22 მაისი, 2015 წელი
№ას-51-46-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოპასუხე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 16590 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით:
1. აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით:
1. აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემსყიდველი) და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (მიმწოდებელი) შორის 2013 წლის 25 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 საპილოტე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების ჩამოყალიბების მომსახურება.
ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიწოდება უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2013 წლის 5 დეკემბრისა, 4.2 პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია შემსყიდველისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით დამტკიცებული გასაწევი მომსახურების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
ამავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, მაშინ მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 9.5 პუნქტის თანახმად, დარიცხული პირგასამტეხლოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა გაორმაგდებოდა.
ხელშეკრულებას ერთვოდა და მისი შემადგენელი ნაწილი იყო გეგმა-გრაფიკი, რომლის 1.4 პუნქტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების დებულებების შემუშავება და მათი ჩამოყალიბება შესაბამისი სამართლებრივი ფორმით უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 1 ოქტომბრამდე.
მხარეები არ დავობდნენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების ჩამოყალიბება შესაბამისი სამართლებრივი ფორმით (კერძოდ, მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში) დასრულდა 2013 წლის 21 ოქტომბერს.
ასევე უდავო იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება (სამუშაო) მიმწოდებელმა შეასრულა 2013 წლის 5 დეკემბრამდე, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება დაადგინა გონივრული განსჯის შედეგად. სააპელაციო სასამართლო მითითებით, ცალსახა იყო, რომ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა დანართი №3 – გასაწევი მომსახურების გეგმა-გრაფიკი, რომლის 1.4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების ჩამოყალიბება შესაბამისი სამართლებრივი ფორმით უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 1 ოქტომბრამდე. ამდენად, ამ გეგმა-გრაფიკით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებულ კონკრეტულ მომსახურებას მიმწოდებელი სწორედ აღნიშნულ თარიღამდე შეასრულებდა, რაც არ მომხდარა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო გაჩნდა საფუძველი მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 16590 ლარი – შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო. პირგასამტეხლოს მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმწოდებელმა მთელი სამუშაო შეთანხმებულ ვადაში შეასრულა და კონკრეტული მომსახურების მიწოდების 21 დღით გადაცილებას შემსყიდველისათვის რაიმე ზიანი არ გამოუწვევია, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო სიმბოლური ხასიათის უნდა ყოფილიყო, რის გამოც საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა – 500 ლარი – გონივრული და ადეკვატური იყო.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებულად მიიჩნია აპელანტის პრეტენზა იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლომ, მოპასუხის მოთხოვნის და აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრების გამოთქმის გარეშე, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან მოპასუხე მოითხოვდა – მას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებოდა. საქმის განხილვისას მხარეებმა დააფიქსირეს ახსნა-განმარტებები პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებზე. ამდენად, სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა და საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ განსაზღვრული დავის საგნის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. დასახელებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილება არ შეიცავს ნორმის გამოყენების დასაბუთებას. კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე იმგვარად მოხდა, რომ მხარის შესაბამისი მოთხოვნა არ არსებობდა. ამის შედეგად დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წაროდგენილი მტკიცებულებები: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №02-33/35 ხელშეკრულება; ფასების ცხრილი; გასაწევი მომსახურების აღწერილობა; სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი; განცხადება; ხელშეკრულება; სოფელ ხუცუბნის სასოფლო-სამეურნეო (კორპორაციული) გაერთიანების წესდება; სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი; მოხსენებითი ბარათი; ამონაწერი რეესტრიდან; ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ; განცხადების მიღების ბარათი; წერილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი; წერილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი; სუსგ გადაწყვეტილებისა და განჩინების ელექტრონული ასლები (ტომი 2, ს.ფ. 80-127).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №02-33/35 ხელშეკრულება; ფასების ცხრილი; გასაწევი მომსახურების აღწერილობა; სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი; განცხადება; ხელშეკრულება; სოფელ ხუცუბნის სასოფლო-სამეურნეო (კორპორაციული) გაერთიანების წესდება; სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი; მოხსენებითი ბარათი; ამონაწერი რეესტრიდან; ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ; განცხადების მიღების ბარათი; წერილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი; წერილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი; სუსგ გადაწყვეტილებისა და განჩინების ელექტრონული ასლები (ტომი 2, ს.ფ. 80-127).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე