Facebook Twitter

№ას-1005-966-2014 8 ივნისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ.-“

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ნ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს.ბ.-მა“ მოპასუხე ჯ.ნ.-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ჯ.ნ.-ისათვის სს „ს.ბ.-ს“ სასარგებლოდ 2006 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის – 2835.48 აშშ დოლარის, პროცენტის – 4030.76 აშშ დოლარისა და ჯარიმის – 8118.79 აშშ დოლარის დაკისრება;

2. ზემოაღნიშნული დავალიანების დასაფარად გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის დადგენა, კერძოდ, დავალიანების დაფარვის მიზნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი – მიცუბიჩის ჩერიოთი 2.0, ფერი – შავი, გამოშვების წელი – 2000, სანომრე ნიშანი – ..., შასისი ნომერი – №..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – ...) სარეალიზაციოდ მიქცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. სს „ს.ბ.-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე ჯ.ნ.-ს სს „ს.ბ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 20 სექტემბრის №... საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხიდან 349.58 აშშ დოლარის გადახდა;

3. მოპასუხე ჯ.ნ.-ს სს „ს.ბ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 20 სექტემბრის №... საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხიდან 162.38 აშშ დოლარის გადახდა;

4. დადგინდა, რომ თანხის გადახდევინება განხორციელდეს ჯ.ნ.-ის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლის რეკვიზიტებია – მარკა, მოდელი – მიცუბიჩის ჩერიოთი 2.0, ფერი – შავი, გამოშვების წელი – 2000, სანომრე ნიშანი – ..., შასის ნომერი – №..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – ....

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ.-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით:

1. სს „ს.ბ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 20 სექტემბერს სს „ს.ბ.-სა“ და ჯ.ნ.-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის – 19%-ის, აგრეთვე, პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის დარიცხვით. კრედიტი გაიცა სრულად, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებელი ახდენდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევას, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მოპასუხეს გადახდები არ უწარმოებია 2007 წლის 3 მაისიდან 2011 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში, გრაფიკის განსაზღვრით, ბანკსა და კლიენტს შორის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა მყარდება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კლიენტს გრაფიკით განსაზღვრულ დროს და ოდენობით ბანკისათვის თანხის გადახდის ვალდებულება უჩნდება, და მის მიერ, როგორც თანხის ოდენობის, ასევე, გადახდის ვადის გადაცილების ან ვადამდე გადახდის შემთხვევაში, ვალდებულება არაჯეროვნად შესრულებულად მიიჩნევა. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმებისას გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ დარღვევა ბანკს უფლებას აძლევს, შეწყვიტოს ხელშეკრულება.

ზემომითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკსა და კლიენტს შორის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმება, მათ შორის, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობაზე მეტყველებდა და ამდენად, მასზე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტომდე პერიოდის დავალიანების მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია 2011 წლის აგვისტოში თანხის ნაწილის გადახდის შედეგად მთლიანი დავალიანების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის თაობაზე.

2011 წლის 8 აგვისტოდან ჯ.ნ.-მა ბანკის სასარგებლოდ გადაიხადა სესხის ძირი 1276.71 აშშ დოლარი + სესხის პროცენტი 1501.74 აშშ დოლარი = 2778.45 აშშ დოლარი, ნაცვლად მის მიერ გადასახდელი 3128.03 აშშ დოლარისა (346.24 აშშ დოლარი სესხის ძირი და 2781.79 აშშ დოლარი სარგებელი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობასთან დაკავშირებით. დადგინდა, რომ ხელშეკრულების 4.1.12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადახდილი თანხებიდან თავდაპირველად უნდა დაფარულიყო პირგასამტეხლო, შემდეგ სარგებელი და ბოლოს ძირი თანხა. წარდგენილი ამონაწერით ანგარიშიდან (ოპერაციის შინაარსის გრაფა) დადასტურდა, რომ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, 2011 წლიდან განხორციელებული გადახდებით იფარებოდა, როგორც პროცენტი, ასევე, სესხი. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთმანეთის მსგავსი სხვადასხვა ვალდებულების შესრულებისას, მოვალეს აქვს რიგითობის არჩევის შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამონაწერებით დადგინდა გადახდილი თანხების მიზნობრიობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მათ სხვაგვარად გადანაწილებაზე ბანკი ამ ეტაპზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღსრულება მოპასუხის სხვა ქონებაზეც უნდა მიქცეულიყო, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლი ითვალისწინებს გირავნობის ფარგლების გაცდენას აღსრულების დროს, თუმცა ამის შესახებ მხარეთა შეთანხმებაა აუცილებელი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ.-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.11 მუხლის შესაბამისად, ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. აღნიშნული დათქმა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან. ამდენად, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ მსესხებლის პასუხისმგებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ბანკის დავალიანება სრულად არ დაიფარებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მართალია, მოპასუხეს 2008, 2009, 2010 წლებში ვალდებულება არ შეუსრულებია, მაგრამ 2011 წლის 8 აგვისტოდან მან კვლავ დაიწყო ვალდებულების შესრულება. ამდენად, სადავო სესხის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ.-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.11 მუხლის დათქმა, რომლითაც ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან არც მის მიერ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.1.11 მუხლით და არც ამ ხელშეკრულების სხვა რომელიმე მუხლით არ არის გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება იმის შესახებ, რომ, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. ასეთი შეთანხმების არარსებობა, სამოქალაქო კოდექსის 276.2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამორიცხავს ბანკის მოთხოვნის საფუძვლიანობას მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 20.09.2006 წლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად, ანუ პერიოდულად, შესაბამისად, სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და თითოეული ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია.

სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოთხოვნა 2008 წლის აგვისტომდე, რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც, კერძოდ, 2008 წლის ივლისის თვეში გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობის გამო კრედიტორს წარმოეშვა ამ თანხის მოთხოვნის უფლება 2008 წლის 1 აგვისტოდან, შესაბამისად, ამ მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2011 წლის 1 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2013 წლის 6 ივნისს, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე 2011 წლის 8 აგვისტოს პროცენტის გადახდით, ანუ კასატორის მოსაზრებით, 2011 წლის 8 აგვისტოს ხანდაზმულობის ვადის დენა ახლიდან დაიწყო.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მხოლოდ იმ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყებაა შესაძლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მიდის. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდით არ შეიძლება თავიდან დაიწყოს ვადის დენა. განსახილველ შემთხვევაში, მოვალემ პროცენტი გადაიხადა 2011 წლის 8 აგვისტოს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან ვერ დაიწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.ბ.-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (735 ლარის) 70% – 514.50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ.-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს.ბ.-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (735 ლარი, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი – 2014 წლის 29 ოქტომბერი) 70% – 514.50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე