Facebook Twitter

საქმე №ა-1289-ბ-7-2015 8 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ჰ–ის“ დამფუძნებელი პარტნიორი ი.გ.

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამმართველო, შ.ჭ., ზ.მ., ვ.კ.

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ.ჭ–ის, ზ.მ–ისა და ვ. კ–ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიმართ შპს „ჰ–ის“ დირექტორ ი.გ–ის 2009 წლის 3 დეკემბრის N.... წერილის ბათილად ცნობა, შსს გურიის სამხარეო სამმართველოს, მისი ყოფილი უფროსის - შ.ჭ–ის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის - ზ.მ–ისა და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსის - ვ.კ–თვის სოლიდარულად 326831,90 ლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელის არ ცნეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ–მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „ჰ–ის“ დირექტორ დ.შ–ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „ჰ–ის“ სარჩელის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ.ჭ–ის, ზ.მ–ისა და ვ.კ–ის მიმართ, შპს „ჰ–ის“ დირექტორ ი.გ–ის 2009 წლის 3 დეკემბრის N... წერილის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, კასატორ შპს „ჰ–ს“ (ს/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 2014 წლის 17 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8 000 ლარი და განემარტა, რომ განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჰ–ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა ი.გ–მ, მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

განმცხადებლის განმარტებით, დ.შ. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 22 სექტემბერს და იმავე დღეს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.3 მუხლის შესაბამისად, დირექტორს დამფუძნებელ პარტნიორ ი.გ–თან შეუთანხმებლად (წერილობით) აეკრძალა ფირმის ქონების გასხვისება და გარიგებების დადება. მითითებული შეზღუდვა სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 23 სექტემბრის #B ..... გადაწყვეტილებით, ამდენად, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, ი.გ–ის წერილობითი თანხმობის გარეშე უარი ეთქვა სარჩელზე. განმცხადებლის მოსაზრებით, ვინაიდან დირექტორს არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება, ხოლო ი.გ. არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, არსებობს საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა.

მართალია, განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლოს მოხელემ შეამოწმა ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებში, თუმცა იგი არასწორია, რადგანაც უფლებამოსილების შეზღუდვა აისახება სამეწარმეო რეესტრში და საკასაციო სასამართლო აღარ შევიდოდა შეცდომაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შპს „ჰ–ის“ პარტნიორ ი.გ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, მხარის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილით ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები და დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

განცხადების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე განჩინების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ საზოგადოების დირექტორ დ.შ–ს შეზღუდული ჰქონდა დამფუძნებელი პარტნიორ ი.გ–ის წერილობითი თანხმობის გარეშე საზოგადოების ქონების გასხვისებისა და გარიგების დადების უფლებამოსილება, რაც გამორიცხავდა სარჩელზე უარის თქმას. ამასთანავე, ეს შეზღუდვა რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში, რაც დ.შ–ის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევას განაპირობებდა, თავის მხრივ, ი.გ–ის არმოწვევით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებებს და ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ დ.შ. არის შპს „ჰ–ის“ დირექტორი, ამასთან, 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომაროებით მომზადებულ ამონაწერში პარტნიორად მითითებულია ი.გ. და მისი წილი განსაზღვრულია 100%-ით, ხოლო 2015 წლის 18 მარტის მდგომარეობით მომზადებულ ამონაწერში შეცვლილია მხოლოდ პარტნიორთა ვინაობა და წილების ოდენობა, კერძოდ, ი.გ.ის საკუთრებად აღრიცხულია 50%, ხოლო დ.შ.ის საკუთრებად _ 50%. არც ერთ და არც მეორე ამონაწერში დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა რეგისტრირებული არაა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულია იურიდიული პირის კანონით განსაზღვრული წარმომადგენლის უფლებამოსილებათა ზოგადი ჩამონათვალი და დირექტორისათვის მათი სრულად თუ ნაწილობრივ მინიჭება პარტნიორთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა იმისათვის, რომ ამ შეთანხმებას მესამე პირებისათვის, მათ შორის სასამართლოსათვის იურიდიული ძალა მიენიჭოს, იგი სათანადო წესით უნდა იქნას რეგისტრირებული მარეგისტრირებელ ორგანოში.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.7 მუხლის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 201 მუხლით განსაზღვრულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები. ნორმის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის წარმოშობის, მასში ცვლილების შეტანისა და სხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელების ნამდვილობას კანონმდებლობა უკავშირებს მარეგისტრირებელ ორგანოში ამ გარემოების სათანადოდ აღრიცხვას, თავის მხრივ, როგორც „მეწარმეთა შესახებ“, ისე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონები რეგისტრაციის წესის განსაზღვრას უკავშირებენ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციას, რომლის 5.5 მუხლით დადგენილია, რომ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ. ამასთანავე, ინსტრუქციის მე-7 მუხლით დეტალურადაა განსაზღვრული ამონაწერის მომზადებისა და გაცემის, ასევე იმ მონაცემების ჩამონათვალი, თუ რა უნდა იყოს მითითებული ამონაწერში. 7.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით კი, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში, რომელსაც, როგორც წესი, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შპს „ჰ–ის“ დირექტორ დ.შ–ის უფლებამოსილების შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის და პარტნიორთა ამგვარი შეთანხმების ნამდვილად არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს შეზღუდვა ვერ იმოქმედებდა მესამე პირების, მათ შორის, სასამართლოს მიმართ. ამგვარი შეზღუდვის არსებობის დამადასტურებლად ვერ იქნება მიჩნეული განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რადგანაც ამ ინფორმაციით დასტურდება მხოლოდ ის, რომ სარეგისტრაციო ორგანოს 2014 წლის 22 სექტემბერს წარედგინა შპს „ჰ–ის“ პარტნიორის 2014 წლის 22 სექტემბრის N1 ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ დირექტორსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს _ დ.შ–ს „შეეზღუდოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰ–ის“ ქონების გასხვისება დამფუძნებლის წერილობითი თანხმობის გარეშე და დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე დადოს ნებისმიერი გარიგება“. მითითებული მტკიცებულებით ამ შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, განმცხადებლის არგუმენტი, რომ დირექტორი იყო არაუფლებამოსილი პირი, სარჩელზე ეთქვა უარი, არ ირკვევა, რადგანაც მისი უფლებამოსილების შემზღუდავ პარტნიორის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა რეგისტრაციის გზით არ მინიჭებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით განმცხადებელმა ვერ შეძლო იმგვარი გარემოებების დამტკიცება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას გამოიწვევდა, შესაბამისად, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ–ის“ დამფუძნებელ პარტნიორ ი.გ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე