საქმე №ას-459-438-2015 11 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „M.-“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება, „ბეს“ სახით გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „M.--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ.-ას“ მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხისათვის შპს „M.--ის“ სასარგებლოდ გადახდილი მშენებარე ფართის ღირებულების – 459 000 აშშ დოლარის, „ბეს“ ორმაგი ოდენობის – 20 000 აშშ დოლარის, ზიანის ანაზღაურება მშენებარე ფართის ღირებულების გადასახდელად ბანკიდან მიღებული კრედიტის პროცენტის სახით – 61 310 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 118575 აშშ დოლარისა (წელიწადში 22950 აშშ დოლარი; სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თვეში 1912,5 აშშ დოლარი) და პირგასამტეხლოს – 41310 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ას“ შპს „M.--ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფასური – 459 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს სახით – 41 310 აშშ დოლარი. შპს „M.--ის“ სარჩელი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „M.--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ბ.-ას“ შპს „M.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი 39652,5 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის მომენტისათვის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან 2013 წლის 26 დეკემბრიდან ყოველთვიურად 1912,5 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შპს „ბ.-ას“ შპს „M.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 28917 აშშ დოლარის გადახდა. შპს „M.--ს“ შპს „ბ.-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 855 ლარის გადახდა. შპს „ბ.-ას“ შპს „M.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4788 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „M.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „M.--ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი შპს „M.--ის“ დირექტორი მ. ბ.-ე, ასევე მისი წარმომადგენელი ა. გ.- (იხ. ტ.2, ს.ფ.200-211). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2015 წლის 27 მარტისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. შპს „M.--ის“ დირექტორმა მ. ბ.-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩიაბარა 2015 წლის 8 აპრილს (იხ. ტ.2, ს.ფ. 429).
დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 28 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2015 წლის 17 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შპს „M.--ის“ წარმომადგენელმა ა. გ.-მ ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 23 აპრილს (იხ. ტ.2, ს.ფ.453-465) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „M.--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი