საქმე №ა-2020-გან-4-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ლ. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.კ.კ.-ა“
გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით მოცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.კ.კ.-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 06 თებერვლის შპს „ქ.კ.კ.-ის“ დირექტორის N...ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2014 წლის 01 იანვარს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ლ. კ.-ე დაინიშნა შპს „ქ.კ.კ.-აში“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობაზე. 2014 წლის 22 იანვარს სასადილოს ეზოში შემოწმდა უფროსი მზარეული - მ. ა.-ე, რომელსაც სამხედრო ობიექტიდან გაჰქონდა შემდეგი პროდუქტები: კარტოფილი -1,976კგ.; ძეხვი - 356კგ.; ფარში - 0,848კგ.; კვერცხი - 6ც.; საქონლის ხორცი - 1,236კგ.. 2014 წლის 06 თებერვალს ლ. კ.-ეს ჩაბარდა შპს „ქ. კ. კ.-ის“ დირექტორის N...ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც ლ.კ.-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტი და შრომის შინაგანაწესის 8.2.2.-ის „ვ“ ქვეპუნქტი. წარმოდგენილი სარჩელით ლ.კ.-ემ სადავო გახადა მისი სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება და განმარტა, რომ მ. ა.-ემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესი, რისთვისაც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა გაუმართლებლად მიიჩნია ამ ფაქტის გამო ლ. კ.-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მოსარჩელეს ორჯერ გამოეცხადა გაფრთხილება (ზეპირი ფორმით). თავდაპირველად, 2013 წლის 30 აგვისტოს, ხოლო მოგვიანებით, 2013 წლის 25 სექტემბერს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე, როგორც ობიექტის მენეჯერი ვალდებული იყო ეკონტროლებინა პერსონალი და მათ მიერ ჩადენილ დარღვევებზეც პირადად ყოფილიყო პასუხისმგებელი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ქ.კ.კ.-ის” 2014 წლის 6 თებერვლის №... ბრძანება ლ. კ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ლ.კ.-ე აღდგენილ იქნა შპს ,,ქ.კ.კ.-ის” ქ. ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის (ან ტოლფას) თანამდებობაზე. შპს ,,ქ.კ.კ.-ას” დაეკისრა ლ.კ.-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის პირველი მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ქ.კ.კ.-ამ“, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ.კ.კ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1. ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4. გაუქმდა შპს „ქ. კ. კ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 06 თებერვლის N...ბრძანება ლ. კ.-ის შპს „ქ.კ.კ.-ის“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
5. შპს „ქ.კ.კ.-ას“ დაეკისრა ლ.კ.-ის სასარგებლოდ ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით;
6. შპს „ქ.კ.კ.-ას“ დაეკისრა ლ.კ.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 420 ლარის გადახდა;
გადაწყვეტილებაზე 08.04.2015წ.-ს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
01.06.2015წ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით განცხადებით მომართა ლ. კ.-ემ, რომელმაც განმარტა, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მან მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. რომელმაც უარი განაცხდა მოცემული გადაწყვეტილების აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა მოიცავს თუ არა გადაწყვეტილებაში მითითებული სახელფასო დავალიანება (ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება - 3600 ლარი) საშემოსავლო გადასახადსაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტებას, რაც განმცხადებლის მითითებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 06.05.2015წ.-ის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოწერილობის მიხედვით გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა მოიცავს თუ არა გადაწყვეტილებაში მითითებული სახელფასო დავალიანება (ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება - 3600 ლარი) საშემოსავლო გადასახადსაც, რასაც საქარველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შპს „ქ. კ. კ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 06 თებერვლის N13/0602 ბრძანება ლ. კ.-ის შპს „ქ. კ. კ.-ის“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ქ. კ. კ.-ას“ დაეკისრა ლ. კ.-ის სასარგებლოდ ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით. როგორც წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა მოპასუხე - შპს „ქ. კ. კ.-ა“ არ ახორციელებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას, ხოლო თავის მხრივ, სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ ხერხდება გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის აღსრულება იმ მოტივით, რომ არ ირკვევა გადაწყვეტილებაში მითითებული სახელფასო დავალიანება (ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება - 3600 ლარი) მოიცავს თუ არა საშემოსავლო გადასახადსაც, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ქ. კ. კ.-ას“ დაეკისრა ლ. კ.-ის სასარგებლოდ არა სახელფასო დავალიანების გადახდა, რა დროსაც ბუნებრივია სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს მოიცავს თუ არა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა საშემოსავლო გადასახადს, არამედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ქ. კ. კ.-ას“ დაეკისრა ლ. კ.-ის სასარგებლოდ კომპენსაცია ფიქსირებული თანხის სახით. თავის მხრივ კი, კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს (შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. მოცემულ კონკრეტიულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ ლ. კ.-ისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრის კრიტერიუმად გამოიყენა დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ლ. კ.-ეს უნდა ემუშავა მოპასუხე კ.-აში და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. ამდენად, საკითხის იმგვარად დასმა მოიცავს თუ არა ლ. კ.-ის სახელფასო დავალიანება (ოთხი თვის ხელფასი) 3600 ლარი საშემოსავლო გადასახადსაც, უმართებულოა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ხაზს უსამს იმ გარემოებას, რომ შპს „ქ. კ. კ.-ამ“ ლ. კ.-ეს კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს ფიქსირებული თანხა 3600 ლარი, რომელიც არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას და ამდენად, საგადასახადო დაბეგვრის ინტერსებისათვის მასში მითითებული თანხის აღუსრულებლობა უმართებულოა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე 08.04.2015წ.-ს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. მოცემული გადაწყვეტილების მიხედვით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, როგორც მხარეები, ისე მათ მიერ ფაქტობრივად შესასრულებელი მოქმედება (კომპენსაციის - 3600 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდის ვალდებულება) და ამდენად, გადაწყვეტილება მის განმარტებას აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, არ საჭიროებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე