Facebook Twitter

№ას-670-637-2014 4 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.დ.

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.დ.-მ მოპასუხე ნ.დ.-ს მიმართ და მოითხოვა:

1. ნ.დ.-ს სახელზე 2006 წლის 11 მაისს გაცემული №.. სამკვიდრო მოწმობისა და ქ.ბათუმში, ა.-ს დასახლებაში მდებარე ნ. დ.-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება;

2. მამის, 2005 წლის 3 მარტს გარდაცვლილი ნ. დ.-ს დანაშთი ქონების – ქ.ბათუმში, ა.-ს დასახლებაში მდებარე ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. მ.დ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოსარჩელე ცნობილ იქნა 2005 წლის 3 მარტს გარდაცვლილი მამის, ნ. დ.-ას დანაშთი ქონების – ქ.ბათუმში, ა.-ს დასახლებაში მდებარე ქონების ¼ ნაწილის თანამესაკუთრედ. შესაბამისად, ამ ნაწილში გაუქმდა 2006 წლის 11 მაისს ნ.დ.-ს სახელზე გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი.

3. ნ.დ.-ს მ.დ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხის 750 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით:

1. ნ.დ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. დ. გარდაიცვალა 2005 წლის 3 მარტს;

გარდაცვალების დროს მის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა.-ში მდებარე უძრავი ნივთი, კერძოდ, 600კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 255კვ.მ შენობა-ნაგებობით;

აღნიშნულ ქონებაზე 2006 წლის 11 მაისს ნ.დ.-ს სასარგებლოდ გაიცა №.. სამკვიდრო მოწმობა;

ნ. დ.-ს დარჩა პირველი რიგის ოთხი მემკვიდრე: მეუღლე – ნ.დ, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1974 წლიდან; შვილები: მ. და ზ. დ.-ები, აგრეთვე – შვილიშვილი ნ. დ.-ა, გარდაცვლილი შვილის -– ე. დ.-ს შვილი;

მხარეები არ დავობენ, რომ ოთხივე მათგანმა, ნ. დ.-ს გარდაცვალებისთანავე, სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით;

ნ.დ.-მ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთი გაყო ორ ნაწილად. მისი განცხადებების საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2007 წლის 10 ივლისს განხორციელდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციები გაყოფის შედეგად მიღებულ ორ უძრავ ნივთზე: 1. 225კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 107.82კვ.მ შენობა-ნაგებობით; 2. 377კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 255კვ.მ შენობა-ნაგებობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

მოცემულ შემთხვევაში, ნ.დ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რაზეც სააპელაციო საჩივარი დააფუძნა, საუბარია, 107.82კვ.მ უძრავ ნივთზე არსებული ე.წ. კომერციული ფართის, შენობა-ნაგებობის ნ. და ნ. დ.-ების, როგორც მეუღლეების, თანასაკუთრებაში არსებობის თაობაზე. ამასთან, მან ვერც მიუთითებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დაასაბუთა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ვერ შეამოწმებდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან ნ.დ.-ს მის დანაშთ სამკვიდროზე ანდერძი არ დაუტოვებია, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების საფუძველზე, მისი გარდაცვალების დღეს – 2005 წლის 3 მარტს გაიხსნა, განხორციელდა კანონით მემკვიდრეობა. ამავე კოდექსის 1307-ე, 1336-ე და 1430-ე მუხლების შესაბამისად, კანონით მემკვიდრეებად, თანაბარი წილებით, სწორად იქნენ მიჩნეული მეუღლე – ნ.დ., შვილები: ზ. და მ. დ.-ები და მემკვიდრეობითი ტრანსმისიით შვილიშვილი (გარდაცვლილი ე. დ.-ს შვილი) – ნ. დ.-ა, რადგან ისინი, მითითებული კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, 1424-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ ნ. დ.-ს დანაშთ უძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, მისი გახსნის დღიდან, ჩაითვალა ოთხივე მემკვიდრის თანასაკუთრებად, თანაბარწილად. შესაბამისად, ასევე სწორი იყო საქალაქო სასამართლოს შეფასება სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილი ორთვიანი ვადის წინამდებარე სამართლებრივ ურთიერთობასთან არარელევანტურობის თაობაზე, რადგან დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, გაანაწილა მხარეთა შორის საპროცესო ხარჯებიც, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად; ასევე სწორად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, გადაწყდა საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საკითხიც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ.-მ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია 107.82კვ.მ კომერციული ფართის ნ. და ნ. დ.-ების, როგორც მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებობის თაობაზე. საკითხის ამგვარად შეფასება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ე.წ. კომერციული ფართები აშენდა ნ. და ნ. დ.-ების მიერ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 1993-1994 წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიწაზე საკუთრება არ იყო გამოცხადებული ფართის მესაკუთრის სასარგებლოდ. აღნიშნული ფართები არანაირი პროექტებით და ნებართვებით არ იყო აშენებული, ისინი არ გაფორმებულა სამკვიდროს დამტოვებლის, ნ. დ.-ს საკუთრებაში, ეს ქონება საერთოდ არ იყო რეგისტრირებული. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა შესაგებელში მითითებული ჰქონდა, რომ კომერციული ფართები 1993 წლიდან აშენდა;

კასატორის მითითებით, არც სააპელაციო სასამართლოში და არც ამჟამად, იგი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე არის ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, მაგრამ კომერციული ფართი მეუღლეთა თანასაკუთრებაა და ამ ნაწილში მოსარჩელეს 1/4-ის ნაცვლად 1/8 წილი უნდა მიეკუთვნოს. ამდენად, სასამართლოს ჯერ უნდა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე და ამის შემდეგ – სამკვიდროსთან დაკავშირებულ კანონის ნორმებზე;

პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა მხოლოდ 2006 წლის 11 მაისს ნ.დ.-ს სახელზე გაცემული №.. სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ამასთან, მას არ უმსჯელია საჯარო რეესტრის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სადავო ქონება პირველად მხოლოდ ნ.დ.-ს სახელზე აღირიცხა, რომელიც მას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.დ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი მიიჩნევს, რომ 107.82 კვ.მ კომერციული ფართი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ამიტომ მოსარჩელეს ამ ქონებიდან შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ 1/8 და არა 1/4 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის ახალ გარემოებას წარმოადგენდა იმაზე მითითება, რომ 107.82 კვ.მ კომერციული ფართი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ამ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია და არც მიუთითებლობის საპატიო მიზეზი დაუსახელებია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ამ გარემოებაზე ვერ იმსჯელებდა.

კასატორი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ასეთი დასკვნის საფუძველი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხის მართებულად გადასაწყვეტად, უნდა გამოვარკვიოთ: ა. თუ რას მოითხოვდა მოსარჩელე და რა გარემოებებზე აფუძნებდა იგი თავის მოთხოვნას და ბ. რას ეფუძნებოდა მოპასუხის შესაგებელი.

სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა:

1. მოპასუხის სახელზე 2006 წლის 11 მაისს გაცემული №2-127 სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;

2. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების, კერძოდ, მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ორ უძრავ ქონებაზე არსებული ჩანაწერების 1/2 ნაწილში გაუქმება;

3. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელისა და მოპასუხის მამა გარდაიცვალა 2005 წლის 3 მარტს. მის სამკვიდროში შედიოდა ქ.ბათუმში, ა.-ში მდებარე უძრავი ქონება - 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო და გადაწყვიტა მისი გადაფორმება, მაგრამ საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს (დედამისს) მთელი სამკვიდრო მიუღია 2006 წლის 11 მაისის №2-127 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ხოლო შემდეგ სამკვიდროში შემავალი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ორ ნაწილად გაუყვია და თავის სახელზე დაურეგისტრირებია. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი მან მიიღო მემკვიდრეობით, ამიტომ მთელი სამკვიდროს მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა არ იყო კანონიერი.

მოპასუხის შესაგებელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: მამკვიდრებელს ჰყავდა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკუთვნოდა სამკვიდროს მხოლოდ 1/4 და არა 1/2 ნაწილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხემ, ყველა მემკვიდრის თანხმობით, მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება, ხოლო შემდეგ ეს ქონება გაყო ორ ნაწილად, რათა ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, კერძოდ, მოპასუხემ გადაწყვიტა აემუშავებინა 1993 წლიდან გახსნილი სამრეცხაო, რაზედაც საჭირო გახდა მემკვიდრეობის მიღება. მოპასუხემ ჯერ მიიღო მემკვიდრეობა, ხოლო შემდეგ მიწის ნაკვეთი გაყო ორ ნაწილად და დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ აღირიცხა ინდმეწარმედ და განაახლა სამრეცხაოს მუშაობა. მოსარჩელემ 2006 წლის მაისიდან იცოდა, რომ მთელი სამკვიდრო მიღებული ჰქონდა მოპასუხეს და მის სახელზე ირიცხებოდა. მას რაიმე პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. გარდა ამისა, მოსარჩელე თავად აღნიშნავდა, რომ მას სამკვიდრო მოწმობის ასლი საჯარო რეესტრიდან გადაეცა 2013 წლის 27 მარტს, სარჩელი კი შეიტანა ოთხი თვის შემდეგ - 2013 წლის 22 ივლისს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხის შესაგებელი არ ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ 05..... ს/კოდით აღრიცხული 107.82 კვ.მ შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, პირიქით, მოპასუხე აღნიშნულ ფართსაც მისი მეუღლის სამკვიდროში შემავალ ქონებად რომ მიიჩნევდა, იქედანაც ჩანს, რასაც იგი შესაგებელში უთითებდა, კერძოდ, მოპასუხე თვლიდა, რომ ვინაიდან მამკვიდრებელს ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა, მოსარჩელეს შესაძლებელია მიკუთვნებოდა სამკვიდროს მხოლოდ 1/4 და არა 1/2 ნაწილი. ცხადია, თუკი მოპასუხე ჩათვლიდა, რომ 05..... ს/კოდით აღრიცხული 107.82 კვ.მ შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაშინ იგი მოსარჩელის შესაძლებელ წილად განსაზღვრავდა 1/8 ნაწილს, როგორც ეს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მიუთითა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომელზედაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. მასზე ვერ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლისა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ მითითებულ კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ, მისი მოსაზრებით, 05.... ს/კოდით აღრიცხული 107.82 კვ.მ შენობა-ნაგებობები მოპასუხეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე არ მიუღია. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, ზემოხსენებული უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციის ერთადერთ საფუძვლად (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად) მითითებულია სწორედ 11.05.2006 წლის #2-127 სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 15).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.დ.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1018.87 ლარი) 70% – 713.20 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ.-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.დ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1018.87 ლარი, საგადახდო დავალება №.., გადახდის თარიღი – 2014 წლის 11 ივლისი) 70% – 713.20 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე