¹ბს-856-442(კ-05) 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 აგვისტოს ვ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელება და მისთვის უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, მოხუცებულობისათვის დაწესებული მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით დანამატთან ერთად, 42 ლარის ოდენობით, ასევე, მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 504 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე უნდა დაენიშნოს ორი სახეობის პენსია ამავე მუხლით გათვალისწინებულ დანამატთან ერთად, რაზეც უარი ეთქვა სოცფონდის მიერ მინიმალური პენსიის ოდენობის განუსაზღვრელობის მოტივით.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სოციალური დაზღვევის ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2004წ. 1 იანვრიდან მოხუცებულობის პენსიისა და დანამატის დანიშვნა 42 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სოცდაზღვევის ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ი არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე, რისთვისაც იღებს პენსიას _ 45 ლარს, მაგრამ არ არის ომის ინვალიდი, რის გამოც მასზე “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრული საპენსიო შეღავათი არ ვრცელდება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელისათვის მეორე სახეობის პენსიისა და შესაბამისი დანამატის _ 42 ლარის დანიშვნის, ასევე, მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების შესახებ.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ მასზე არ ვრცელდება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი, რადგან კასატორის განმარტებით, მას ინვალიდობა მიღებული აქვს სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, საბჭოთა არმიაში ყოფნისას მიღებული აქვს ოფიცრის წოდება. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მე-60 მუხლის მოქმედება 2005წ. პირველი იანვრიდან ვრცელდება ომის მონაწილეებსა და საერთო დაავადებით ინვალიდებზეც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც არ არსებობს სსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ი არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე, რისთვისაც იღებს პენსიას _ 45 ლარს, მაგრამ არ წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს (ოფიცერს) და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ინვალიდს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. გ-ზე არ ვრცელდება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს და განმარტავს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელმა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით, განსაზღვრა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება, ორი მინიმალური პენსიის დანამატით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნათ დანამატი, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული პირი.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ვ. გ-ი არის სამამულო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი და იღებს ომის მონაწილის და არა ომის ინვალიდობის პენსიას. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გ-ი არ არის ომში დაინვალიდებული პირი, რასაც ფაქტობრივად არც კასატორი უარყოფს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 ოქტომბრის სხდომაზე მიუთითა, რომ “ომის ინვალიდობის მოწმობა მას არ გააჩნია, თუმცა არის II ჯგუფის ინვალიდი და სამამულო ომის მონაწილე”. აღნიშნულს საკასაციო საჩივარშიც მიუთითებს კასატორი. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. გ-ისათვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლი 2005წ. 1 იანვრიდან ვრცელდება ომის მონაწილეებზეც, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2003წ. 31 დეკემბრის კანონით შეტანილი დამატებების თანახმად, კანონს დაემატა გარდამავალი დებულებების შემცველი თავი, რომლის 63-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-60 მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2005წ. 1 იანვრიდან. 2004წ. 29 დეკემბერს ამავე კანონის 63-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამ კანონის მე-60 მუხლი ამოქმედდება 2006წ. 1 იანვრიდან, ანუ მითითებული ცვლილების თანახმად, 2006წ. 1 იანვრიდან ამოქმედდება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში 2003წ. 31 დეკემბერს შეტანილი ცვლილებები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.