Facebook Twitter

საქმე №ა-1596-შ-36-2015 17 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ. ე-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – თ. ე-სა და ბ. გ. ე-ს შორის, 2007 წლის 12 ოქტომბერს მიუნსტერის მმაჩის ბიუროს წარმომადგენლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით ....

თ. ე-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და კანონიერ ძალაში 2015 წლის 3 მარტს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა შემდეგი დოკუმენტის წარმოდგენა: ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ბ. გ. უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ე-მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა შემდეგი დოკუმენტის წარმოდგენა: ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ბ. გ. უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-ი, ... მიკ. ... კვარტ ... კორპუსი, ბ..... სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, გზავნილი მითითებულ მისამართზე 2015 წლის 20 მაისს ჩაბარდა თ. ე-ს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 21 მაისს და ამოიწურა 1 ივნისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ თ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

თ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური