Facebook Twitter

საქმე №ა-1235-შ-27-2015 12 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ი.ა.

წარმომადგენელი - თ.ტ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ავსტრიის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ავსტრიის რესპუბლიკის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი მ.ა–ის მეურვეობა ერთპიროვნულად დაეკისრა დედას ი.ა–ს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ა–ის წარმომადგენელმა თ.ტ–მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ ი.ა., ახალგაზრდობის საქველმოქმედო დახმარების წარმომადგენელი და ს.ა–ის დაუსწრებლობის კურატორი, რომელიც დაეთანხმა დედისათვის მეურვეობის გადაცემის საკითხს. გადაწყვეტილება 2012 წლის 18 აპრილიდან ძალაშია შესული, ამასთან დგინდება რომ მონაწილე პირები (არასრულწლოვნის მშობლები) არიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ მხარის იურიდიულ ინტერესს, შუამდგომლობის თანახმად, არასრულწლოვნის მეურვეს სურს შვილისათვის სამგზავრო დოკუმენტეციის აღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით ი.ა–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი.ა–ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ.ა. დაბადებულია 2006 წლის 23 მარტს;

მისი მშობლები არიან ს.ა. და ი.ა.;

არასრულწლოვნის მშობლები განქორწინებული არიან;

სასამართლოსთვის მიმართვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ბავშვის მამა ექვსი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, დედამ განიზრახა მ.ა–თვის პასპორტის აღება, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები;

მ.ა–ის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან;

სასამართლო სხდომაზე მამის არდასწრების გამო, იგი წარმოდგენილი იყო დაუსწრებლობის კურატორით, რომელიც დაეთანხმა დედისათვის მეურვეობის გადაცემის მოთხოვნას;

დადგენილია, რომ დედა დასაქმებულია, ასევე დასაქმებულია მისი ამჟამინდელი ცხოვრების თანამგზავრი და ისინი ზრუნავენ არასრულწლოვანზე;

ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებს შორის კონტაქტი არ არსებობს;

ახალგაზრდობის საქველმოქმედო დახმარების წარმომადგენლის აზრით ბავშვის დედისათვის გადაცემა მცირეწლოვნის ნებას შეესაბამება;

თავად გადაწყვეტილებიდან დასტურდება, რომ იგი შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება, ასევე, შუამდგომლობაზე დართული მასალები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 21 მაისს ჩაბარდა ს.ა–ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას, რაც უშუალოდ მხარის ინფორმირებად განიხილება. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლების თაობაზე და მოსაზრების წარმოდგენისათვის განესაზღვრა ვადა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს არც ამ ვადაში და არც მოგვიანებით სასამართლოს რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრულ მშობლის მოვალეობებს შვილების მიმართ. ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა 1205-ე მუხლით კანონმდებლობა ითვალისწინებს მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის შესაძლებლობას და ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ავსტრიის რესპუბლიკის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის ქლაგენფურტის საოლქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მცირეწლოვანი მ.ა–ის მეურვეობა ერთპიროვნულად დაეკისრა დედას _ ი.ა–ს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე