Facebook Twitter

№ას-782-749-2014 4 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „გ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ-ის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2013 წლის 8 აპრილს დილის საათებში სადგურ „ლ-ოს“ ტერიტორიაზე მოხდა სარკინიგზო შემთხვევა, გადატრიალდა სატვირთო მატარებლის ხუთი ვაგონი, რომელიც დატვირთული იყო მოსარჩელის საწვავით. ავარიის შედეგად დაიღვარა 238 758 კგ. საწვავი. აღნიშნული სარკინიგზო შემთხვევის გამო სს „ს.რ-ის“ მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული იქნა დიზელის საწვავის საინვოისო თვითღირებულება 372 112.53 ლარის ოდენობით ანუ სს „ს.რ-ის“ მხრიდან პრეტენზიის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოხდა, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ა “ ვალდებული იყო სრულად აენაზღაურებინა მის მიერ მოთხოვნილი თანხა, რადგანაც გადახდილი თანხა წარმოადგენდა დაღვრილი ტვირთის საბაზრო ფასზე ნაკლებ თანხას. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის აპრილის თვის მდგომარეობით დიზელის საწვავის გასაყიდი ფასი არსებული მონაცემებით იყო გაცილებით მაღალი და მოთხოვნილი თანხა არ აღემატებოდა არსებულ საბაზრო ფასებს. აღნიშნული დასტურდებოდა საქ. სტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს „ს.რ-ას“ შპს „გ-ის“ სასარგებლოდ დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 10 317 ლარის ოდენობით, ასევე გადაუხდელი თანხის 143 737 ლარის ყველთვიური 1%, სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს „ს.რ-ის“ მიერ მოსარჩელისთვის ზიანი სრულად ანაზღაურებულია, რის გამოც არ არსებობს მისთვის რაიმე თანხის დაკისრების საფუძველი. ამასთან უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ აღებული სესხის პროცენტის დაკისრების თაობაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს „ს.რ-ას“ შპს „გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 143 737.53 ლარის გადახდა; შპს „გ-ს“ უარი ეთქვა სს „ს.რ-ისათვის“ 10 317 ლარისა და გადაუხდელი თანხის (143 737.53 ლარი) ყოველთვიური 1%-ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით სს „ს.რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 8 აპრილს, სადგურ „ლ-ოს” ტერიტორიაზე მოხდა სარკინიგზო შემთხვევა, გადატრიალდა სატვირთო მატარებლის ხუთი ვაგონი, რომელიც დატვირთული იყო შპს „გ-ის” კუთვნილი დიზელის საწვავით. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად ვაგონებიდან დაიღვარა 238 758 კგ. საწვავი (281652 ლიტრი). სს „ს.რ-ის” მიერ შპს „გ-ისათვის” ანაზღაურებული იქნა დიზელის საწვავის საინვოისო თვითღირებულება 372 112.53 ლარის ოდენობით.

2013 წლის აპრილის თვის მდგომარეობით დიზელის საწვავის საბითუმო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 1.89 ლარს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 174-180).

შპს „გ-ისათვის“ სარკინიგზო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 143 737.53 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ს.რ-ის” მიერ შპს „გ-ისათვის” ანაზღაურებული იქნა 372 112.53 ლარი, რაც ერთი ლიტრი დიზელის საწვავისათვის შეადგენს 1.32 ლარს. შპს „გ-ს“ 1 ლიტრი დიზელის საორიენტაციო საბაზრო ღირებულებად აღებული აქვს 1.83 ლარი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულიად შეესაბამება 2013 წლის აპრილის თვისათვის საქართველოს ნავთობის ბაზარზე არსებულ ფასებს. ერთი ლიტრი დიზელის საწვავის საბითუმო ფასად - 1.83 ლარად, რეალიზების შედეგად შპს ,,გ-ი“ მიიღებდა მოგებას ერთ ლიტრზე 0.51 ლარს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაღვრილი საწვავის ოდენობის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 143 737.53 ლარს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში რკინიგზა ანაზღაურებს ზიანს დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ტვირთის დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უბრუნებს მისგან მიღებული ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ტვირთის რაოდენობის პროპორციულად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

ამავე კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას - საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად პალატამ დაადგინა, რომ სს „ს.რ-ის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შპს „გ-ი“ საწვავის რეალიზაციის შედეგად მიიღებდა მოგებას 143 737.53 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ს.რ-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე 317-ე, 408-ე 411-ე, 412-ე, 686-ე და 692-ე მუხლები, ასევე სარკინიგზო კოდექსის მე-18 და 46-ე მუხლები. მომხდარი სარკინიგზო შემთხვევიდან გამომდინარე, სს „ს.რ-ის“ მიერ მოსარჩელისთვის გადახდილ იქნა 372 112.53 ლარი „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 467-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ფასგამოუცხადებელი ტვირთის დაკარგვისათვის ზარალი ანაზღაურდება დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულების ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზარალის ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა დაკარგული ნაკლული ან დაზიანებული ტვირთის რაოდენობის პროპორციულად აბრუნებს ამ ტვირთის გადახდის ღირებულების თანხას. აქედან გამომდინარე კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ გულისმობს სს „ს.რ-ის“ მიერ მოსარჩელისადმი რაიმე სახის ვალდებულების არსებობას. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, სათანადო დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სს „ს.რ-ისათვის“ თანხების მოთხოვნის ფაქტი. ასევე წერილობითი მტკიცებულების სახით არ არის წარმოდგენილი, თუ ვინ გადმოზიდა ტვირთი კონკრეტულად ფოთამდე და რა იქნა გადახდილი აღნიშნულ მომსახურებაში, საქმეში არ არის ნავსადგურის ხაზით სარკინიგზო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის წერილობითი მტკიცებულება. კასატორის აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო ზუსტი გაანგარიშებით არ უთითებს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების ოდენობაზე. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სარკინიგზო კოდექსის მუხლები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანამხად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ რადგანაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე მითითება უსაფუძვლოა მათ მიერ მოსარჩელისათვის მომხდარ სარკინიგზო შემთხვევისათვის გადახდილი იქნა 372 112.53 ლარი, რითაც დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელის პრეტენზია კანონიერების ფარგლებში.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდესის 411-ე მუხლი, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა არის მიუღებელი შემოსავალი, რა თანხას მიიღებდა მოსარჩელე ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის და სარკინიგზო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც მოცემულ დავას არეგულირებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

პალატამ ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 692-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას - საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებები შეესაბამება გადამზიდველის პასუხისმგებლობის, ასევე მიუღებელი შემოსავლის შესახებ უზენაესის სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა მისი საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7 186.88 ლარის 70% –100 616,271 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ სს „ს.რ-ას“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო კოდი: ....) მიერ 2014 წლის 1 ივლისის №... საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7186.88 ლარის 70% –5 030.816 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე