Facebook Twitter
№ას-473-447-2012 2012 წელი,

საქმე №ას-888-846-2013 4 მაისი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ.გ; ნ.გ; მ.ჩ.-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ო.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ო.ო.-მა მოპასუხეების - გ.გ.-ის, ნ.პ.-ასა და მ.ჩ.-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ო.ო.-სა და გ.გ.-ს შორის 2011 წლის 7 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების - ბორჯომში, რ.-ის ქუჩის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და სახლის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის 2012 წლის 18 ივნისს დადებული უძრავი ქონების - ბორჯომში, რ.-ის ქუჩის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და სახლის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ო.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო.ო.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

2. ო.ო.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3. ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 18 ივნისს გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის ქ. ბორჯომში, რ.-ის ქ..N....--ში მდებარე (საკადასტრო კოდი - .........) ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

4. ო.ო.-სა და გ.გ.-ს შორის 2011 წლის 07 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაითვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად;

5. 25400 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად გ.გ.-ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბორჯომში, რ.-ის ქ..N....- (საკადასტრო კოდი - .........).

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წელს ო.ო.-ი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც დასაქმებული იყო ქ.მოსკოვის მიმდებარე სააგარაკო ბინების მშენებლობაზე. ამ პერიოდში, მოსკოვში მცხოვრებ, მეგობარ მ.ჩ.-ისაგან ისესხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ბანკიდან კრედიტის სახით გამოიტანა მ.ჩ.-ის მეუღლემ - ე. ს.-ამ იმ პირობით, რომ ო.ო.-ი გამოტანილ კრედიტს თვითონ დაფარავდა, კერძოდ, დაფარავდა როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს 3 წლის განმავლობაში. მთლიანობაში თანხა შეადგენდა 15 400 აშშ დოლარს;

ო.ო.-მა 10 000 აშშ დოლარი 2011 წლის 01 სექტემბერს ორ ეტაპად – 5000/5000 აშშ დოლარი, ბანკის საშუალებით გადმოგზავნა საქართველოში სიდედრის - თ.შ.-ის სახელზე, რომელმაც თანხა აიღო სრულად და მისი ნაწილი - 8000 აშშ დოლარი შეიტანა სს ,,ს. ბ.-ში’’, ო.ო.-ის შვილის – ი. ო.-ის სესხის დასაფარავად, რომელიც მანამდე ეტაპობრივად იფარებოდა ი.ო.-ის მიერ;

2011 წლის შემოდგომაზე ო.ო.-მა მ.ჩ.-ისაგან დამატებით სესხის სახით აიღო 10 000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ აღებული თანხის საფასურად მის კუთვნილ სააგარაკო სახლში ჩაატარებდა სამშენებლო (სარემონტო) სამუშაოებს, რაც მას არ შეუსრულებია გარკვეული მიზეზების გამო (ო. ო.-ის ავადმყოფობის გამო);

2011 წლის დეკემბრის თვეში თბილისში მ.ჩ.-ი შეხვდა ო.ო.-ს და მოსთხოვა მის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ვალის სახით გაცემული თანხის - 25 400 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. ისინი შეთანხმდნენ, რომ სესხის დაბრუნების საკითხზე მასთან ურთიერთობა ექნებოდა გ.გ.-ს, ვინაიდან, მ.ჩ.-ი მიემგზავრებოდა ქ.მოსკოვში;

ო.ო.-ს მ.ჩ.-ის მიმართ არსებული ვალდებულების - სესხის სახით აღებული 25400 აშშ დოლრის არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია;

2011 წლის 07 დეკემბერს გ.გ.-სა და ო.ო.-ს შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბორჯომში, რ.-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი - .........) მდებარე ო.ო.-ის კუთვნილ ბინასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, ო.ო.-მა 25400 აშშ დოლარად გ.გ.-ს მიჰყიდა უძრავი ქონება;

საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 2012 წლის 8 მაისს, ანუ გ.გ.-სა და ო.ო.-ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ო.ო.-ის მიერ მოსკოვში 538.00 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, გადარიცხული თანხა წარმოადგენდა იმ სესხის პროცენტს, რომლის გადახდის ვალდებულებაც იკისრა ო.ო.-მა მ.ჩ.-ისა და ე.ს.-ს წინაშე;

2012 წლის 18 ივნისს გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ.გ.-მა ნ.პ.-ას 25400 აშშ დოლარად მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ბორჯომში, რ.-ს ქ. №...-ში, (ს/კ №.........);

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ჩ.-მა ო.ო.-ს ასესხა 25400 აშშ დოლარი, ხოლო, ო.ო.-მა სესხის უზრუნველსაყოფად გ.გ.-ს გადაუფორმა სადავო ბინა;

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომში, რ.-ის ქ. .N....--ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - .........) დატვირთული იყო იპოთეკით ი.ო.-ისა და ნ.ო.-ის სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ სესხზე გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 326.19 აშშ დოლარს. სესხზე დარჩენილი იყო 49 გადახდა. 2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 11660.55 აშშ დოლარს. 2012 წლის 01 აგვისტოს, 31 აგვისტოს, 28 სექტემბერს, 30 ოქტომბერს და 28 დეკემბერს ბანკის კრედიტი - 250-260 აშშ დოლარის ოდენობით გადაიხადა ნ.პ.-ამ.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის აუცილებელია არსებობდეს გარიგების მონაწილეთა ნება, დაფარონ სხვა გარიგება, ანუ მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ და შეგნებულად უშვებენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, რომელიც მათთვის წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 286-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდებოდა ო.ო.-სა და მ.ჩ.-ს შორის 25400 აშშ დოლარზე ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლის უზრუნველსაყოფად ო.ო.-მა, გ.გ.-ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება მდებარე, ბორჯომში, რ.-ის ქ. .N....--ში (საკადასტრო კოდი - .........). ამდენად, მხარეთა ინტერესს წარმოადგენდა არა უძრავი ქონების ნასყიდობა, არამედ სესხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს ო.ო.-სა და გ.გ.-ს შორის რეალურად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ბორჯომში, რ.-ის ქ.№...-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი - .........).

სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებამ უნდა დაიკავოს თვალთმაქცური გარიგების – ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ადგილი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ბათილად ცნო 2011 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მის ნაცვლად ო.ო.-სა და გ.გ.-ს შორის დადებულად მიიჩნია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 25400 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად კი გ.გ.-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება მდებარე ბორჯომში, რ.-ის ქ. .N....- (საკადასტრო კოდი - .........).

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის 2012 წლის 18 ივნისს დადებული გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ნასყიდობისათვის დამახასითებელი ნიშნების არსებობა, კერძოდ, მყიდველის მიერ თანხის გადახდა და ნივთის მიღება (დაუფლება). ამასთან, სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 21 მაისიდან 2012 წლის 14 ივნისამდე სადავო უძრავ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა (2012 წლის 14 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის №......... საქმეზე შეწყდა გამოძიება და ყადაღა მოეხსნა უძრავ ნივთს), 2011 წლის 7 დეკემბერს ო.ო.-სა და გ.გ.-ს შორის რეალურად დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ო.-ების ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლება თავდაპირველად ხორციელდებოდა არა ნ.პ.-ას, არამედ, გ.გ.-ის განცხადების საფუძველზე. სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები მეტყველებნ იმაზე, რომ 2012 წლის 18 ივნისს გ.გ.-სა და ნ.პ.-ას სინამდვილეში არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, არამედ ეს გარიგება მიზნად ისახავდა გ.გ.-ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ნივთის დაცვას მესამე პირის სარჩელისაგან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის 2012 წლის 18 ივნისს ბორჯომში, რ.-ის ქ. №...-ში მდებარე ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევისათვის აუცილებელია ასევე დადგინდეს, არის თუ არა ნივთის შემძენი ნ.პ.-ა კეთილსინდისიერი გარიგების მიმართ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არა არის, რომ ნ.პ.-ა არის გ.გ.-ის დეიდა და მას მჭიდრო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა მხარეებს შორის რეალური სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, იგი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა დავის საგანს, კერძოდ, მას უნდა სცოდნოდა, რომ გ.გ.-თან 2012 წლის 18 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, 2012 წლის 21 მაისს, შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში ო.ო.-ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის №........ საქმეზე, ო. ო.-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ხოლო, 4 დღით ადრე, ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე დ. ჯ.-ის 2012 წლის 14 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის №........ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის №12/005-12წ. განჩინება და ყადაღა მოეხსნა გ.გ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი №.........). სამოქალაქო საქმეთა პალატამ ნ.პ.-ას კეთლსინდისიერ შემძენად მიჩნევის დამადასტურებელ მტკიცებულებებად არ მიიჩნია მის მიერ 2012 წლის 01 აგვისტოს, ასევე, ამავე წლის 31 აგვისტოს, 28 სექტემბერს, 30 ოქტომბერს და 28 დეკემბერს ბანკის წინაშე არსებული დავალიანების - 250-260 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ნ.პ.-ა არ დაფარავდა ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, ბანკი იძულებული იქნებოდა თავისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უძრავი ქონებიდან, რაც ბუნებრივია არ შედიოდა ნ.პ.-ასა და გ.გ.-ის ინტერესებში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრის სტატუსით დარეგისტრირდებოდა ახალი მესაკუთრე, რითაც ნ.პ.-ა და გ. გ.-ი დაკარგავდნენ სესხის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ უძრავ ნივთს და მათი მოთხოვნა დარჩებოდა არაუზრუნველყოფილ მოთხოვნად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.გ.-მა, ნ.პ.-ამ და მ.ჩ.-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სადავო 2011 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულება სასამართლოს უნდა შეეფასებინა მ.ჩ.-ისა და გ.გ.-ის განმარტებებისა და მისგან გამომდინარე ინტერესების შესაბამისად. მ.ჩ.-ისა და გ.გ.-ის განმარტებებიდან ირკვევა, რომ მათი ინტერესი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაიდო ო.ო.-ის მიერ მ.ჩ.-ის მიმართ არსებული ვალის სანაცვლოდ სხვა შესრულების შეთავაზებით, კერძოდ, ბინის საკუთრებაში გადაცემით. ასეთი გარიგება შეესაბამება კანონს - სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლს;

ო.ო.-ის მითითება იმაზე, რომ 2011 წლის 7 დეკემბრის გარიგება დაიდო მოტყუებით, გამორიცხავს ამ გარიგების მოჩვენებით ხასიათს. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის უნდა დასტურდებოდეს გარიგების ორივე მხარის შესაბამისი განზრახვა, რასაც ო.ო.-ის მოტყუების შემთხვევაში ადგილი ვერ ექნებოდა. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი;

ნ.პ.-ა და გ.გ.-ი ადასტურებენ, რომ მათ შორის 2012 წლის 18 ივნისს რელურად დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს მათი განმარტებები ნასყიდობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების თაობაზე საკმარის მტკიცებულებად უნდა მიეჩნია შესაბამისი გარემოებების დასადგენად, ვინაიდან ო.ო.-ს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, გამყიდველისა და მყიდველის ერთმანეთის მიმართ არსებული უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე;

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა 2012 წლის 18 ივნისის გარიგების მიმართ ნ.პ.-ას არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ნ.პ.-ას არ ჰქონდა გ.გ.-ის უფლებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან არსებობდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი გ.გ.-ის საკუთრების უფლების შესახებ და ამასთან, 2012 წლის 14 ივნისის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გ.გ.-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. მხოლოდ ნათესაური კავშირი ნ.პ.-ას არ ავალდებულებდა, სადავო ბინის შესახებ სცოდნოდა იმაზე მეტი, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს;

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება 2012 წლის 8 მაისს, ანუ გ.გ.-სა და ო. ო.-ს შორის 2011 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ო.ო.-ის მიერ მოსკოვში 538.00 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით წარმოადგენდა იმ სესხის პროცენტს, რომელის გადახდის ვალდებულებაც იკისრა ო.ო.-მა მ.ჩ.-ისა და ე. ს.-ას წინაშე. სასამართლომ არ დაადგინა, თუ სინამდვილეში ვის სახელზე მოხდა თანხის გადარიცხვა და რა დანიშნულებით და, თუ თანხა წარმოადგენდა მ.ჩ.-ის მიმართ ვალდებულების შესრულებას, რატომ არ გადასცა იგი მ.ჩ.-ის ნდობით აღჭურვილ პირს - გ.გ.-ს. ამასთან, თანხის გადარიცხვის დროისთვის ო.ო.-ისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, რაც გამორიცხავდა მ.ჩ.-ის მიმართ სესხიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას;

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლი. სადავო გარიგების 2011 წლის 7 დეკემბერს გაფორმებისას ნასყიდობის საგანი უკვე დატვირთული იყო იპოთეკით და გ.გ.-ი პირველი რიგის იპოთეკართან უპირატესად ვერ დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას;

სასამართლოს არ შეეძლო დაედგინა სესხის ხელშეკრულების არსებობა 2011 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულების მიღმა, ვინაიდან ვერ განსაზღვრავდა სეხსის გაცემის ვადასა და სხვა პირობებს მათი არარსებობის გამო;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ.-ის, ნ.პ.-ასა და მ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად 2011 წლის 7 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე არასწორად დაადგინა, რომ სადავო გარიგებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, კერძოდ, მოსარჩელე უთითებდა, რომ იგი სადავო გარიგების დადებისას მოატყუეს, ხოლო მოპასუხეები უარყოფდნენ მოსარჩელესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტს.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის განმარტების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა ფაქტობრივად ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს. მოსარჩელის განმარტებითვე, მას ბინის გაყიდვის სურვილი კი არ ჰქონდა, არამედ იგი თანახმა იყო, რომ მოპასუხის მიმართ არსებული სესხის უზრუნველსაყოფად მისი ბინა იპოთეკით დატვირთულიყო. მოსარჩელის აღნიშნული განმარტებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ მხარეების ნამდვილი ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისაკენ. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, მოსარჩელე მიუთითებდა იმაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ იგი აგრძელებდა მოპასუხის მიმართ არსებული სესხის დაფარვას და პარალელურად იხდიდა ასევე ბანკის წინაშე არსებულ სესხს, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული სადავო ბინა. სესხის პროცენტის გადახდის მტკიცებულებად მოსარჩელემ სარჩელს დაურთო 08.05. 2012 წლის თანხის გადარიცხვის ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მეუღლის ანგარიშზე გადარიცხა 530.00 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ამ ოდენობის თანხის გადახდა უწევდა მას ყოველთვიურად მოპასუხისგან ნასესხები თანხის პროცენტის სახით. ამ მტკიცებულების გასაქარწყლებლად მოპასუხეს თავის შესაგებელში რაიმე განმარტება არ წარმოუდგენია, საკასაციო საჩივარში კი განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ ვის სახელზე გადაირიცხა ეს თანხა და რა დანიშნულებით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც გადარიცხვის ქვითრით ირკვევა, მითითებული თანხა გადაირიცხა მოპასუხე მ.ჩ.-ის (კრედიტორის) მეუღლის - ე. ს.-ას სახელზე. სააპელაციო სასამართლომ გადარიცხვის ქვითრისა და მოსარჩელის ახსნა-განმატების საფუძველზე მიიჩნია, რომ გადარიცხული თანხა იყო სესხის პროცენტი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს მოპასუხე თავადაც არ ხდის სადავოდ, მას ან ის გარემოება უნდა დაედასტურებინა, რომ 530 აშშ დოლარი მოსარჩელეს საერთოდ არ ჩაურიცხავს მისი მეღლის ანგარიშზე, ან, - რომ ეს თანხა არ იყო სესხის პროცენტი და მისი მიღების სხვა საფუძველი არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს თანხა უკან უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის. ამ გარემოებებზე მოპასუხე არ უთითებს და, შესაბამისად, ვერც ადასტურებს მათი არსებობის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, იგი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსკ-ის 407.2 მუხლი), აბათილებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო გარიგებით მოსარჩელემ, მოპასუხის მიმართ არსებული ვალის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი სახლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 07.12.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად და ამ გარიგებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სკ-ის 56.2 მუხლი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო დაედგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა, ვინაიდან მას არ დაუდგენია ამ ხელშეკრულების სხვა პირობები, კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადა, სარგებლის ოდენობა და სხვა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 626-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ როგორც სესხის პროცენტი, ასევე ვალის დაბრუნების ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით იქნეს გათვალისწინებული ხელშეკრულებით, თუმცა ასეთი შეთანხმების არარსებობა გავლენას არ ახდენს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის იმ მოსაზრებას, რომ გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის 2012 წლის 18 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფძველი არ არსებობდა, ვინაიდან ეს ხელშეკრულება არ არის დადებული მოსაჩვენებლად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა. ო.ო.-მა 25400 აშშ დოლარი ისესხა მ.ჩ.-ისგან; ბ. მ.ჩ.-მა მოთხოვნის უფლება დაუთმო თავის სიძეს - გ.გ.-ს; 2011 წლის 7 დეკემბერს გ.გ.-სა და ო.ო.-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაიფარა 25400 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; ბ. ო.ო.-ის განცხადების საფუძველზე 2012 წლის 21 მაისს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ო. ო.-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ბ. ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის 2012 წლის 14 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება და ყადაღა მოეხსნა სადავო უძრავ ქონებას; გ. ყადაღის გაუქმებიდან ოთხ დღეში, 2012 წლის 18 ივნისს, გ.გ.-მა სადავო უძრავი ქონება მიყიდა ნ.პ.-ას; დ. ნ.პ.-ას ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია; ე. ნ.პ.-ა სადავო უძრავ ქონებას არ დაუფლებია; ნ.პ.-ა არის გ.გ.-ის მამიდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსკ-ის 407.2 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ 18.06.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა (მოჩვენებითი გარიგება - სკ-ის 56.1 მუხლი).

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება ნ.პ.-ას კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ.გ.-სა და ნ.პ.-ას შორის არსებული ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ უკანასკნელმა იცოდა სადავო უძრავ ქონებაზე 7.12.2011წ. დადებული გარიგების ნამდვილი შინაარსი, ანუ ის, რომ ამ გარიგებით დაიფარა 25400 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და, რომ სადავო იყო ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე გ.გ.-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული ვარაუდის (პრეზუმფციის) გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდათ კასატორებს. მათ ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რაც ამ პრეზუმფციას გააქარწყლებდა (იხ. სუსგ, 18.11.2008წ., საქმე #ას-533-786-08).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ.გ.-ის, ნ.პ.-ასა და მ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.გ.-ისა და ნ.პ.-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4127.00 ლარი) 70% – 2888.90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ.-ის, ნ.პ.-ასა და მ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს - გ.გ.-ს, ნ.პ.-ასა და მ.ჩ.-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3095.00 ლარი, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი – 05.08.2013წ., გადამხდელი - გ.გ.-ი; 1032.00 ლარი, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი – 05.08.2013წ., გადამხდელი - ნ.პ.-ა) 70% – 2888.90 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე