14 მაისი, 2015 წელი
საქმე №ას-484-458-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.მ.სა და კ.მ.ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, მ.მ.ის სარჩელის გამო, ი. და კ.მ.ის მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.მ.სა და კ.მ.ის კერძო საჩივარი ი.მ.ის პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო კერძო საჩივარს კ.მ.ის პრეტენზიის ნაწილში ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგარძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძოს საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება, მხარეებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და ი.მ.ს ჩაბარდა 2015 წლის 15 აპრილს (ტ. III, ს.ფ.25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 16 აპრილს და ამოიწურა 2015 წლის 27 აპრილს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით დასტურდება რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2015 წლის 4 მაისს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება წარმოდგენილ კერძო საჩივარს კ.მ.ის პრეტენზიის ნაწილში, მას ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მითითებას იმ საპროცესო ნორმების დარღვევაზე, რაც შეიძლება გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. ამდენად, პალატა მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც ხარვეზის დადგენის კიდევ ერთი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ.სა და კ.მ.ის კერძო საჩივარი ი.მ.ის პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. კ.მ.ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს დასაბუთებული კერძო საჩივარი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა.
3. კერძო საჩივრის ავტორს დაევალოს წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში _ საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი _ „განაღდებულია).
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე