საქმე №ა-1190-ა-9-2015 8 ივნისი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ი.ბ–ის“ დირექტორი ი.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“, გ.ო.
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ი.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ს“ უფლებამონაცვლე შპს „ბ–ისა“ და გ.ო–ის მიმართ მოპასუხეებისათვის შესრულებული სამუშაოების გადაუხდელი თანხის _ 977 570 ლარისა და ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 2 005 944 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 977 570 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩვარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს „ი.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი.ბ–მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „ი.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ი.ბ–მა“ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძლებით:
განმცხადებლის განმარტებით, ის (საზოგადოების დირექტორი) ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში (არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა) ორჯერ მივიდა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადაეცა, მოსამართლის თანაშემწემ ის დაიბარა 2015 წლის 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილება მხარეს ამავე დღის ბოლოს ჩაბარდა, რის გამოც, როგორც წესი, მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან _ 2015 წლის 31 იანვრიდან და საჩივარი ფოსტას ჩააბარა 21-ე დღეს _ 20 თებერვალს. განმცხადებლის განმარტებით, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ 30 იანვარი იქნებოდა ვადის ათვლის პირველი დღე, რადგანაც მას დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი ბრალის გარეშე ჩაბარდა საპროცესო ვადის დარღვევით, ამასთანავე, მოსამართლის თანაშემწეს არ განუმარტავს მისთვის, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების დაგვიანებით გადაცემისა, მას ვადის ათვლა 2015 წლის 30 იანვრიდან დაეწყებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან გახდა მხარისათვის ცნობილი ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპროცესო ვადის დარღვევით გადაცემა ამავე სასამართლოს ბრალით მოხდა, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2015 წლის 31 იანვრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შპს „ი.ბ–ის“ დირექტორ ი.გ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მხარის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც დადგენილია, რომ მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 397-ე მუხლების მოთხოვნები.
საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „ი.ბ–ის“ განცხადების საფუძვლების შესწავლით ირკვევა, რომ მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობას, რაც მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ უნდა გამხდარიყო. განცხადებაში გადმოცემული არგუმენტების გაზიარების შემთხვევაშიც კი, თავად განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქმის წარმოების დასრულებამდე განმცხადებლისათვის ცნობილი იყო იმ გარემოებების თაობაზე, რასაც ის საქმის წარმოების განახლებას უდებს საფუძვლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატამ არსებითად შეისწავლა შპს „ი.ბ–ის“ განცხადების საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებოს საქმის წარმოების განახლების წინაპირობა შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებას მხარე იმ საფძვლით მოითხოვს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული განჩინების გადაცემის ვადის დარღვევამ განაპირობა, ამ კუთხით განმცხადებელმა განმარტა, რომ სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, გამოცხადდა ორჯერ, თუმცა არ ჩაბარდა გადაწყვეტილება, ხოლო მოსამართლის თანაშემწემ დაიბარა 2015 წლის 30 იანვარს და მხოლოდ დღის ბოლოს გადაეცა მას გადაწყვეტილება, ამასთანავე, არ განუმარტავთ მისთვის, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოქმედი საპროცესო წესების თანახმად (სსსკ 2591 მუხლი), გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
ამ განმარტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით (რაც მხარეს სადავო არ გაუხდია), რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 30 დეკემბერს რასაც ესწრებოდა მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2015 წლის 19 იანვარი, ხოლო 30-ე დღე _ ამავე წლის 29 იანვარი.
განმცხადებელი, მარათალია, მიუთითებს ამ ვადის დაცვით სასამართლოში გამოცხადების ფაქტზე, თუმცა მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არაა და ასეთი არც მხარეს წარმოუდგენია სასამართლოსათვის. საქმეში მოიპოვება შპს „ი.ბ–ის“ დირექტორის 2015 წლის 30 იანვრის განცხადება, რომლის თანახმადაც, ამავე დღეს ჩაბარდა მას სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის არგუმენტების საპირისპიროდ მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწის მიერ მომზადებული გზავნილი, რომლის შესწავლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მ.ყ–ს გაეგზავნა 2015 წლის 29 იანვარს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მას სასამართლოს ბრალით არ ჩაბარდა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში და სწორედ ამან განაპირობა საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევა, შესაბამისად, უდავოა, რომ საპროცესო ვადის დარღვევით სასამართლოში გამოცხადების გამო, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 30 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 19 თებერვალს, მხარემ საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 20 თებერვალს, რაც საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 397-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევადა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შპს „ი.ბ–ის“ განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.ბ–ის“ დირექტორ ი.გ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე