საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ა-1103-შ-25-2015 3 ივნისი, 2015წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. 2011 -“
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №ა08-5287/2014) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
შპს „კ. 2011 --ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – ...., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი – 3.01.2011) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კკ.კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის – 1 532 522.61 რუბლის, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს – 149 420.95 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 29 819.43 რუბლის, მთლიანობაში 1 711 762.99 რუბლის გადახდა.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ის“ დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
ა. რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლითაც დადასტურდებოდა დედანთან მისი იდენტურობა;
ბ. ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2015 წლის 15 მაისს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ხარვეზის შევსების მიზნით შუამდგომლობის ავტორის მიერ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან გამოგზავნილი კორესპონდენცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ის“ დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
ა. რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლითაც დადასტურდებოდა დედანთან მისი იდენტურობა;
ბ. ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
საქმის მასალების თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ის“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებისა და მისი რუსული თარგმანის ასლები 2015 წლის 6 აპრილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა შუამდგომლობაში დასახელებულ მისამართზე – რუსეთის ფედერაცია, ქბელგოროდი, ს.-ას ქ..... აღნიშნული გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 13 აპრილს.
„საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
კანონის ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 14 აპრილს და დასრულდა 2015 წლის 23 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ხუთშაბათი. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მიერ რუსეთის ფედერაციის ქ.ბელგოროდიდან ხარვეზის შევსების მიზნით გამოგზავნილ კორესპონდენციას, მასზე თანდართული საფოსტო კონვერტიდან დგინდება, რომ მხარემ ეს კორესპონდეცია ბელგოროდის ფოსტაში 2015 წლის 30 აპრილს ჩააბარა, რა დროისთვისაც გასული იყო ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული საპროცესო ვადა. გარდა ამისა, ხსენებული კორესპონდენციის ბელგოროდის ფოსტაში შეტანის თარიღი – 2015 წლის 30 აპრილი – ირკვევა რუსეთის ფოსტის ვებგვერდის საშუალებით, სადაც ასევე დაფიქსირებულია, რომ ბელგოროდის ფოსტაში კორესპონდენცია 2015 წლის 30 აპრილს, 15.41 საათზე შევიდა).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში, კერძოდ, იმის გამო, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-მა“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო, არსებობს მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 399-ე, 372-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქარხანა „კ.კ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №ა08-5287/2014) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე