Facebook Twitter

8 მაისი, 2015 წელი

საქმე №ას-452-431-2015 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ა.ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – მ.ა.ის სარჩელის გამო, შპს „თ.ს.კ.“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ა.ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, მ.ა.მა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 17 მარტს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 18 მარტს და დასრულდა 2015 წლის 7 აპრილს.

საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2015 წლის 14 აპრილს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 14 აპრილია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, საკასაციო საჩივართან ერთად საქმეში წარმოდგეენილია მ.ა.ის წარმომადგენელ ნ.ჩ.ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის გაგრძელებაზე იმ საფუძვლით რომ, მის მარწმუნებელს მომხდარი ტრაგედიის გამო განუვითარდა გულმავიწყობა და დაავიწყდა დასაბუთებეული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გადაცემა რამაც განაპირობა მათი მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა კვლავ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ სასმართლოს მიერ დადგენილი ვადის და არა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის შემთხვევაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა.ის წარმომადგენელ ნ.ჩ.ს განცხადება საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. მ.ა.ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე