№ას-516-489-2014 14 მაისი , 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ფ.ს.ნ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი – საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „კ.ფ.ს.ნ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა და გენერალურ დირექტორად სტინ დევიდის დარეგისტრირება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 17 აპრილს პ.ფ-ემ, როგორც „სს კ.ფ.ს.ნ-ის“ წარმომადგენელმა, მიმართა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს კორპორაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2013 წლის 17 აპრილის ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ 2011 წლის 13 მაისის წესდების მე-6 მუხლის თანახმად, დირექტორთა საბჭო წარმოადგენს სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ მმართველობის ორგანოს და წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება დირექტორთა საბჭოს არცერთი წევრის ნება, იყვნენ დირექტორები. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა, სათანადო წესით დამოწმებული და კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის წარდგენა. 2013 წლის 18 აპრილს პ.ფ-ემ სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებით წარადგინა ს. დ-ის განცხადება სუბიექტის დირექტორად დანიშვნის თანხმობით და პ.ფ-ის პირადი განცხადება, რომელშიც მიეთითა, რომ ითხოვს მხოლოდ გენერალური დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას. მან 2013 წლის 24 აპრილს დამატებით კიდევ წარადგინა პირადი განცხადება სარეგისტრაციო წარმოებაზე ახსნა-განმარტების სახით. 2013 წლის 21 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №....... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, შეწყდა სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ მიერ ინიცირებული სარეგისტრაციო წარმოება, რითაც მოთხოვნილი იყო მის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს, განახლდეს სარეგისტრაციო წარმოება და განხორციელდეს ნავსადგურის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, მოხდეს ს. დ-ის რეგისტრაცია სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ დირექტორად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს ”კ.ფ.ს.ნ-ის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცლილების შეტანა და სს „კ.ფ.ს.ნ-ის” გენერალურ დირექტორად ს. დ-ის დარეგისტრირება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ სს „კ.ფ.ს.ნ-ი” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 27.12.2004 წელს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილ პირად ამონაწერში მითითებულია ჯ.ფ.ქ-ი;
16.04.2013 წელს სს „კ.ფ.ს.ნ-ის” აქციონერთა მეორე (გადადებული) საერთო კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცლილებების შეტანის, პირადი განცხადების საფუძველზე ჯ.ფ.ქ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აქციონერთა 80% გადაწყვეტილებით გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ს. დ-ის დანიშვნის თაობაზე;
სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 5.7 მუხლის შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ყველა აქციონერი. თუ საერთო კრების დადგენილ დროს კვორუმის მიღწევა არ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ხელახლა ჩატარდება პირველი დაგეგმილი კრების შემდეგ არა უადრეს 20 სამუშაო დღისა და განმეორებით მოწვეულ კრებაზე კვორუმი ჩაითვალება მიღწეულად იმ შემთხვევაში, თუ კრებას ესწრება ან წარმოდგენილია აქციათა უმრავლესობის მფლობელი აქციონერები;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კორპორაცია ”ფ.ს.ნ-ს” 16.04.2013 წლის კრების ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ნ-ის წესდების მე-6 მუხლის თანახმად, დირექტორთა საბჭო წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა დირექტორთა საბჭოს არცერთი წევრის ნება, ყოფილიყვნენ დირექტორები. საჯარო რეესტრს წარედგინა ს. დ-ის თანხმობა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ასევე განმარტება, რომ წესდების 6.7 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ გენერალური დირექტორი წარმოადგენდა „ნ-ს” მესამე პირებთან ურთიერთობაში, დირექტორთა საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და არ ითხოვდნენ მათ რეგისტრაციას;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2013 წლის გადაწყვეტილებით „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.09.2013 წლის გადაწყვეტილებით სს ”კ.ფ.ს.ნ-ს” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
13.05.2011 წლის აქციონერთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 6.5 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას ეყოლება გენერალური დირექტორი, რომელსაც წარადგენს APMT და დანიშნავს და გაანთავისუფლებს საერთო კრება („გენერალური დირექტორი”). თითოეული აქციონერი ყოველთვის გამოიყენებს ხმის უფლებას ისე, რათა უზრუნველყოს წინამდებარე 6.5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი გენერალური დირექტორის არჩევა ან შეცვლა. 6.7. მუხლიდან გამომდინარე გენერალური დირექტორს გააჩნია წარმომადგენლობის უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში;
სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 6.2. პუნქტით, დირექტორთა საბჭო შედგება არა უმეტეს ხუთი დირექტორისაგან. წესდება არ შეიცავს მითითებას მესამე პირებთან ურთიერთობაში დირექტორთა საბჭოს წევრების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ. ამასთან, წესდებით ნათლად არის გამოვლენილი ნება იმის შესახებ, რომ დირექტორთა საბჭოს მხოლოდ ერთ წევრს - გენერალურ დირექტორს ენიჭება მესამე პირებთან საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება (წესდების 6.7 მუხლი). საქმეში წარმოდგენილია 13.05.2013 წლის აქციონერთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ წესდების დამტკიცების შემდგომ, კრებამ წესდების შესაბამისად დანიშნა დირექტორთა საბჭოს წევრები (დირექტორები). ოქმში აღნიშნულია, რომ ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად დირექტორთა საბჭოს წევრები არ ექვემდებარებიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას;
პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე, მე-9 მუხლებით, მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით და აღნიშნა, რომ სს „კ.ფ.ს.ნ-ის” 16.04.2013 წლის მეორე საერთო კრებაზე აქციონერთა 80%-ის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის, პირადი განცხადების საფუძველზე ჯ.ფ.ქ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ს. დ-ის დანიშვნის თაობაზე. სს „კ.ფ.ს.ნ-ს” წესდებიდან გამომდინარე არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და მისი ფუნქციები გადანაწილებულია დირექტორთა საბჭოზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების მე-6 მუხლი საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად უთითებს გენერალურ დირექტორს და არა დირექტორთა საბჭოს, რომელიც საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული და მათი რეგისტრაციის შესახებ არც მოთხოვნა ყოფილა. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ითვალისწინებს იმ პირთა ნების გამოხატვის დადასტურებას, რომელთა რეგისტრაციც სავალდებულოა სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიაჩნია უსაფუძვლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა დირექტორთა საბჭოს წევრთა ნების გამოხატვის თაობაზე.
პალატის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი სს „კ.ფ.ს.ნ-ის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისა და სს „კ.ფ.ს.ნ-ის” გენერალურ დირექტორად ს. დ-ის დარეგისტრირების მოთხოვნის თაობაზე და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორმა მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5, მე-9 მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმები იმპერატიულად არ ადგენს (იშვიათი გამონაკლისების გარდა) საწარმოს ორგანიზებული მოწყობის საკითხებს. ის მხოლოდ სთავაზობს საწარმოს მოწყობის ერთ ვარიანტს და მიუთითებს წესდებით განსხვავებული რეგულირების დაწესების შესაძლებლობაზე. კასატორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, წესდებით განსაზღვრული საზოგადოების მართვისა და ორგანიზაციული მოწყობის წესები კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესისგან ნაწილობრივ განსხვავებულია, კერძოდ, წესდების მე-5 მუხლის თანახმად, საზოგადოების უმაღლესი მმართველი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომლის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ამავე მუხლითაა დადგენილი. წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოებას ჰყავს დირექტორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების კონტროლსა და მართვაზე. ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაბამისი კანონმდებლობისა და ამ წესდების თანახმად, არ ხვდება საერთო კრების უფლებამოსილების სფეროში. წესდების მე-6 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილია დირექტორთა საბჭოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, რომელიც გულისხმობს საზოგადოების სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განიმარტება, როგორც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. ამ ანალიზის შედეგად, საზოგადოებას ჰყავს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე ორი მმართველობითი კოლეგიური ორგანო: საერთო კრება და დირექტორთა საბჭო, რომელიც მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ექვემდებარება რეესტრში რეგისტრაციას.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ კოლეგიური მმართველობითი ორგანოს ყველა წევრს გააჩნია მართვის/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. წესდებით დეტალურად რეგულირდება ამ უფლებამოსილების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი - მათი დანიშვნის/არჩევის წესები.
რაც შეეხება დირექტორებს, კასატორის განმარტებით, მათ როგორც დირექტორთა საბჭოს წევრებს, წესდებით დადგენილი აქვთ მხოლოდ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არ მოიცავს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამგვარი პოზიცია გამომდინარეობს იქედან, რომ წესდებით ნათლადაა გამოვლენილი პარტნიორთა ნება იმის შესახებ, რომ დირექტორთა საბჭოს მხოლოდ ერთ წევრს – გენერალურ დირექტორს, ენიჭება მესამე პირებთან საზოგადოების წარმომდგენლობის უფლებამოსილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმო მმართველობის ორგანო, ხოლო ეს ნორმა განიმარტება იმგვარად,რომ რეესტრში ასევე უნდა მიეთითოს მართვის ამ უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარადგინა სათანადო დოკუმენტაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორის აზრით, სწორად იქნა გადაწყვეტილება მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ სს „კ.ფ.ს.ნ-ი” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 27.12.2004 წელს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილ პირად ამონაწერში მითითებულია ჯ.ფ.ქ-ი;
16.04.2013 წელს სს „კ.ფ.ს.ნ-ის” აქციონერთა მეორე (გადადებული) საერთო კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცლილებების შეტანის, პირადი განცხადების საფუძველზე ჯ.ფ.ქ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აქციონერთა 80%-ის გადაწყვეტილებით გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ს. დ-ის დანიშვნის თაობაზე;
სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 5.7 მუხლის შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ყველა აქციონერი. თუ საერთო კრების დადგენილ დროს კვორუმის მიღწევა არ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ხელახლა ჩატარდება პირველი დაგეგმილი კრების შემდეგ არა უადრეს 20 სამუშაო დღისა და განმეორებით მოწვეულ კრებაზე კვორუმი ჩაითვლება მიღწეულად იმ შემთხვევაში, თუ კრებას ესწრება ან წარმოდგენილია აქციათა უმრავლესობის მფლობელი აქციონერები (ტ. 1 ს.ფ. 178);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სს „კ.ფ.ს.ნ-ს” 16.04.2013 წლის კრების ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ნავსადგურის წესდების მე-6 მუხლის თანახმად, დირექტორთა საბჭო წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა დირექტორთა საბჭოს არცერთი წევრის ნება, ყოფილიყვნენ დირექტორები. საჯარო რეესტრს წარედგინა ს. დ-ის თანხმობა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ასევე განმარტება, რომ წესდების 6.7 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ გენერალური დირექტორი წარმოადგენდა „ნ-ს” მესამე პირებთან ურთიერთობაში, დირექტორთა საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და არ ითხოვდნენ მათ რეგისტრაციას;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2013 წლის გადაწყვეტილებით „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.09.2013 წლის გადაწყვეტილებით სს ”კ.ფ.ს.ნ-ს” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
13.05.2011 წლის აქციონერთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 6.5 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას ეყოლება გენერალური დირექტორი, რომელსაც წარადგენს APMT და დანიშნავს და გაანთავისუფლებს საერთო კრება („გენერალური დირექტორი”). თითოეული აქციონერი ყოველთვის გამოიყენებს ხმის უფლებას ისე, რათა უზრუნველყოს წინამდებარე 6.5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი გენერალური დირექტორის არჩევა ან შეცვლა. 6.7. მუხლიდან გამომდინარე გენერალური დირექტორს გააჩნია წარმომადგენლობის უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში;
სს „კ.ფ.ს.ნ-ის” წესდების 6.2. პუნქტით, დირექტორთა საბჭო შედგება არა უმეტეს ხუთი დირექტორისაგან. წესდება არ შეიცავს მითითებას მესამე პირებთან ურთიერთობაში დირექტორთა საბჭოს წევრების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ. ამასთან, წესდებით ნათლად არის გამოვლენილი ნება იმის შესახებ, რომ დირექტორთა საბჭოს მხოლოდ ერთ წევრს - გენერალურ დირექტორს ენიჭება მესამე პირებთან საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება (წესდების 6.7 მუხლი). საქმეში წარმოდგენილია 13.05.2013 წლის აქციონერთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ წესდების დამტკიცების შემდგომ, კრებამ წესდების შესაბამისად დანიშნა დირექტორთა საბჭოს წევრები (დირექტორები). ოქმში აღნიშნულია, რომ ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად დირექტორთა საბჭოს წევრები არ ექვემდებარებიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთი პრეტენზია მხარეების მხრიდან წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოდ ითვლება.
კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-9 მუხლების არასწორი განმარტება, კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ზემოაღნიშნული მუხლების არასწორი განმარტების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამეწარმეო რეესტრში სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ დირექტორთა საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ვალდებულება და, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი საწარმოს გენერალურ დირექტორად ს. დ-ის რეგისტრაციის თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება ინფორმაცია საწარმოს მმართველობის ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში, დირექტორთა საბჭოს) წევრების შესახებ, თუმცა მიიჩნევს რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა საწარმოს გენერალური დირექტორის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები, კერძოდ, განსაზღვრულია რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს სარეგისტრაციო განაცხადში სავალდებულოა საწარმოს მმართველობის ორგანოს და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ მონაცემის მითითება, ხოლო იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება „საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა“. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს მოქალაქისათვის დადგენილ ექვევალენტურ მონაცემებს.
„მეწრმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისათვის/რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, სს „კ.ფ.ს.ნ-ის“ წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოების უმაღლესი მმართველი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომლის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები დადგენილია წესდების მე-5 მუხლით. ამავე დროს, წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოებას ჰყავს დირექტორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების კონტროლსა და მართვაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაბამისი კანონმდებლობისა და საწარმოს წესდების თანახმად, არ ხვდება საერთო კრების უფლებამოსილებათა სფეროში. დირექტორთა საბჭოს წევრებს ირჩევს აქციონერთა საერთო კრება წესდების მე-6 მუხლით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულია დირექტორთა საბჭოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები, რაც გულისხმობს საზოგადოების სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას (იხ. ტ. 1, ს.ფ.177-182). აღნიშნული კი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განიმარტება, როგორც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება.
დირექტორთა საბჭოს წევრებს წესდებით დადგენილი აქვთ მხოლოდ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ მოიცავს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
წესდებით ნათლად არის დადგენილი, რომ მესამე პირებთან საზოგადოების წარმოდგენის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორთა საბჭოს მხოლოდ ერთ წევრს - გენერალურ დირექტორს (იხ. წესდების 6.7 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 180).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები, როგორც საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები, მიუხედავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არქონისა, ექემდებარებიან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას, ისევე როგორც, საწარმოს გენერალური დირექტორი, რომელიც სარგებლობს როგორც ხელმძღვანელობითი, ისე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ როგორც გენერალური დირექტორის, ისე დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდებოდეს საწარმოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ აღნიშნულ პირთა თანხმობა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კორპორაციის წესდების თანახმად, საწარმოს გენერალურ დირექტორს გააჩნია დირექტორთა საბჭოს დანარჩენი წევრებისაგან განსხვავებული სტატუსი და უფლებამოსილებანი (კერძოდ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ გენერალური დირექტორის ცვლილების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორთა საბჭოს დანარჩენი წევრების ცვლილების რეგისტრაცია კორპორაციის მხრიდან არ არის მოთხოვნილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით 2013 წლის 18 აპრილს წარუდგინა ახლად დანიშნული გენერალური დირექტორის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, ხოლო 2013 წლის 24 აპრილის დამატებითი განცხადებით მიუთითა კორპორაციის სურვილზე, მომხდარიყო მხოლოდ გენერალური დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია, დირექტორთა საბჭოს დანარჩენი წევრების მხრიდან თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ ქმნიდა საწარმოს გენერალური დირექტორის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კორპორაციის გენერალური დირექტორის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე