არაა მიზანშეწონილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავადაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. წინამდებარე დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული პროცენტული ცენზის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ს“ გ. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 71,45 ლარი, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინება და გ. ქ-ის შუამდგომლობა აპელანტისათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

3. სს „პ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ს“ (ს/#...) გ. ქ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 71,45 (სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი), დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.