29 ივნისი, 2015 წელი
საქმე-ა-154-შ-2-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ქალაქ გომელის საბაჟო ტერმინალი, ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ა
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ზ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საბაჟო გადასახდელების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ზ-ს დაეკისრა საბაჟო გადასახდელების გადახდა 19 749 400 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 987 470 ბელორუსული რუბლის ოდენობით.
ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ქალაქ გომელის საბაჟო ტერმინალმა და ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლემ ე. ც-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებით მოითხოვეს ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე კ. ზ-ი. 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ქალაქ გომელის საბაჟო ტერმინალისა და ბელორუსის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე კ. ზ-ს, გაეგზავნა 2015 წლის 25 თებერვალს, 6 მარტს და 7 მაისს და ჩაბარდა კ. ზ-ის რძალს შ. გ-ეს გადასაცემად 2015 წლის 8 მაისს, თუმცა კ. ზ-ს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ას შუამდგომლობა იმავე სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: კ. ზ-ს დაეკისრა საბაჟო გადასახდელების გადახდა 19 749 400 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 987 470 ბელორუსული რუბლის ოდენობით;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე