Facebook Twitter

№ას-770-737-2014 29 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E.L.-ს“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „E.L.-ს-მა“ მოპასუხე ქ.თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2012 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11936.95 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „E.L.-ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ქ.თბილისის მერიას შპს „E.L.-ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11936.95 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით:

1. ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 10 აგვისტოს ქ.თბილისის მერიას (შემსყიდველი) და შპს „E.L.-ს-ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №.... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც შპს „E.L.-ს-მა“ ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა დაზიანებული საპარკე სკამების აღდგენის სამუშაოები.

ხელშეკრულების 5.1 მუხლით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 22.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 15.4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებული იყო, მიმწოდებლისათვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

2012 წლის 10 ოქტომბერს ქ.თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს და შპს „E.L.-ს-ს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, რომელთა ღირებულება შეადგენდა 4897.45 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ შპს „E.L.-ს-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 11936.95 ლარი შეადგინა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები; თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის (მოპასუხის) პოზიცია შემდეგ გარემოებას ეფუძნებოდა: ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება მიღება-ჩაბარების აქტი შეიძლება ყოფილიყო, რაც განსახილველ საქმეზე არ წარდგენილა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შეიძლებოდა მითითებული გარემოების დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულება ყოფილიყო, თუმცა იგი ერთადერთი მტკიცებულება ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ყველა არსებული მტკიცებულება ერთობლიობაში მხარეებზე მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილებით უნდა შეფასებულიყო.

შპს „E.L.-ს-ის“ მიერ ქ.თბილისის მერიისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალის და ღირებულების ამსახველი აქტებით მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 11936.95 ლარს შეადგენდა. ამდენად, ხელშეკრულების ღირებულება იყო 18799, საიდანაც ანაზღაურდა 4797.45 (18799 – 4797.45 = 14001.55-ს) ლარი, მოსარჩელე დანარჩენ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს 11936.95 ლარად აფასებდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარდგენილი არ იყო შპს „E.L.-ს-სა“ და ქ.თბილისის მერიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებითაც შეიძლებოდა ზემოხსენებული სამუშაოების შესრულების ფაქტი დადასტურებულიყო, თუმცა საქმის მასალებით სამუშაოს მიღება დასტურდებოდა, კერძოდ, მოსარჩელემ წარადგინა ფოტოსურათები, რომლებითაც დგინდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სკვერებში აღდგენილი სკამების არსებობა. გარდა ამისა, დასახელებული ფაქტი (აღდგენილი სკამების სკვერებში განთავსება) დადადასტურეს მოწმეებმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გადაზიდვასა და განთავსებაში. ზემოაღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია, იგი ვერ უთითებდა, თუ ვინ განათავსა სკვერებში სკამები, ამასთან, საქმეში არც შესრულებული სამუშაოების სხვა ღირებულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოიპოვებოდა.

რაც შეეხებოდა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამუშაოს შესრულება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით შეიძლებოდა დადასტურებულიყო, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებულად მიჩნევას. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: სუსგ 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ას-323-307-2011).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2012 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ შპს „E.L.-ს-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 11936.95 ლარი შეადგინა, რის შესაბამისადაც ქ.თბილისის მერიას წარმოეშვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების – 11936.95 ლარის გადახდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, რომ შესყიდვების ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად მიიჩნევა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილია მხოლოდ 4794.45 ლარზე და მითითებული თანხა ქ.თბილისის მერიას გადახდილი აქვს;

მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულია 2013 წლის თებერვალში, ანუ ვადის დარღვევით, ამასთან, იგი ხელმოუწერელია და ბეჭედი არ აქვს დასმული;

საქმეში არსებული ფოტომასალა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც სასამართლო დაეყრდნო, ვერ მიიჩნევა სამუშაოების უდავოდ შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორის მოსაზრებით, 2012 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, სამუშაოს შესრულების ფაქტიც არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებითაც. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები ამ თვალსაზრისით რაიმე გამონაკლისს არ ითვალსწინებენ. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ, 01.12.2011წ., საქმეზე №ას-323-307-2011). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ 05.02.2013 წელს მოპასუხეს წარუდგინა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ნუსხა და მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ მოპასუხემ 08.02.2013 წლის წერილით უარი განაცხადა ამ დოკუმენტაციის მიღებაზე და განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მან 2013 წლის 30 იანვარს მოსარჩელესთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან (სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი). იგივე დანაწესს შეიცავს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 15.4 მუხლი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, შემსყიდველის (შემკვეთის) მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეს უკანასკნელი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს (მენარდეს) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე შედგენილი დოკუმენტაციის განხილვაზე და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე მოპასუხემ უარი განაცხადა არა იმ საფუძვლით, რომ ამ დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაო შესრულებული არ ყოფილა, არამედ იმაზე მითითებით, რომ მან მოსარჩელესთან ცალმხრივად შეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების მოშლა კი, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს (შემკვეთს) არ ათავისუფლებს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე