საქმე №ას-629-596-2014 25 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ.ი. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.გ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ი.ს მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის _ 2 290 ლარის, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მკურნალობის ხარჯის _ 720 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.გ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.ი.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 2 290 ლარის, ასევე საქმის განხილვისა და მკურნალობის ხარჯების _ 720 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით რ.ი.ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ 19.11.2012წ. სოფელ ..... გამავალ ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახა ე.გ.ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით ZZI ... და რ.ი.ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „ვაზ 2106“, სახელმწიფო ნომრით ACS ...., რის შედეგადაც დაზიანდა ორივე ავტომობილი, ხოლო რ.ი.მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება;
შემთხვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდა ექსპერტიზა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ .... დასკვნის თანახმად, შექმნილ საგზაო სიტუაციაში კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ „Ford Transit-ის“ მძღოლზე არ იყო დამოკიდებული და მისი მოქმედება, რომ შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ და დაამუხრუჭა, არ ეწინააღმდეგებოდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
27.04.2013წ. გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით შეწყდა გამოძიება N078191112001 სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილების ასლი გადაეგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მძღოლ რ.ი.ს მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარების მიზნით. დადგენილების თანახმად, გამოძიების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ რ.ი.ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რასაც შედეგად მოჰყვა მისივე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც არ იძლეოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას, ანუ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება და სახეზე იყო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, რ.ი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე (მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით;
როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 27.04.2013წ. დადგენილება, ასევე სამართალდარღვევის ოქმი რ.ი.ს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ძალაშია და არ გაუქმებულა, შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია რ.ი.ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 22.11.2012წ. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტომობილებზე: „ვაზ 2106“, სახელმწიფო ნომრით ACS .... და „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით ZZI... არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხარისხით დამახასიათებელია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. დასკვნის შესაბამისად, „ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო ნომრით ZZI ..., ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები. კერძოდ, დაზიანებული იყო წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, წინა მარჯვენა ფრთა, ძრავის სახურავი, წინა საკიდარის მარჯვენა მხარე, ჩამსხვრეული იყო წინა მარჯვენა მაშუქი... საჭის მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს;
საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული ფირმა - შპს „ა.ბ.ის“ 2013 წლის 19 ივნისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს .... ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით და ავტონაწილების ბაზრობაზე, ავტომანქანების მარაგ ნაწილებზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით „ფორდ ტრანზიტისათვის“ მიყენებულმა ზარალმა, ანუ აღსადგენმა ღირებულებამ, მთლიანობაში, ზოგადად შეადგინა არანაკლებ 2 290 ლარი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა დელიქტური ვალდებულების შესრულება - მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ზიანის მიყენებისას პირისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: 1. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 2. ზიანი მიყენებული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; 3. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი; 4. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ რადგანაც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები არსებობდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ი.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო 2012 წლის 6 დეკემბერს გამომძიებელმა დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც რ.ი.ს მიღებული აქვს სიცოცხლისათვის საშიში სხეულის მძიმე დაზიანება. მიუხედავად მომხდარი შემთხვევისა და კასატორისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებისა, მოწინააღმდეგე მხარე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ პასუხისგებაში არ მიცემულა. ე.გ-ის აშკარა ბრალეულობის მიუხედავად, გამომძიებელმა დანიშნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ამ დასკვნაზე დაყრდნობით კი, 2013 წლის 27 აპრილს ქვემო ქართლის პროკურორმა შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.
მოწინააღმდეგე მხარემ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებასა და ამ დადგენილების მიღების საფუძვლად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიაღწია უპირატესობას და ქვემდგომმა სასამართლოებმა მიიღეს მისი სასარგებლო გადაწყვეტილება.
ქვემდგომმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს 2013 წლის 14 თებერვლის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება. სააპელაციო პალატამ არა მარტო არ შეაფასა, მტკიცებულებადაც არ მიიღო რ.ი.ის მიერ 2014 წლის 26 თებერვალს წარდგენილი, იმავე ექსპერტის 2014 წლის 24 თებერვლის დასკვნა, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება იმავე ექსპერტის მიერ ერთი წილით ადრე ჩატარებულ კვლევას. საექსპერტო დასკვნაში ექსპერტი მხედველობაში არ იღებს და წყვეტილი ხაზით ცვლის კომპიუტერულ სქემაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადაკვეთილ უწყვეტ ღერძულა ხაზს. აღნიშნულით ექსპერტმა ე.გ.ის ქმედებიდან ამორიცხა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 71 ნაწილის დარღვევა.
გამომძიებელ ლ.კ.ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ღერძულა ხაზიდან „ფორდ ტრანზიტი“ გადასულია 1,8 მეტრით, რაც ექსპერტს კვლევისას არ გაუთვალისწინებია, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გამო, 2013 წლის 23 დეკემბერს რ.ი.მა შესაბამისი შეკითხვებით მიმართა ექსპერტს, რომელმაც მის კითხვებს წერილობით უპასუხა, თუმცა სადავო კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. წერილობითი მიმართვის პასუხად სსებ-ოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის უფროსმა შესთავაზა კასატორს ექსპერტიზის ჩატარება იმ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც არ იყო თეორიული ხასიათის და საჭიროებდა კვლევას, თუმცა გამოკვლევის ჩატარება კვლავ ექსპერტ ზ.თ.ს დაევალა.
საექსპერტო კვლევის თანახმად, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით საპირისპიროდ მოძრავი ავტოსატრანსპორტო ნაკადების გამყოფი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია, რაც მოწმობს მოწინააღმდეგე მხარის მიერ კანონის დარღვევას. ამავე დასკვნაში ექსპერტი დაბეჯითებით უთითებს კასატორის მიერ ამავე კანონის 27.1 მუხლის დარღვევას, რასაც რ.ი. იმ საფუძვლით არ ეთანხმება, რომ იგი გადასულია საპირისპირო მოძრაობის ზოლში და მისი მანევრი გამჭოლ ტრანსპორტზე გვერდის ავლა-გასწრება და თავის სამოძრაო ზოლში დაბრუნება განხორციელებულია გამყოფი ზოლების წყვეტილი ხაზის მოქმედების სექტორში და რომ არა ე.გ.ის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, შეჯახება არ მოხდებოდა; ე.გ. გადასულია რ.ი.ის სამოძრაო საპირისპირო ზოლში კანონით დადგენილი წესების უხეში დარღვევით და შეჯახება მის მოქმედებას მოჰყვა. აღნიშნული მოწმობს მოწინააღმდეგე მხარის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 11 პუნქტის დარღვევის ფაქტს.
სააპელაციო პალატა აპელირებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე და მათ ძალაში ყოფნას უკავშირებს კასატორის ბრალეულობას, რაც არასწორია, ვინაიდან ამ მტკიცებულებებს, განაჩენისაგან განსხვავებით, პრეიუდიციული ძალა არ აქვთ, ხოლო სასამართლოს დასკვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნებს.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის Nას-494-463-2010 განჩინების აღწერილობით ნაწილში მოყვანილ კასატორის არგუმენტებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე. შერეული ბრალის მტკიცების მიზნით რ.ი.მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 თებერვლის დასკვნის დართვისა და ექსპერტ ზ.თ.ის დაკითხვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ.ი.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის მიმყენებლისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, ამ თვალსაზრისით პალატამ შეაფასა როგორც საქმეზე დასაშვებად ცნობილი ექსპერტიზისა და აუდიტის დასკვნები, ისე წინასაწარი გამოძიების შესახებ დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
კასატორის პრეტენზია მიმართულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევისკენ, ასევე შუამდგომლობს საკასაციო პალატის მიერ იმ მტკიცებულებათა მიღებისა და გამოკვლევის თაობაზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენის გამო, არ დაურთო საქმეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება, აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა _ 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვისა და ექსპერტის დაკითხვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდა ორივე მხარის ბრალეულ ქმედებაზე, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მას სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით განსაზღვრული ე.წ „შერეული ბრალის“ დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საქმეზე დართვასაც საკასაციო სასამართლოში მოითხოვს, ასევე სხვა მტკიცებულებები, თუმცა 2014 წლის 27 მარტის სხდომაზე მან მხარი დაუჭირა მხოლოდ 2014 წლის 24 თებერვლის ექსპერტის დასკვნის საქმისათვის დართვასა და ექსპერტის დაკითხვას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 17:00:05), ქვემდგომ სასამართლოში ამ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სხვა წარმომადგენელი ჰყავდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 17:10:30) ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საოქმო განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები საკასაციო სასამართლოს შეფასების საგნად ვეღარ იქცევა. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს გასაჩივრებულ განჩინებაში მოსარჩელის ბრალეულ ქმედებაზე მსჯელობის არარსებობისა და გასაჩივრებული განჩინების საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამობის თაობაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დელიქტურ ვალდებულებაში მოსარჩელის ბრალის არსებობა, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ფაქტზე საკასაციო ინსტანციაში მითითება ეწინააღმდეგება საპროცესო ნორმათა მოთხოვნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ.ი-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის Nას-494-463-2010 განჩინების ასლი 7 (შვიდი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.313-319).
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს უ.მ.ის მიერ 2014 წლის 9 ივნისის N47 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ი.ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 თებერვლის დასკვნის საქმისათვის დართვისა და ექსპერტ ზ.თ.ის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. რ.ი.ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის Nას-494-463-2010 განჩინების ასლი 7 (შვიდი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.313-319).
4. კასატორ რ.ი.ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უ.მ.ის მიერ 2014 წლის 9 ივნისის N47 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე