№ას-660-627-2014 22 მაისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.მ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ი.პ.ც.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ.მ.-ემ მოპასუხე შპს „ბ.ი.პ.ც.-ს“ მიმართ და მოითხოვა:
მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20000 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით:
1. თ.მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ.მ.-ე გამოკვლევებს იტარებდა შპს „ბ.ი.პ.ც.“-ში.
2012 წლის ივნისში მას, სხვა დაავადებასთან ერთად, დაუდგინდა დიაგნოზი – აივ ინფექცია, პირველი სტადია;
საბოლოოდ, განმეორებითი გამოკვლევებით ეს დიაგნოზი არ დადასტურდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სრულიად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისადაც, პასუხისმგებლობა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის განისაზღვრება სხვა ნორმატიული აქტების, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, აპელანტს არ მიუთითებია, რომ მოწინააღმდეგე მხარის ქმედებით დაუზიანდა ჯანმრთელობა, სარჩელი უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არასწორად განიმარტა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლი, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, როგორც ქმედებით, ასევე, უმოქმედობითაც. პერსონალის ქმედება, რომელიც გამოიხატება პაციენტის მკურნალობაში, დიაგნოზის დასმაში და ა.შ, უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო სტანდარტებს. არასწორი დიაგნოზის დასმა გამორიცხავს სწორ მკურნალობას.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი უნდა განიმარტოს უფრო ვრცლად, ვიდრე ეს სააპელაციო სასამართლომ განახორციელა, თ.მ.-ე მთელი სამი წლის მანძილზე სულიერად (ფსიქიკურად) განადგურებული იყო და თავისი დიაგნოზის თბილისში რომ არ გადაემოწმებინა, შესაძლოა ასეთ მდგომარეობაში კიდევ დიდანს ყოფილიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი განმარტებულია უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ნორმის განმარტება, რაც მოცემულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, შეესაბამება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ.მ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე