საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2015 წელი
№ას-478-452-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.კ.-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ლ.ა.-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით ლ.ა.-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ლ.ა.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ.ა.-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ.ა.-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა.-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე