Facebook Twitter

№ას -1210-1155-2013 3 ივნისი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ა. ჯ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

წარმომადგენელი - გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ტ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

წარმომადგენელი - ი. ჟ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში) ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ტ-იმ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა. ჯ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

სასარჩელო მოთხოვნები:

1. შპს ,,ა. ჯ-ის” მოსარჩელე შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5500 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე შპს ,,ა. ჯ-ის” მოსარჩელე შპს ,,ს. ტ-ი-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1845 ლარის და 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 11 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს ,,ა. ჯ-ის” დაევალოს ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირზე №...მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის სარგებლობით შეწყვეტა და დემონტაჟი;

4. მოპასუხე შპს ,,ა. ჯ-ის” მოსარჩელე შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 12500 ლარისა და 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 83.33 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება გარე რეკლამის განთავსების უფლების 1 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების უფლება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 2500 ლარი დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხემ ქირა ბოლოს 2012 წლის 30 სექტემბერს გადაიხადა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ა. ჯ-ის“ ჯამში 31938.48 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 26 435.38 ლარი ჩარიცხა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოპასუხე განაგრძობს უფლებით სარგებლობას და ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე განთავსებული აქვს გარე რეკლამა. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოც.

შპს „ა. ჯ-იმ“ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა 2011 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის დადებული გარე რეკლამის განთავსების უფლების გარკვეული ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შპს ,,ს. ტ-ისათვის“ შპს ,,ა. ჯ-ის” სასარგებლოდ 28 935 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე, ზიანის ანაზღაურების -2277.44 ლარისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 8.64 ლარის გადახდის დაკისრება.

მხარის განმარტებით, მართალია, 2011 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო გარე რეკლამის განთავსების უფლების გარკვეული ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხეს ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არ გააჩნდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების თაობაზე, შესაბამისად, ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო. 2011 წლის სექტემბერში მოსარჩელესა და შპს „ა. ლ. ს-ას“ შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის მოწყობის უფლებით გადაცემის თაობაზე. შპს „ა. ლ. ს-ას“ უკვე 2009 წელს შექმნილი ჰქონდა სარეკლამო მონიტორის განთავსების უფლებისა და მშენებლობის პროექტი, ასევე, მოპოვებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2011 წელს მიიღო გარე რეკლამის მოწყობის ნებართვაც. შესაბამისად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, დაედო სადავო ხელშეკრულება. მოსარჩელე არასწორად უთითებს, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 435.38 ლარი ჩარიცხა. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს. ტ-ი-ს“ მიღებული აქვს 28 935 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. ტ-ი-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ა. ჯ-ის” მოსარჩელე შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლოს - 461.25 ლარის და 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2.75 ლარის გადახდა; შპს ,,ა. ჯ-ის” დაევალა ქ. თბილისში ჭ-ის გამზირზის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის სარგებლობით შეწყვეტა და მასზე არსებული გარე რეკლამის დემონტაჟი; შპს ,,ა. ჯ-ის” შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12500 ლარისა და 2013 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 83.33 ლარის გადახდა. შპს ,,ა. ჯ-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს „ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ 2009 წლის 1 აპრილის №1 კრების ოქმის თანახმად, შპს „ა. ლ. ს-ას“ მიენიჭა ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირზე №..-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის” საერთო საკუთრებაში არსებულ კორპუსზე სარეკლამო მონიტორის განთავსების უფლება. ამასთან, შპს „ა. ლ. ს-ას” დაეკისრა ვალდებულება, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველეყო უფასო 24-საათიანი ა-ით. სანებართვო ვადა განისაზღვრა 3 წლით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ 2011 წლის 5 მაისის №20 კრების ოქმის თანახმად, შპს „ა. ლ. ს-ას” მიენიჭა ქ.თბილისში ჭ-ის გამზირის №..-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის” საერთო საკუთრებაში არსებულ კორპუსზე სარეკლამო წარწერის განთავსების უფლება. ამასთან, შპს ,,ა. ლ. ს-ას” დაეკისრა ვალდებულება ჭ-ის გამზირ №..-ის მაცხოვრებლები უზრუნველეყო უფასო 24-საათიანი ,,ს. ტ-ით“. სანებართვო ვადა განისაზღვრა 3 წლით. 2011 წლის 8 აგვისტოს შპს ,,ა. ჯ-ისა” და შპს ,,ს. ტ-ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შპს ,,ს. ტ-იმ“ შპს ,,ა. ჯ-ის” სასარგებლოდ დათმო ქ. თბილისში ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების უფლება და აღნიშნული ფართი გადასცა მას სარგებლობაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირზე №...მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების უფლება შპს „ს. ტ-ის“ მოპოვებული ჰქონდა ამავე მისამართზე მდებარე სახლის ყველა ოჯახისათვის საკაბელო სატელევიზიო მომსახურების მიწოდების საფუძველზე. ასევე, ამავე მისამართზე მდებარე სახლის ბოლო სართულის მესაკუთრის სასარგებლოდ თვეში 150 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. შპს ,,ა. ჯ-ი” ვალდებული იყო, შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ გადაეხადა თვეში 2500 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ამასთან, ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, შპს ,,ა. ჯ-იმ” აიღო ვალდებულება, თავად უზრუნველეყო ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირზე №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე რეკლამის განთავსების ყველა ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი საკითხი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 8 აგვისტომდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ შპს „ს. ტ-ის“ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ჰქონდა სარეკლამო აბრის განთავსების უფლება. ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, შპს „ა. ჯ-ი” თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე კუთვნილი რეკლამის განთავსების ყველა ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შპს ,,ა. ჯ-ი“ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ იგი შპს ,,ს. ტ-ისგან“ იძენდა მხოლოდ ფართით სარგებლობის უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შპს ,,ა. ჯ-ის” შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 30 სექტემბერის ჩათვლით 31938.48 ლარიდან გადახდილი აქვს 26 435.38 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის განმარტებაზე, რომ შპს „ა. ჯ-ის” შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ 31938.48 ლარიდან გადახდილი აქვს არა 26 435.38 ლარი, როგორც დაადგინა საქალაქო სასამართლომ, არამედ, 28 935 ლარი და განმარტა, რომ, მართალია, ს.ფ. 119-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2011 წლის აგვისტოდან - 2013 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ა. ჯ-ის” შპს ,,ს. ტ-ის სასარგებლოდ ჩარიცხული აქვს საბოლოო ჯამში 28 935;48 ლარი 31938.48 ლარიდან, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო გადახდა 2500 ლარი განხორციელდა 2013 წლის 5 თებერვალს - შპს ,,ს. ტ-ის“ მიერ სარჩელის შეტანის დღეს. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი შპს ,,ა. ჯ-ის” დამატებით თანხის ჩარიცხვის ფაქტი. მან მოთხოვნა დააყენა სარჩელის შეტანის დროს არსებული დავალიანების ფარგლებში, რაც დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დაიდო ქვექირავნობის ხელშეკრულება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 531-ე და 553-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ შპს ,,ა. ჯ-იმ” შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ არა მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა შეთანხმებული ქირა, არამედ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც გააგრძელა ნივთით სარგებლობა, ამდენად, შპს ,,ს. ტ-ის“ მოთხოვნა მიუღებელი ქირისა და ნივთით სარგებლობის შეწყვეტამდე შეთანხმებული ქირის ანაზღაურების შესახებ დასაბუთებულია. ხელშეკრულების ვადა დასრულდა 2012 წლის 8 აგვისტოს, რითაც შპს ,,ს. ტ-ის“ წარმოეშვა შპს „ა. ჯ-ის“ მხრიდან ნივთით სარგებლობის შეწყვეტისა და ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. „ა. ჯ-იმ“ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის უდავო საფუძველს წარმოადგენს. პალატამ, ასევე, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა. ჯ-იმ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამხანაგობამ რეკლამის განთავსების ნებართვა შპს „ა. ლ. ს-ას“ გადასცა და არა „ს. ტ-ის“, რაც მთლიანად ცვლის საქმის არსს. შპს „ა. ჯ-ის“ გადახდილი აქვს 28935 ლარი, რასაც სასამართლო ადასტურებს, თუმცა, გაუგებარია, ეს გარემოება სამართლებრივად რატომ არ შეაფასა. შპს „ს. ტ-ი“ არ იყო სადავო სახლის სახურავის არც დამქირავებელი ან მოსარგებლე. საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება და ორივე ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ზეპირი განმარტება გაიზიარა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს „ს. ტ-ისა“ და შპს „ა. ლ. ს-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო 2012 წლის 7 ოქტომბრიდან. ვინაიდან შპს „ა. ჯ-ის“ სარგებლობის უფლება მიღებული აქვს შპს „ა. ლ. ს-ასთან“ დადებული ხელშეკრულებით, გაუგებარია, სასამართლომ რეკლამის დემონტაჟი რა მიზეზით დაავალა. სააპელაციო სასამართლოს ამ გარემოებებზე არ უმსჯელია. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემცირებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ 2009 წლის 1 აპრილის №1 კრების ოქმის თანახმად, შპს „ა. ლ. ს-ას“ მიენიჭა ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის” საერთო საკუთრებაში არსებულ კორპუსზე სარეკლამო მონიტორის განთავსების უფლება. ამასთან, შპს „ა. ლ. ს-ას” დაეკისრა ვალდებულება ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველეყო უფასო 24-საათიანი ა-ით. სანებართვო ვადა განისაზღვრა 3 წლით;

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის“ 2011 წლის 5 მაისის №20 კრების ოქმის თანახმად, შპს „ა. ლ. ს-ას” მიენიჭა ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ-ის” საერთო საკუთრებაში არსებულ კორპუსზე სარეკლამო წარწერის განთავსების უფლება. ამასთან, შპს ,,ა. ლ. ს-ას” დაეკისრა ვალდებულება ჭ-ის გამზირ №..-ის მცხოვრებლები უზრუნველეყო უფასო 24-საათიანი ,,ს. ტ-ით“. სანებართვო ვადა განისაზღვრა 3 წლით;

3. 2011 წლის 8 აგვისტოს შპს ,,ა. ჯ-ისა” და შპს ,,ს. ტ-ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შპს ,,ს. ტ-იმ“ შპს ,,ა. ჯ-ის” სასარგებლოდ დათმო ქ. თბილისში ჭ-ის გამზირზე №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების უფლება და აღნიშნული ფართი გადასცა მას სარგებლობაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისში ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე გარე რეკლამის განთავსების უფლება შპს „ს. ტ-ის“ მოპოვებული ჰქონდა ამავე მისამართზე მდებარე სახლის ყველა ოჯახისათვის საკაბელო სატელევიზიო მომსახურების მიწოდების საფუძველზე, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე სახლის ბოლო სართულის მესაკუთრის სასარგებლოდ თვეში 150 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ;

4. შპს ,,ა. ჯ-ი” ვალდებული იყო, შპს ,,ს. ტ-ის“ სასარგებლოდ გადაეხადა თვეში 2500 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ამასთან, ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, შპს ,,ა. ჯ-იმ” აიღო ვალდებულება, თავად უზრუნველეყო ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე რეკლამის განთავსების ყველა ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი საკითხი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 8 აგვისტომდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ამგვარი პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს „ს. ტ-იმ“ შპს „ა. ჯ-ის“ ფართით სარგებლობის უფლება დაუთმო (ქვექირავნობა).

სამოქალაქო კოდექსის 549-ე და 550-ე მუხლები ითვალისწინებს ქვექირავნობის ნივთის მესაკუთრესთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ ნივთის მესაკუთრეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე გარდა 550-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ა. ჯ-იმ“ აიღო ვალდებულება, თავად უზრუნველეყო ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №..-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავზე რეკლამის განთავსების ყველა ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დათქმა გულისხმობს არა მხოლოდ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსაგან ნებართვის მოპოვებას, არამედ ქვექირავნობის მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებთან შეთანხმებასაც.

ხელშეკრულების სწორედ ამ პირობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ შპს „ს. ტ-ისთან“ ხელშეკრულება მოტყუების შედეგად დაიდო, ვინაიდან ამ უკანასკნელს ნებართვა არ ჰქონდა მოპოვებული. ცალსახაა, რომ მოპასუხემ თავად იკისრა ნებართვის მოპოვების ვალდებულება, ხოლო შპს „ს. ტ-ისაგან“ ფართით სარგებლობის უფლება მიიღო, ამდენად, გარიგების დადებისას მოტყუება გამოირიცხება.

თუნდაც დავუშვათ, რომ შპს „ა. ჯ-ისათვის“ ხელშეკრულების დადებისას ცნობილი არ იყო, რომ შპს „ს. ტ-ის“ ნებართვა არ ჰქონდა მიღებული, მისთვის ამ გარემოების შესახებ, სულ მცირე, 2011 წლის 1 სექტემბრიდანაა ცნობილი, როდესაც შპს „ა. ლ. ს-ასთან“ ხელშეკრულება დადო. თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც კასატორი მიუთითებს, შპს „ს. ტ-ისთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის საჭიროება მოიხსნა, საკასაციო სასამართლოს აზრით, შპს „ა. ჯ-ის“, ამ პერიოდიდან მაინც, ქირის გადახდა უნდა შეეწყვიტა, ხელშეკრულების მოშლა მოეთხოვა და ა.შ, რაც არ მომხდარა და როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, შპს „ა. ჯ-ი“ შპს „ს. ტ-ისათვის“ ქირის გადახდას 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობითაც აგრძელებდა, ხოლო ბოლოს ქირა 2013 წლის 5 თებერვალს გადაიხადა.

საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ა. ჯ-ის“ მიერ „ს. ტ-ისათვის“ ქირის გადახდა მასთან ვალდებულების არსებობას ადასტურებს.

რაც შეეხება გადაუხდელ ქირას, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ შპს „ა. ჯ-ის“ დავალიანება 3000 და არა 5500 ლარია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის აგვისტოდან - 2013 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ა. ჯ-ის” შპს ,,ს. ტ-ი”ს სასარგებლოდ ჩარიცხული აქვს საბოლოო ჯამში 28 935,48 ლარი 31938.48 ლარიდან. ბოლოს 2500 ლარი 2013 წლის 5 თებერვალსაა გადახდილი - შპს ,,ს. ტ-ის“ მიერ სარჩელის შეტანის დღეს. ამ ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი შპს ,,ა. ჯ-ის” დამატებით თანხის ჩარიცხვის ფაქტი. მან მოთხოვნა დააყენა სარჩელის შეტანის დროს არსებული დავალიანების ფარგლებში, რაც დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია ზემოაღნიშნული არგუმენტი და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა დარჩენილი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რასაც მოსარჩელეც აღიარებს შესაგებლის პასუხში (ტ. 1-ლი, ს.ფ. 60). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „ა. ჯ-იმ“ 2500 ლარი ნამდვილად გადაიხადა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, რომელ სამართლის ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ სარჩელი მაინც სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო ან რა მნიშვნელობა აქვს, სარჩელის წარდგენის დროისათვის მოსარჩელემ იცოდა თუ არა, შპს „ა. ჯ-ის“ მიერ თანხის გადახდის თაობაზე, როცა ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული იყო. ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება მოპასუხის მტკიცების საგანი იყო, რაც მან შეასრულა და ამ ფაქტს მოსარჩელეც დაეთანხმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, ან რა ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლი აწესრიგებს შემთხვევას, როცა მოსარჩელე უარს ამბობს მოთხოვნაზე იმის გამო, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ იგი ნებაყოფლობით დააკმაყოფილა, მაგრამ თუნდაც ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე თავად არ ამბობდეს სარჩელზე უარს, მოპასუხის მიერ მოთხოვნის შესრულება სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს შესრულებული ვალდებულების პროპორციულად, ვინაიდან ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი ეცლება. ერთხელ უკვე გადახდილი თანხის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის განმეორებით დაკისრებით მოსარჩელე უსაფუძვლოდ მდიდრდება და მოპასუხის კანონიერი ინტერესები ირღვევა, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მოპასუხემ ვალდებულება საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას შეასრულა თუ აპელაციაში. ეს გარემოება ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევივცთაა მიღებული, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გადახდის ფაქტი დაადგინა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411- ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილში თავად შეცვალოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასაციის სხვა საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ, სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 8 აგვისტოს ამოიწურა, თუმცა მოპასუხე ამ ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს ფართით სარგებლობას, რაც შპს „ს. ტ-ის“ სარგებლობის პერიოდისათვის ქირის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ, ვინაიდან შპს „ა. ჯ-ი“ სახურავით შპს „ა. ლ. ს-ასთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს, რეკლამის დემონტაჟის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს „ა. ლ. ს-ამ“ შპს „ა. ჯ-ის“ 15 კვ.მ სახურავზე სარეკლამო კონსტრუქციის განთავსების უფლება გადასცა, ამასთან, ხელშეკრულება 2012 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებდა. ცხადია, მოცემული დავის საგანი არ არის შპს „ა. ლ. ს-ასა“ და შპს „ა. ჯ-ის“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა და სასამართლო არ ადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 კვ.მ ფართით სარგებლობის მართლზომიერების საკითხს, მაგრამ სახურავის დანარჩენი ნაწილით სარგებლობა შპს „ს. ტ-ისთან“ შეთანხმების საგანია და, ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დემონტაჟის თაობაზე მართლზომიერია.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს უნდა შეემცირებინა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დღეში 11 ლარიდან დღეში 2,75 ლარამდე შეამცირა, რაც შეუსაბამოდ მაღალი არ არის და მოპასუხის ფინანსურ მდგომარეობას ზედმეტად მძიმე ტ-იირთად არ დააწვება, ამდენად, კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი, რა ბედი ეწია შეგებებულ სარჩელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამ ნორმაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების თაობაზე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებულ სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი შეაფასა, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება კი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნის დარღვევა არ არის ისეთი მნიშვნელობის, რაც საქმის განხილვის შედეგზე ახდენს გავლენას და ამ საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, ხოლო, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ღირებულება იყო 28 935,48, რომელიც 2500 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც დავის საგნის 8,6%-ს შეადგენს და მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8,6% - 80 ლარი უნდა აუნაზღაუროს, ამასთან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა 2500 ლარის ნაწილში, რაც მთლიანი დავის საგნის 13%-ს შეადგენს, შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ასანაზღაურებელ ბაჟს უნდა გამოაკლდეს 13% და ამავე პროპორციით შპს „ს. ტ-იმ“ შპს „ა. ჯ-ის“ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი ბაჟი უნდა აუნაზღაუროს, სულ - 793,52 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ა. ჯ-ისათვის“ შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ 5500 ლარის გადახდისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. შპს „ს. ტ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ა. ჯ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის გადახდა;

5. შპს „ა. ჯ-ის“ შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 481,84 ლარის ანაზღაურება;

6. შპს „ს. ტ-ის“ შპს „ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 80,5 ლარის, აგრეთვე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სულ 793,52 ლარის ანაზღაურება;

7. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე