საქმე №ას-622-590-2014 15 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ.თ.მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „წ.ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.თ.მ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „წ.ს.ს“ მიმართ და მოითხოვა #01.17.10.003.056 უძრავი ნივთით სარგებლობის საიჯარო ქირის დარჩენილი დავალიანების _ 218,63 ლარის; #01.17.10.003.059 ნივთის საიჯარო ქირის დავალიანების _ 568,15 ლარისა და #01.11.12.005.108 ქონების საიჯარო ქირის დავალიანების _ 491,92 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს _ #01.17.10.003.056 უძრავ ქონებაზე 2,50 ლარისა და 2012 წლის 19 ნოემბრიდან საიჯარო ქირის დაფარვამდე 1050 ლარის 0,1%-ის; #01.17.10.003.059 უძრავ ქონებაზე _ 18,10 ლარისა და 2012 წლის 19 ნოემბრიდან დავალიანების დაფარვამდე საიჯარო ქირის 0,1%-ის, ასევე #01.11.12.005.108 უძრავ ქონებაზე 1,35 ლარისა და 2012 წლის 22 ოქტომბრიდან დავალიანების დაფარვამდე საიჯარო ქირის _ 1050 ლარის 0,1%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ქირის დავალიანების ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში _ მისი ოდენობის შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, წინამდებარე საქმეზე საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თ.მ.ის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, და #01.17.10.003.056 უძრავი ქონების გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, 2012 წლის 19 ნოემბრის მდგომაროებით 2,05 ლარი, #01.17.10.003.059 ქონების გამო, 2012 წლის 19 ნოემბრის მდგომაროებით _ 18,10 ლარი, ხოლო #01.11.12.005.108 ქონების გამო _ 2012 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით 1,35 ლარი. ამავე კოლეგიის 2014 წლის 15 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ.თ.მ.ის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „წ.ს.ს“ ქ.თ.მ.ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო: # 01.17.10.003.056 საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების იჯარის დავალიანებიდან გამომდინარე, 2012 წლის 19 ნოემბრიდან საიჯარო ქირის დავალიანების _ 218.63 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების დაფარვამდე; №..... საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების იჯარის დავალიანებიდან გამომდინარე, 2012 წლის 19 ნოემბრიდან საიჯარო ქირის დავალიანების _ 568.15 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების დაფარვამდე, №..... საკადასტრო კოდით მდებარე უძრავი ქონების იჯარის დავალიანებიდან გამომდინარე, 2012 წლის 22 ოქტომბრიდან საიჯარო ქირის დავალიანების 491.92 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების დაფარვამდე.
საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ.მ.მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით ქ.თ.მ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 14.03.2012წ. გამართულ №....ელექტრონულ აუქციონზე შპს „წ.ს.“ გამოცხადდა გამარჯვებულად და მას 5 წლის ვადით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ.თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (ს/კ№....) მდებარე 6 კვ.მ უძრავი ქონება. სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 1 050 ლარით. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე;
ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 22.11.2011წ. გამართულ №.. ელექტრონულ აუქციონზე შპს „წ.ს.“ გამოცხადდა გამარჯვებულად და მას 5 წლის ვადით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, გადაეცა ქ.თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (ს/კ№.....) მდებარე 6 კვ.მ უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 1 050 ლარით. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე;
ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 30.11.2011წ. გამართულ №... ელექტრონულ აუქციონზე შპს „წ.ს.“ გამოცხადდა გამარჯვებულად და მას 5 წლის ვადით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, გადაეცა ქ.თბილისში, ....... 6 კვ.მ არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ფართი. სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 1 050 ლარით. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე;
ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 19 ნოემბრის №ქნ191343 გადაწყვეტილებით შპს „წ.ს.სთან“ შეწყდა საიჯარო ურთიერთობა №..... და №..... უძრავ ქონებებზე. ამავე გადაწყვეტილებით შპს „წ.ს.ს“ დაევალა უზრუნველეყო საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა;
ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №.... გადაწყვეტილებით შპს „წ.ს.თან“ შეწყდა საიჯარო ურთიერთობა №.... უძრავ ქონებაზე. ამავე გადაწყვეტილებით შპს „წ.ს.ს“ დაევალა უზრუნველეყო საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით №.... უძრავი ქონების იჯარის დავალიანება შეადგენდა 218.62 ლარს, პირგასამტეხლო _ 2.05 ლარს; №... უძრავი ქონების იჯარის დავალიანება შეადგენდა 568.15 ლარს, პირგასამტეხლო _ 18.10 ლარს; ხოლო №.... უძრავი ქონების იჯარის დავალიანება შეადგენდა 491.92 ლარს, პირგასამტეხლო _ 1.35 ლარს;
მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა საიჯარო ქირის მითითებული დავალიანებები; მასვე გადახდილი ჰქონდა №..... უძრავი ქონების იჯარის თანხა 2013 წლის 1 ნოემბერს, 218.63 ლარი, №..... უძრავ ქონებაზე _ 568.15 ლარი 2013 წლის 4 ნოემბერს, №.... საკადასტრო კოდზე 491.92 ლარი 2013 წლის 6 ნოემბერს;
საქალაქო სასამართლოს 26.12.2013წ. განჩინებით საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის საფუძვლით;
პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილებასა და 15.01.2014წ. დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, საიჯარო ქირის _ 1050 ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეამცირა თითოეულ უძრავ ქონებაზე გადასახდელად დარჩენილი საიჯარო ქირის თანხის 0.1% -მდე.
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და დაეთანხმა გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების მსჯელობას თითოეულ უძრავ ქონებაზე გადასახდელად დარჩენილი საიჯარო ქირის თანხის 0.1% -მდე პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებების საერთო თანხისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ.მ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას ყურადღება არ გაამახვილა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, რის შედეგადაც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 416-ე და 417-ე მუხლების თანახმად, კასატორმა აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, გააჩნია ორმაგი დანიშნულება, რადგანაც, გარდა შესრულების უზრუნველყოფისა, იგი წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული საფასურის ოდენობის განსაზღვრას. ამასთანავე სამოქალაქო კოდექსი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანსაც. ამ კუთხით კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე.
სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შეუსაბამობაზე დაუსაბუთებელია. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ანიჭებს მას შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში, არ დაუსაბუთებია, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, რატომ ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რა დაუდო საფუძვლად მის შემცირებას.
გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია არა საიჯარო ქირიდან, არამედ დარჩენილი გადაუხდელი დავალიანებიდან, რაც უსაფუძვლოა და არ შეესაბამება აუქციონის საიჯარო პირობებს, ასევე მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესსა და ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით ქ.თ.მ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ.თ.მ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მან განჩინების გაუქმება ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ იყო მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდი ოდენობის, ამასთანავე, არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესი და მისი მინიმალური ოდენობა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ შემცირებული ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლო ასევე უზრუნველყოფს თავად პირგასამტეხლოს კანონისმიერ ფუნქციას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ 403-ე მუხლი), თუმცა ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სახელშეკრულებო პირობებისა თუ სატენდერო წინადადების გაუთვალისწინებლობის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოპასუხის შესაგებლის არსებობისას, ლეგიტიმურს ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებას სასამართლოს მიერ, რაც არ შეიძლება განვიხილოთ საპროცესო ნორმის დარღვევად, თავის მხრივ, ნორმა განსაზღვრავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა არსებობდეს რაიმე სპეციალური მტკიცებულება, იგი ყოველთვის გონივრული განსჯის შედეგია და ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს როგორც დარღვეული ვალდებულების ხასიათი, ისე კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა თანაფარდობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თ.მ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თ.მ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე