22 მაისი, 2015 წელი
ას-497-471-2014 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ.ბ.“
მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ.-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „მ.ბ.“-მმოპასუხე რ.დ.-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებით გავალისწინებული თანხის დაკისრება 294.25 აშშ დოლარის ოდენობით;
2. რ.დ.-ძისათვის მის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1110.7 აშშ დოლარის დაკისრება;
3. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სამუშაოს თვითნებურად მიტოვების გამო ჯარიმის დაკისრება 1000 აშშ დოლარის ოდენობით;
4. რ.დ.-ძისათვის მის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის, 269 აშშ დოლარის 5%-ის – 8 აშშ დოლარის დაკისრება, 2012 წლის 10 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „მ. ბ.“-ის სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. რ.დ.-ძეს შპს „მ.ბ.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასესხო დავალიანების გადახდა 294.25 აშშ დოლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა შპს „მ. ბ.“-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 607 აშშ დოლარის ოდენობით;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ბ.“-მა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით:
1. შპს „მ. ბ.“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ.დ.-ძე 2011 წლის 18 მარტის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს „მ.ბ.“-ში ძვირფასი ლითონებისა და თვლების ექსპერტ-შემფასებლად, 2012 წლის სექტემბრამდე.
რ.დ.-ძეს გატანილი ქონდა სესხი შპს „მ.ბ.“-იდან 500 აშშ დოლარის ოდენობით. მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და სესხი სრულად არ დაფარა, რის გამოც რ.დ.-ძის დავალიანება შპს „მ. ბ.“-ის მიმართ შეადგენდა სესხის ძირ თანხას – 269 აშშ დოლარსა და დარიცხულ პროცენტს – 26.09 აშშ დოლარს.
მოპასუხე რ.დ.-ძემ შპს „მ. ბ.“-ში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის პერიოდში მიიღო გაფუჭებული და დაზიანებული ტექნიკა, რითაც შპს „მ. ბ.“-ს ზიანი მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხე რ.დ.-ძემ, რომელმაც 2012 წლის 1 სექტემბერს შეადგინა ხელწერილი. ამ ხელწერილით მოპასუხემ ვალდებულება აიღო, რომ იგი თანახმა იყო აენაზღაურებინა შპს „მ. ბ.“-ზე მის მიერ შპს „მ. ბ.“-ის №.. ლომბარდში არასწორად შეფასებულ გირაოზე, მობილურ ტელეფონზე და ტექნიკაზე ზედმეტად გაცემულ სესხებზე დარჩენილი ძირითადი თანხა 425 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საპროცენტი დავალიანება 153 აშშ დოლარი, ასევე, მობილური ტელეფონის წაგებით რეალიზაციის შედეგად ორგანიზაციაზე მიყენებული ზარალი 29 აშშ დოლარი.
დასახელებული ხელწერილით რ.დ.-ძემ ვალდებულება აიღო, რომ ზემოაღნიშნულ თანხას, რომელიც 607 აშშ დოლარს შეადგენდა, იგი გადაუხდიდა შპს „მ. ბ.“-ს სამი თვის ვადაში.
რ.დ.-ძეს ხსენებული ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, რ.დ.-ძეზე ზიანის სახით 503.7 აშშ დოლარის და სამსახურის თვითნებურად მიტოვებისათვის ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის რუსუდან დიოლიძის მიერ 503.7 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნული ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეულ ქმედებას. აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულებები, თუ საიდან დაიანგარიშა მოსარჩელემ აღნიშნული ზიანის ოდენობა 503.7 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეზე დადგინდა, რომ რ.დ.-ძეს სამუშაო თვითნებურად არ მიუტოვებია და მან ამის თაობაზე მოსარჩელეს აცნობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა დელიქტური ვალდებულებებიდან წარმოშობილი ზიანის დადგომის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სწორად მიიჩნია, რომ წამოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო, განზრახი და ბრალეული მოქმედება, რომლის გამოც მოსარჩელეს მიადგა 503.7 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი. ამასთან, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებდა ვერც იმ ფაქტს, რომ მან რეალურად მიიღო სწორედ 503.7 აშშ დოლარის ოდენობით ზარალი, რადგანაც მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ საიდან დაიანგარიშა მოსარჩელემ აღნიშნული ზიანის ოდენობა. ამდენად სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხეზე 503.7 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა რ.დ.-ძის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო, განზრახი და ბრალეული მოქმედება და ამ მოქმედებიდან გამომდინარე მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებაც, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 1000 ლარის დაკისების ნაწილშიც.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რ.დ.-ძეს სამუშაო არ მიუტოვებია თვითნებურად და მან ამის თაობაზე აცნობა მოპასუხეს. შრომის კანონი კი შრომის ხელშეკრულების დასაქმებულის მიერ შეწყვეტის შემთხვევაში არანაირ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა აღნიშნული მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ბ.“-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ.დ.-ძეს არ მიუყენებია შპს „მ. ბ.“-ისთვის 503.7 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, ვინაიდან 2012 წლის 8 დეკემბერს განხორციელდა რ.დ.-ძის მიერ მიღებული გირავნობის საგნების გადამოწმება რეალიზაციის მიზნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მან მიიღო დაზიანებული „ნოუთბუქები“, ისინი შეკეთებასა და რეალიზაციას არ ექვემდებარება. აღნიშნულის გათვალისწინებით რ.დ.-ძემ შპს „მ. ბ.“-ის დამატებით მიაყენა 503.7 აშშ დოლარის ზიანი;
სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს რ.დ.-ძეს სამსახური თვითნებურად არ მიუტოვებია და მან გააფრთხილა დამსაქმებელი სამუშაოდან წასვლის შესახებ, რის გამოც კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის – 1000 ლარის გადახდა არ უნდა დაეკისროს. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რ.დ.-ძემ ერთი თვით ადრე (ან საერთოდ) გააფრთხილა შპს მ.ბ.- სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ბ.“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ. ბ.“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „მ. ბ.“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ. ბ.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – „მ. ბ.“-ის დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „მ. ბ.“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № .., გადახდის თარიღი 2014 წლის 27 მაისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე