№ ას-888-850-2014 25 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1978 წლის 29 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა „L. G. ...“ სახელმწიფო ნომრით ...-... თანაცხოვრების განმავლობაში ოჯახის მიერ დანაზოგი თანხა ირიცხებოდა „ს. ბ-სა“ და „პ. ბ-ში“ არსებულ ანგარიშებზე. მათგან ზოგიერთ ანგარიშზე ამჟამადაც ირიცხება, ხოლო ზოგიერთი ანგარიშიდან მოპასუხემ ერთპიროვნულად გაიტანა თანხა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაიწყო დავა ქონებაზე და ერთად აღარ ცხოვრობენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, თანაცხოვრებისას შეძენილი ავტომანქანის ღირებულების – 15000 აშშ დოლარის, „ს. ბ-ის“ ანგარიშზე არსებული 100186 ლარის, ამავე ბანკის სხვა ანგარიშზე არსებული – 442.11 ლარის, სს „პ-ის“ ანგარიშზე არსებული 154000 აშშ დოლარის, ამავე ბანკის სხვა ანგარიშზე არსებული 32000 აშშ დოლარისა და ამავე ბანკის კიდევ სხვა ანგარიშზე არსებული 26296.65 აშშ დოლარის ნახევრის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხობა განაცხადა, მოსარჩელისათვის გადაეხადა ავტომანქანა „L-ის“ ღირებულების - 15000 აშშ დოლარის ნახევარი – 7500 აშშ დოლარი, სს „პ-ში“ მის ანგარიშზე არსებული 26361.49 აშშ დოლარის ნახევარი – 13148.32 აშშ დოლარი ასევე, სს „ს. ბ-ში“ მის ანგარიშზე არსებული თანხის – 399.97 ლარის ნახევარი – 199.98 ლარი. დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სარჩელში მითითებულ სხვა ანგარიშებზე მას დასახელებული თანხები არ გააჩნია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 97 648.32 აშშ დოლარისა და 50221.05 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება 50000 ლარისა და 77000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე „საქმეზე მტკიცებულებათა დართვის შესახებ“ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქმეზე მტკიცებულებათა დართვის შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენდნენ ახალ მტკიცებულებებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 12 სექტემბერს წარდგენილ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებულ გარემოებაზე და განაცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, განცხადების თანახმად, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით მანამდეც ჰქონდა მიმართული სასამართლოსათვის, რის დასადასტურებლადაც განცხადებას თან დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ; 2013 წლის 19 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ ხარვეზის დადგენის შესახებ და ასევე 2013 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარემოება, რომლის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა სადავო მტკიცებულებები, მას მითითებული ჰქონდა ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეტაპზე და ამ ეტაპზევე ჰქონდა წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 24 დეკემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებები ემსახურებოდა მხოლოდ დაზუსტებას იმ გარემოებისა, რომლის დასადასტურებლადაც, მოსარჩელეს მოსამზადებელ ეტაპზე ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებები ახალ მტკიცებულებებად არ უნდა ყოფილიყო განხილული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2013 წლის 28 ივნისის განცხადებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უძრუნველყოფისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით; სამოქალაქო საქმეზე 2013 წლის 15 ივლისის სარჩელით; სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით; სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2013 წლის 18 ივლისის განცხადებით; სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით; სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით; 2013 წლის 19 ივლისის სააღსრულებო ფურცლით; სამოქალაქო საქმეზე 2013 წლის 26 ივლისის სარჩელით; სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით; 2013 წლის 31 ივლისის კერძო საჩივრით) დსატურდებოდა, რომ მხარეები 2013 წლის ივნისის ბოლოდან ერთმანეთთან სამოქალაქო დავაში იმყოფებოდნენ (ტ. I, ს.ფ. 5, 14-25; ტ. II, ს.ფ. 172-233);
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158.1-ე, 1159-ე, 1164-ე, 1168.1-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მუღლეთა საერთო ქონება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც, განსახილველ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მეუღლეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტს.
სააპელაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა და, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. კ-ე და ა. კ-ე 1978 წლის 29 სექტემბრიდან დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
ა. კ-ის სახელზე სს „ს. ბ-ში“ არაუგვიანეს 2010 წლის 15 ივნისისა გახსნილი იყო №........ ანგარიში, რომელზეც არსებული თანხა 100 000 ლარი მოპასუხემ გაიტანა 2013 წლის 30 ივლისს;
ა. კ-ის სახელზე სს „პ. ბ-ში“ 2012 წლის 29 ოქტომბერს გახსნილ იქნა ვადიანი ანაბარი ანგარიშის №........, რომელზეც ირიცხებოდა 154 000 აშშ დოლარი. ანაბრის ვადამდელი დახურვის გზით ანგარიშზე არსებული 154 000 აშშ დოლარი მოპასუხემ სრულად გაიტანა 2013 წლის 30 ივლისს.
იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ მითითებული ანგარიშები შეიქმნა და მასზე თანხები განთავსდა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო თანხები წარმოადგენდა მეუღლეთა: ა. კ-ის და მ. კ-ის თანასაკუთრებას.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა ხაშურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ 2013 წლის 30 ივლისს, მოპასუხის მიერ მისი საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოხსნა და გატანა განხორციელდა არა საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინა მეუღლესთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1, 102-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აპელანტმა სადავო საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილი თანხები მოახმარა ოჯახის ინტერესებს, ეკისრებოდა აპელანტს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა სადავო თანხები საბანკო ანგარიშებიდან მოხსნა 2013 წლის 30 ივლისს, მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სამოქალაქო დავაში, აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, საოჯახო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებად ვერ მიიჩნეოდა.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ა. კ-ემ სადავო საბანკო ანგარიშებიდან გაიტანა მათზე განთავსებული თანხების როგორც საკუთარი, ასევე მეუღლის კუთვნილი ნაწილი, შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა აღნიშნულ ანგარიშებზე 2013 წლის 30 ივლისამდე არსებული თანხების ნახევრის გადახდა, რაც შეადგენდა 50 000 ლარსა და 77 000 აშშ დოლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 24 დეკემბრის მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ დაყენებული შუამდგომლობა წერილობითი ფორმით წარდგენილი არ ყოფილა; მართალია, საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი უშვებს შუამდგომლობის წარდგენას ზეპირი ფორმითაც, რომელიც შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე აყენებს შუამდგომლობას, მაგრამ კონკრეტულად თუ რა არსებითად ახალმა გარემოებებმა განაპირობეს სასამართლოს მთავარ სხდომაზე თუნდაც ზეპირი ფორმით შუამდგომლობის დაყენება ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ და რა უშუალო კავშირი აქვთ მათ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, მხარისა და სამართლოს მიერ დასაბუთებული არ არის.
კასატორის მითითებით, მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენელ ხათუნა ხურცილავას მხრივ მოთხოვნის დაზუსტების არაერთი უშედეგო მცდელობისა (იხ. შუამდგომლობები), სარჩელის მოთხოვნები უფრო ბუნდოვანი გახდა, რის გამოც ახლად ჩართული წარმომადგენლის მიერ საჭირო შეიქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე (24.12.2013წ) წარდგენილი განცხადებით მოთხოვნის ხელახლა დაზუსტება, კერძოდ, საბოლოოდ მოთხოვნილ იქნა ა. კ-ის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების, საბანკო ანგარიშებზე ,,არსებული“ თანხების ნახევრის, სულ 121 148.32 აშშ დოლარის და 50 314.11 ლარის მოპასუხე მხარისთვის გადასახდელად დაკისრება (იხ. განცხადება). ამ განცხადებაში (და არა შუამდგომლობაში) არსად მითითებული არ არის ახალი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობაზე და მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე. თუმცა, ე.წ. ახალი მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზები მოსარჩელე მხარეს რეალურად არც გააჩნდა, ვინაიდან ეს მტკიცებულებები თვითონ მის მიერ და მისივე მონაწილეობით არის შექმნილი: ახალ მტკიცებულებებად დასახელებული საბუთები სინამდვილეში შეადგენს მოსარჩელის წარმომადგენლის (ხურცილავას) მიერ ქვემდებარეობის წესების დარღვევით არაუფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ მისსავე განცხადება–სარჩელებზე მიღებულ სასამართლო განჩინებებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების, ასეთი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გამოტანილი განჩინებების გაუქმების, სარჩელების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ცხადია, რომ ეს მტკიცებულებები საქმის წარმოების საპროცესო თავისებურებათა გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა თვითონ მოსარჩელე მხარეს გააჩნდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში განცხადება-სარჩელის შეტანის დროისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში მთავარ სხდომამდე მათი წარუდგენლობის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მართალია, სასამართლოს უფლება აქვს მთავარ სხდომაზე განიხილოს მხარის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, მაგრამ ასეთი უფლება, როგორც საპროცესო კოდექსის დანაწესიდან ჩანს, მხოლოდ მხარის ან/და სასამართლოს თავნებობაზე არ არის დამოკიდებული, ხოლო თუ რა საპატიო მიზეზი და მტკიცებულება ჰქონდა მოსარჩელეს ასეთი შუამდგომლობის საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობისათვის ან რა ობიექტური მიზეზების გამო არ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ, ან წარმოიშვა მათი წარდგენის აუცილებლობა, ეს გარემოებები, მოსარჩელეს და სასამართლოს, ცალ-ცალკე და ერთად, ასევე არ დაუსაბუთებიათ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხარეთა შორის „ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის“ მომენტის დადგენისას მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოპასუხეს დააკისრა და ამ ნაწილში შესაბამისი მტკიცებულების მოპასუხის მხრიდან წარუდგენლობა ჩათვალა მისივე მოსაზრების უარსაყოფად, ეს მაშინ, როცა არც მოსარჩელეს ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები მისივე განცხადების დასასაბუთებლად, რის გამოც თანაბარ პირობებში მხარეთა ჩაყენების შემთხვევაში, მოსარჩელის მოსაზრებაც სასამართლოს დაუსაბუთებლად უნდა ჩაეთვალა და არ გაეზიარებინა. მით უფრო, რომ მხარეთა შორის ქორწინება კანონით დადგენილი წესით შეწყვეტილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ფაქტის, რაიმე პერიოდის ან/და თარიღის დადგენისათვის სასამართლოს არ გააჩნდა იურიდიული საფუძველი, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ ქორწინების ე.წ. „ფაქტობრივი შეწყვეტის" პერიოდი დაადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4(1), 102-ე, 103-ე(1) მუხლების დარღვევით.
სასამართლომ მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის პერიოდად 2013 წლის ივნისი იმ საფუძვლებით დაადგინა, რომ მისივე დასკვნით, თითქოსდა ასეთი განმარტება მოპასუხემ გააკეთა, ამასთან, მოსარჩელის ,,მიერ 2013 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, სადაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის ქონებასა და ანგარიშებზე შეზღუდვის დაწესებას იმ მოტივით, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნით“.
განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის თითქოსდა 2013 წლის ივნისიდან ან 28 ივნისიდან ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოპასუხის მხრიდან გაცხადებული არ ყოფილა; მით უფრო, რომ მოპასუხე ა. კ-ე სასამართლო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობას საერთოდ არც იღებდა და ის წარმოდგენილი იყო რწმუნებულის სახით. ხოლო, თუ რა იურიდიული კავშირი აქვს სასამართლოში განცხადების ან სარჩელის აღძვრას ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის მომენტის დადგენისათვის, ან ასეთი ფაქტის საერთოდ დადგენას ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელის განხილვისას, კასატორის აზრით, გაუგებარია.
კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მ. კ-ემ ამ საქმეზე დავა უფლებამოსილ სასამართლოში დაიწყო არა 28.06.2013 წელს, არამედ 2013 წლის 12 სექტემბრიდან, რა დროსაც მის მიერ განცხადება იქნა შეტანილი ამ საქმის განხილვისათვის უფლებამოსილ ხაშურის რაიონულ სასამართლოში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ა. კ-ის საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღების მოთხოვნით. ზოგიერთი საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა კი, ა. კ-ის მიერ განხორციელებულია უფლებამოსილ ხაშურის რაიონულ სასამართლოში დავის დაწყებამდე, ანუ მ. კ-ის განცხადების შეტანამდე გაცილებით ადრე.
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ „2013 წლის ივნისის შემდგომ მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების განკარგვა განხორციელდა არა საოჯახო მეურნეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა ვალდებულება თანამესაკუთრის მიმართ", კასატორის აზრით, არამართებულია.
კასატორის მოსაზრებით, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის პერიოდად 2013 წლის 28 ივნისის დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა არასწორად დაეთანხმა ხაშურის რაიონულ სასამართლოს დასკვნას, რომ „2013 წლის 30 ივლისს მოპასუხის მიერ მისი საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოხსნა და გატანა განხორციელდა არა საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინა მეუღლესთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის ვალდებულება“;
ამასთან, სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთანაც, ვინაიდან ა. კ-ის მიერ საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანის მიზანი რეალურად თანამესაკუთრის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება რომ ყოფილიყო, ის იმავდროულად მოკლებული არ იყო შესაძლებლობას, რომ სხვა საბანკო ანგარიშებიდანაც გაეტანა თანხები. სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მის სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე კვლავ ირიცხება თანხები, რომლებსაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ხაშურის რაიონული სასამართლოს 13 სექტემბრის განჩინებით დაედოთ ყადაღა.
სასამართლოს დასკვნა სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ცხადია, რომ ვალდებულების შესრულებისათვის თავის ამრიდებელი თანამესაკუთრე მეუღლე (ა. კ-ე) მის ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობას კი არ გაზრდიდა, არამედ შეამცირებდა ან/და საერთოდ გაანულებდა. მოცემულ შემთხვევაში, თვითონ სასამართლოს მიერ არის დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს ,,პ.ბ-ი“–ს №.... ანგარიშზე 15.11.2013წ მონაცემებით ირიცხებოდა 26 296.65 აშშ დოლარი, ხოლო 16.12.2013წ მონაცემებით თანხის ოდენობა გაიზარდა და გახდა 26 361.49 აშშ დოლარი.
სასამართლომ თავის 31.12.2013 წლის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა დაეკისროს მოპასუხეს მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების ნახევარის გადახდა და მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს მაშინ, როცა სასამართლოს მიერვე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. კ-ის საბანკო ანგარიშებიდან ჯერ კიდევ 2013 წლის 9 და 30 ივლისს უკვე განხორციელებულია თანხების 100 000 ლარისა და 154 000 აშშ დოლარის გატანა. აღნიშნული კი, იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მის საბანკო ანგარიშებზე არარსებული თანხების გადახდა.
სასამართლომ მართალია გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე(1), 1159-ე, 1164-ე, 1168-ე (1) მუხლებით, თუმცა მათი არასწორი განმარტებით, საქმეზე არამართებული გადაწყვეტილება გამოიტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, ა. კ-ე სადავოდ ხდის ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის მასალების სახით მტკიცებულებების დართვის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით იქნა წარმოდგენილი და ისინი წარმოადგენდნენ ახალ მტკიცებულებებს, შესაბამისად, სასამართლოს შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა მოსაზრებას, რომ გარემოება, რომლის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა სადავო მტკიცებულებები, მას მითითებული ჰქონდა ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ეტაპზე და ამ ეტაპზევე ჰქონდა წარდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ: საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ მას სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით მანამდეც ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართული, რის დასადასტურებლადაც განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, 2013 წლის 19 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ ხარვეზის დადგენის შესახებ და 2013 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 14-25). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 24 დეკემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებები ემსახურებოდა მხოლოდ დაზუსტებას იმ გარემოებისა, რომლის დასადასტურებლადაც მოსარჩელეს მოსამზადებელ ეტაპზე ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ახალ გარემოებებზე მითითებად და ახალ მტკიცებულებებად ვერ განიხილებოდა და იგი შეიძლება მიჩნეულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების დამატებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სადავო განჩინებით არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: №126-121-2012, ას-1489-1405-2012).
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30% - 1800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. კ-ეს (პ№......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ( ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ( 6000 ლარის) 30% – 1800 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე