№ას-672-639-2014 22 მაისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ქ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ე.პ.კ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ე.პ.კ.-მ“ მოპასუხე ინდმეწარმე მ. ქ.-ს მიმართ და მოითხოვა:
1. მ. ქ.-სთვის შპს „ე.პ.კ.-ს“ სასარგებლოდ 5500 ლარის დაკისრება;
2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 2012 წლის 24 ოქტომბრიდან 2013 წლის 26 ივნისამდე 696 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ე.პ.კ.-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. მ. ქ.-ს შპს „ე.პ.კ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე მ. ქ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით:
1. მ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 24 ოქტომბერს შპს „ე.პ.კ.-სა“ და მ. ქ.-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ქ.-მ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა მარმარილოს ნატეხებით ტერასებზე, აივნებსა და კიბის უჯრედებზე იატაკის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი და პირობები. მომსახურების საფასური განისაზღვრა 8000 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობების თანახმად, მყიდველს მიმწოდებლისთვის ავანსის სახით უნდა გადაეხადა 2000 ლარი.
2012 წლის ოქტომბრის თვესი მ. ქ.-ს ავანსის სახით მიღებული ჰქონდა 2000 ლარი, ხოლო ნოემბრის თვეში 3500 ლარი.
მ. ქ.-ს არ შეუსრულების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ 2013 წლის 30 იანვარს წერილით გააფრთხილა ვალდებულების შესრულებისა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვერ განახორციელა მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარემ არ მოამზადა იატაკი ფილების დასაგებად და არ შეასრულა ბეტონით მოჭიმვის სამუშაოები, რის მტკიცებულებადაც მიუთითა ო.-ის I ჩიხის N...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამუშაოების მაისი-ივნისის N11 აქტზე.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის შესაბამისად, ინდმეწარმე მ. ქ.-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 25 ნოემბრამდე. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 2013 წლის 30 იანვრის მდგომარეობით (შპს „ე.პ.კ.-ს“ მიერ დამატებითი ვადიც მიცემის შემდეგ) მ. ქ.-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. ამასთან, საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მ. ქ.- იატაკის მოწყობის სამუშაოებს ვერ შეასრულებდა შპს „ე.პ.კ.-ს“ მიერ ბეტონით მოჭიმვის სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, ამის შესახებ მ. ქ.-მ მიუთითა მხოლოდ 2013 წლის 8 თებერვალს შპს „ე.პ.კ.-ს“ 2013 წლის 30 იანვრის წერილზე საპასუხო წერილში, სადაც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად ბეტონის მოჭიმვის სამუშაოების შეუსრულებლობა დაასახელა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თავად დამკვეთის (შპს „ე.პ.კ.-ს“) ბრალით მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენდა ის, რომ აპელანტს მარმარილოს ნატეხებით უნდა შეესრულებინა ტერასებზე, აივნებსა და კიბის უჯრედებზე იატაკის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ პირობის შეცვლის შესახებ, მხარეთა შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე არ წარდგენილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა – იატაკების მარმარილოს ნატეხებით მოწყობის შესახებ არ შეცვლილა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 381-ე, 317-ე მუხლებით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 405-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ქ.-ს 2013 წლის 30 იანვრის N...წერილით განესაზღვრა ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა და გაფრთხილებულ იქნა დამატებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, თუმცა არც განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ.-მ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 29 ნოემბერს, დანიშნულების ადგილზე შეტანილია 2.5მ3 მარმარილო, რაც სრულიად საკმარისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 180კვ.მ იატაკის მოსაწყობად და პლინტუსების გასაკეთებლად. მარმარილოს შეტანის ფაქტობრივი გარემოება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს, არადა სასამართლოზე წარდგენილ იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მძღოლის, ო.ტ.-ს 2013 წლის 7 ივლისის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ე.პ.კ.-მ“ მუშებს ვერ გადაუწყვიტა მანქანიდან ტვირთის ჩამოცლის ანაზღაურების საკითხი, რის გამოც მ. ქ.-ს სურვილის საწინააღმდეგოდ მასალები დაცალეს თვონვე, თვითმცლელით. გარდა ამისა, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის ბრიგადირის ა.ნ.-ას 2014 წლის 18 იანვრის ახსნა-განმარტება.
მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) არ შეასრულა მხარეებს შორის დადებული ზეპირი შეთანხმებები, კერძოდ, ბეტონით მოჭიმვის სამუშაოები მოსაპირკეთებელ ფართობზე იმ პერიოდში, რა დროსაც მოწინააღმდეგე ითხოვდა შემსრულებლისგან მოსაპირკეთებელი ფილების დაგებას. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ არ აიტანა და არ გადაანაწილა ფილები სართულებზე, რამაც გამოიწვია მოსაპირკეთებელი სამუშაოების შეუსრულებლობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უგულებელყო როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლომ განჩინებაში მიუთითა ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და კასატორის მიერ დამატებითი ვადის გადაცილებაზე. ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ გარკვეული ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, კონკრეტულ შემთხვევაში, იგი ძალაში შევიდა არა 2012 წლის 25 ოქტომბერს (გაფორმების დღეს), არამედ 2012 წლის 21 ნოემბერს, როცა მას გადაეცა ავანსის მეორე ნაწილი. აქედან 7 დღეში მასალები შეტანილ იქნა დანიშნულების ადგილზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ქ.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ.-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე