Facebook Twitter

საქმე №ას-647-614-2014 15 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე.თ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ.(მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე.ტ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.კ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.თ–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, გაათავისუფლოს უნებართვოდ დაკავებული 78 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მოშალოს უკანონოდ აშენებული ნაგებობები და გამოთავისუფლებულ მდგომაროებაში გადასცეს მოსარჩელეს, მანვე მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მონაწილეობა მიიღოს მყარი ან დროებითი სასაზღვრო მიჯნის აღმართვისათვის გაწეული სამუშაოების ანაზღაურებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, 2013 წლის 10 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე.ტ–ს დაევალა უნებართვოდ დაკავებული 78 კვ.მ მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, უკანონოდ აშენებული ნაგებობების მოშლა და დ.კ–თვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, ასევე მყარი ან დროებითი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადახდებოდა სასაზღვრო მიჯნის აღმართვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ე.თ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.თ–თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ასევე გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.თ–თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში 2013 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.კ–მ სარჩელი აღძრა ე.თ–ის მიმართ და მოითხოვა უნებართვოდ დაკავებული 78 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, უკანონოდ აშენებული ნაგებობების მოშლა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, ასევე მოპასუხისათვის მყარი ან დროებითი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილოების მიღების დავალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასაზღვრო მიჯნის აღმართვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეკუთვნოდა ქუთაისში, .... მდებარე მიწის ნაკვეთი. მის მეზობლად მცხოვრები ე.თ. 78 კვ.მ-ით შეჭრილი იყო მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში და ამ ნაკვეთზე აშენებული ჰქონდა სველი წერტილი.

სასამართლომ მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და სარჩელზე შესაგებლის წარდგენისათვის განუსაზღვრა 10 დღის ვადა.

მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე ორჯერ განაცხადა უარი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ყველა გარემოება, გარდა იმ გარემოებებისა, რომელთა დამტკიცებაც, კანონის თანახმად, შეიძლება, მხოლოდ, გარკვეული სახის მტკიცებულებებით, მიუხედავად იმისა, დასტურდება თუ არა ეს გარემოებები სხვაგვარად. ამ ნორმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით კანონიერად ჩათვალა დადასტურებულად ის, რომ ე.თ–ს, სამართლებრივი საფუძველის გარეშე, დაკავებული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი 78 კვ.მ ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე აშენებული ჰქონდა სველი წერტილი.

პალატამ დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ დ.კ–ის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი, მიუხედავად აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკისრა აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა, რადგანაც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ე.თ., როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.თ–მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

საქმის განხილვისას სასმართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და ყოველმხრივ არ გამოიკვლია მტკიცებულებები, შესაბამისად, სახეზეა ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ აპელანტს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, მართალია, კურიერი იყო მისული მასთან, თუმცა მას არ აუხსნია კასატორისათვის თუ რა უნდა ჩაებარებინა, ვისგან იყო შეტყობინება და რას მოითხოვდნენ ე.ტ–გან, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით ე.თ. „სახემწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე.თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე.ტ. ძირითადად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, ამასთანავე, არ გაითვალისწინა, რომ მას უწყება არ ჩაბარებია, თუმცა თავადვე ადასტურებს კურიერის ვიზიტს და სასამართლო შეტყობინების ჩაუბარებლობის მიზეზად ასახელებს კურიერის მიერ გზავნილის ჩაბარების აუცილებლობის თაობაზე განმარტების მიუცემლობას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დეტალურად არეგულირებს სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესს და 75-ე მუხლით ადგენს შემდეგს: თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მისამართზე კურიერი გამოცხადდა ორჯერ და ადრესატმა ორჯერვე უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე, რაც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ჩათვალა მხარე ინფორმირებულად.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვერც აღნიშნული მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დამტკიცებულად და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს საქმეში არსებული მტკიცებულებები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამ საკითხი მარეგულირებელი სამართლის ნორმები სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადაა განმარტებული (იხ. სუსგ-ებები №ას-557-528-2014, 6 აპრილი, 2015 წელი; №ას-1046-1003-2014, 16 თებერვალი, 2015 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე.თ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახემწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე