Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-616-584-2014 22 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჭ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს.ჭ.-მა მოპასუხე მ.გ.-ს მიმართ და მოითხოვა:

არასრულწლოვანი შვილის – 2007 წლის 11 ივლისს დაბადებული ბ. გ.-ას სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მ.გ.-ს არასრულწლოვანი შვილის – 200.. წლის .. ივლისს დაბადებული ბ. გ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2013 წლის 10 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.გ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით:

1. მ.გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სსამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ.გ.-ს და ს.ჭ.-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი – 200.. წლის .. ივლისს დაბადებული ბ. გ.-ა.

ს.ჭ.-ი მუშაობს სს „ე. ე.-ში” ოფის- მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 900 ლარს.

მ.გ.-მუშაობს შპს „რ. ს. თ. ი. ზ.-ში” ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე და მისმა შემოსავალმა 2013 წლის 1 იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით სრულად შეადგინა 25286 ლარი. აღნიშნული თანხიდან ხელფასის ოდენობა შეადგენს – 22647.50 ლარს, ბონუსი – 1250 ლარს, ხოლო სამივლინებო თანხა – 1388.50 ლარს.

ამდენად, დადგინდა, რომ მ.გ.-ს ხელზე ასაღები ხელფასი ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენს 3235 ლარს.

არასრულწლოვანი ბ. გ.-ა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ა.ი ბი.-ში“.

მოპასუხე მ.გ.-ს აღებული აქვს კრედიტები სს „თ. ბ.-ში”, სს „კ. სტ.ბ.-ში”, სს „ს. ბ.-ში” და საფინანსო ორგანიზაცია შპს „4 ფ.-ში”, რომელთა საკრედიტო შენატანს იგი ყოველთვიურად იხდის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარდგენილი არ იყო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მ.გ.-ს მიერ აღებული კრედიტების მიზნობრიობას, ასევე, აღნიშნული კრედიტის დასრულების თარიღს და მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვიური საკრედიტო შენატანის ოდენობა 2100 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია სს „თ. ბ.-თან”, სს „კ. ს. ბ.-თან” და სს „ს. ბ.-თან” გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, საქმეში მოიპოვებოდა მხოლოდ აღნიშნული საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობები სასესხო დავალიანების თაობაზე, რომლებიც არ შეიცავდა მითითებას აღებული კრედიტების მიზნობრიობის, კრედიტის ვადის და ყოველთვიურად შესატანი თანხის ოდენობის თაობაზე. რაც შეეხებოდა შპს „4 ფ.-ს“ და მ.გ.-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, სესხის ხელშეკრულებები შედგენილი იყო 2013 წლის 15 ივლისს და 2013 წლის 19 სექტემბერს და სესხის ვადა 1 თვეს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ბებია და პაპა. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარდგენილი არ იყო. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაადგინა და სადავო არ გამხდარა, რომ ბებია და პაპა იღებდნენ პენსიას ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით. რაც შეეხებოდა აპელანტის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ.გ.-ს ბებიას და პაპას მ.გ.-ს მამის გარდა მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ (ეს ფაქტი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემაც დადადასტურა) და არა ორი, როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიეთითა, აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ.გ.-ს არასრულწლოვანი შვილის – 200.. წლის .. ივლისს დაბადებული ბ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2013 წლის 10 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით და მისი შემცირების რაიმე საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულით, ამავე კონვენციის 27-ე მუხლით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. დასახელებული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, აგრეთვე, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, მისი ოდენობა გონივრული იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის მოცულობის დადგენისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აპელანტის ისეთი სახის დანახარჯები, როგორიცაა საბანკო კრედიტი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება. აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ აპელანტს კრედიტი აღებული ჰქონდა გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან – ბავშვის სრულწლოვანებამდე. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯები, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნეოდა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. აქვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: სუსგ, 2011 წლის 4 მარტი, საქმე Nას-1356-1194-2010).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ.გ.-მ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, კანონის დასახელებული ნორმებით ვალდებულებები მხოლოდ მ.გ.-ს დააკისრა, ისე რომ ამ უკანასკნელის მატერიალური მდგომარეობა არ გაითვალისწინა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილ იქნა კასატორის შემოსავალი 01.2013-07.2013 პერიოდისათვის, რა პერიოდშიც დაემთხვა სამსახურის მიერ ბონუსისა და სამივლინებო თანხის გაცემა. შესაბამისად, სასამართლომ კანონზომიერად მიიჩნია არსებული ვითარება და მთლიანი თანხა გაყო თვეების რაოდენობაზე, საიდანაც შემოსავლის სახით 3200 ლარი მიიღო. საკითხის ამგვარად შეფასება რეალობას არ შეესაბამება. თანდართული ახალი შემოსავლის ცნობის თანახმად, 2013 წლის ივლისის თვის შემდეგ (ანუ გასული 10 თვის განმავლობაში), ბონუსის გაცემა საერთოდ არ მომხდარა.

კასატორის ყოველთვიური ხელფასი პირდაპირ არის მითითებული შრომით ხელშეკრულებაში და იგი 3050 ლარს შეადგენს, საიდანაც ყოველთვიურად 1100 ლარი, ასევე, დაზღვევის (შვილის, დედისა და მამის ჯანმრთელობის დაზღვევა) თანხა იქვითება. გარდა ამისა, შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადითაა გაფორმებული, ხოლო ბანკის მიმართ ვალდებულება 2017 წლამდე გრძელდება. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, თანხა მეუღლეთა შეთანხმებით ოჯახის საჭიროებისათვის არის გამოტანილი და იმის გამო, რომ ისინი დღეისათვის ქორწინებაში არ იმყოფებიან, ბანკთან ვალდებულება მ.გ.-ს აკისრია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.გ.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ცნობას მისი სამუშაო ადგილიდან იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან მასთან შეწყვეტილ იქნება შრომითი ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შესაძლებელია გახდეს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 420 ლარი) 70% – 294.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ.-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.გ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 420 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 2 ივნისს გადახდილი 150 ლარი, საგადახდო დავალება № 1 და 2014 წლის 20 ივნისს გადახდილი 270 ლარი, საგადახდო დავალება № ..) 70% – 294.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე