№ა-1849-გან-3-2015 26 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ-ა ბ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, ერთის მხრივ მ-ა ბ-სა და მეორეს მხრივ გ-ი, ნ-ა, ი-ა და ზ-ბ რ-ებს შორის. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და შეწყდა საქმის წარმოება.
2015 წლის 19 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ-ა ბ-მა და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინების განმარტება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით მ-ა ბ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში წარმოედგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #- გადაწყვეტილება. განჩინება მ. ბ-ს ჩაბარდა 2015 წლის 4 ივნისს.
მ. ბ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით დავალებული მტკიცებულება მოთხოვნილ ვადაში არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ-ა ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით მ-ა ბ-ს დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #- გადაწყვეტილების წარმოდგენა და განესაზღვრა წარმოდგენის საპროცესო ვადა - განჩინების ჩაბარებიდან 3 დღე.
საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების ხელწერილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 04 ივნისს მ-ე მ-ზე გადასაცემად ჩაიბარა რძალმა ს-ე ს-მ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების განმცხადებლისთვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის განჩინებით დადგენილი 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 5 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივნისს. ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო დოკუმენტი წარმოედგინა 2015 წლის 7 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მ. ბ-ს განჩინებით დავალებული დოკუმეტი არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა დავალებული დოკუმენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მზია თოდუა