№ ას-1299-1237-2014 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თ. ა-ის მიმართ წარადგინა სარჩელი მოპასუხისათვის 1200 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით N3/52-13 ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეასრულა სასამართლო განჩინებით განსაზღრული ვალდებულება და დასკვნა მოამზადა 2013 წლის 18 ივლისს, თუმცა არ მიუღია საექპერტო მომსახურების საფასური, რომლის გადახდაც ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს განჩინებით თ. ა-ს დაევალა. ექსპერტიზის ჩატარებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საექსპერტო მომსახურების ტარიფები დამტკიცებული იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით. აღნიშნული ტარიფების 434-ე და 142-ე კოდების შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულებამ 1200 ლარი შეადგინა.
თ. ა-მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საექსპერტო ხარჯის გადაუხდელობის შემთხვევაში ექსპერტიზა არ ჩატარდება. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის მიხედვით, საექსპერტო დაწესებულებას უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის საექპერტო კვევის დაწყებასთან დაკავშირებით, რაც მას არ გაუკეთებია. მოსარჩელე ვალდებული იყო, ემოქმედა სასამართლო განჩინების შესაბამისად, რა შემთხვევაშიც სადავო ურთიერთობა არ იარსებებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:
ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით N3/52-13 ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაევალა. განჩინება საქმის მასალებთან ერთად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინების მე-8 პუნქტის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაევალა მოსარჩელე თ. ა-ს. ამავე განჩინების მე-9 პუნქტის მიხედვით, საექსპერტო დაწესებულებას დაევალა, განჩინების გამომტანი სასამართლოსათვის (მოსამართლისათვის) ექსპერტიზის დაწყების შესახებ შეეტყობინებინა. განჩინების მე-10 პუნქტის თანახმად, მხარეებს განემარტათ, რომ, თუ ისინი არ გადაიხდიდნენ ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო თანხას, ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა და შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდოდა მათზე;
ექსპერტიზის დანიშვნის განჩინების მე-11 პუნქტის თანახმად, მხარეებს დაევალათ, ექსპერტიზის დანიშვნამდე 7 დღის ვადაში გამოცხადებულიყვნენ ექსპერტიზის ბიუროში და დაეფარათ ექსპერტიზის ხარჯები;
ექსპერტიზის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში თ. ა-ი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ გამოცხადებულა, არ დაუფარავს ექსპერტიზის ხარჯები და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არც ხელშეკრულება გაუფორმებია;
საექსპერტო დაწესებულებას ექსპერტიზის ჩატარების დაწყების თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. საქმე სასამართლოში დაბრუნდა ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და ამგვარ ვითარებაში იქნა განხილული სასამართლოში არსებული ადმინისტრაციული დავა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა დასკვნა N..... ექსპერტიზა დასრულდა 2013 წლის 18 ივლისს და ექსპერტიზის ხარჯმა შეადგინა ჯამში 1200 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის მოპასუხეს მოსარჩელესთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს მითითებით, საექსპერტო დაწესებულებას ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ ექსპერტიზის ხარჯების წინასწარ და სრულად გადახდის შემთხვევაში, რაზედაც მხარე ინფორმირებული იყო სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს მითითებით, საექსპერტო დაწესებულებასთან თანამშრომლობა საექპერტო დასკვნის მისაღებად მხარის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, რომელზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელი საპროცესო შედეგების შესახებ გაფრთხილებული იყო სასამართლოს განჩინებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ა-მა საპროცესო უფლება გამოიყენა იმგვარად, რომ არ გააფორმა საექსპერტო დაწესებულებასთან ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე, არ გადაიხადა მომსახურების საფასური და ამ ქმედებით თავად იკისრა იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დადგენაშიც ექსპერტიზის დასკვნა დაეხმარებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. ა-ს არ გამოუხატავს სურვილი, საექსპერტო დაწესებულებასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება მომსახურების შესახებ, მხოლოდ სასამართლოს განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე კი, მხარის მიერ წინასწარ მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე არ წარმოშობდა ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვალდებულებას, პალატამ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი თ. ა-ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფლებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი განჩინება, რაც ამ განჩინების გაუქმების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული დებულებები არ იძლევა ლოგიკური და სრულყოფილი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას;
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და თ. ა-ს შორის არ ყოფილა წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა;
ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-176-ე მუხლები. 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექსპერტის გასამრჯელო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილი სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ანაზღაურების წესს ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საექსპერტო მომსახურების საფასური სადავო ექპერტიზის დასკვნის მიღებისას მოქმედი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების მიხედვით დადგინდა, რაც საფუძვლად დაედო საექსპერტო კვლევის საფასურის დაანგარიშებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა რა თ. ა-ის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით და თ. ა-ს დაავალა ექსპერტიზის ხარჯის გადახდა, ამასთან, თ. ა-ი ვალდებული იყო, ექსპერტიზის ხარჯი დაეფარა წინასწარ, სასამართლოსათვის დასკვნის გადაგზავნამდე, ექსპერტიზის ბიურომ კვლევა ჩატარა და საქმე სასამართლოში დასკვნის გარეშე დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ ექპერტიზის დანიშვნის შესახებ 2013 წლის 17 მაისის განჩინება არ შეიცავდა მითითებას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის (თბილისი, დეკემბერი, 2010 წელი, გვ. 147). ამ რეკომენდაციების საფუძველზე 2013 წლის 17 მაისის განჩინებაში უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, რომ საექსპერტო დაწესებულებაში საქმე გადაიგზავნებოდა მას შემდეგ, როდესაც თ. ა-ის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა სათანადო ხელშეკრულება და ხელშეკრულებით განსაზღვრული ექსპერტიზის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაჩივრებულ განჩინებით არასწორადაა განმარტებული მატერიალური სამართლის ნომა - სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ შეკვეცილად განმარტა ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, ასევე, სასამართლოს მიერ მიღებული აქტი - 2013 წლის 17 მაისის განჩინება. ამ განჩინების საფუძველზე თ. ა-ს წარმოეშვა ექსპერტიზის ბიუროს წინაშე ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კდოექსის მე-10 მუხლი ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა სავალდებულოობას, რაც არ ყოფილა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:
ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით N3/52-13 ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაევალა. განჩინება საქმის მასალებთან ერთად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინების მე-8 პუნქტის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაევალა მოსარჩელე თ. ა-ს. ამავე განჩინების მე-9 პუნქტის მიხედვით, საექსპერტო დაწესებულებას დაევალა, განჩინების გამომტანი სასამართლოსათვის (მოსამართლისათვის) ექსპერტიზის დაწყების შესახებ შეეტყობინებინა. განჩინების მე-10 პუნქტის თანახმად, მხარეებს განემარტათ, რომ, თუ ისინი არ გადაიხდიდნენ ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო თანხას, ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა და შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდოდა მათზე;
ექსპერტიზის დანიშვნის განჩინების მე-11 პუნქტის თანახმად, მხარეებს დაევალათ, ექსპერტიზის დანიშვნამდე 7 დღის ვადაში გამოცხადებულიყვნენ ექსპერტიზის ბიუროში და დაეფარათ ექსპერტიზის ხარჯები;
ექსპერტიზის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში თ. ა-ი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ გამოცხადებულა, არ დაუფარავს ექსპერტიზის ხარჯები და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არც ხელშეკრულება გაუფორმებია;
საექსპერტო დაწესებულებას ექსპერტიზის ჩატარების დაწყების თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია. საქმე სასამართლოში დაბრუნდა ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და ამგვარ ვითარებაში იქნა განხილული სასამართლოში არსებული ადმინისტრაციული დავა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა დასკვნა N..... ექსპერტიზა დასრულდა 2013 წლის 18 ივლისს და ექსპერტიზის ხარჯმა შეადგინა ჯამში 1200 ლარი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წარუდგენია, რის გამოც ისინი საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომლის შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინების საფუძველზე წარმოიშვა, რომლითაც, ექსპერტიზის ბიუროს დაევალა ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო თ. ა-ს - ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საექსპერტო კვლევის საგანი, ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი და ამ პირის ვალდებულებანი, ასევე, საექსპერტო კვლევის ხარჯების ანაზღაურებაზე ვალდებული პირი (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-11 პუნქტები, ს.ფ. 18-20). სასამართლოს არ დაუდგენია მხარეთა ორმხრივი ვალდებულებანი, როგორც ეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, არამედ სასამართლომ განსაზღვრა სამართალურთიერთობა ექსპერტიზის ბიუროს სპეციფიკური ვალდებულებებით, რომლის წარმოშობაც კონკრეტული სახით მხარის მიერ ნების გამოვლენას - ექსპერტიზის ხარჯების გადახდას დაუკავშირა (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი, ს.ფ. 20). ამდენად, განჩინების შესაბამისად, საექპერტო დაწესებულება ვალდებული იყო, სასამართლოს მიერ განსაზღვრული კვლევა ჩაეტარებინა მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურების წინასწარ გადახდის შემთხვევაში.
პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მითითებები ექპერტიზის დანიშვნის პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით არ არის მნიშვნელოვანი სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის. კასატორი თვითონვე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის ჩამოყალიბებული რეკომედაციების შესაბამისად, სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნისას საექპერტო დაწესებულებას ექპერტიზის ჩატარების ვალდებულება მხოლოდ საჭირო ხარჯების წინასწარ გადახდის შემთხვევაში ეკისრება, თუმცა კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს ვალდებულებაზე, საქმე ექსპერტიზაზე ხარჯების გადახდის შემდეგ გადაეგზავნა. ამავდროულად, საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ ირკვევა, თუ რა სახით უკავშირებს კასატორი სასამართლოს ხსენებულ პროცესუალურ ვალდებულებას საექპერტო კვლევის წარმოების ვალდებულების წარმოშობას, ან რა გავლენას ახდენს იგი კასატორის უფლებებზე. არსებული სამართალურთიერთობის სადავო საკითხები მხოლოდ ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი სასამართლო აქტის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. სასამართლოს მოქმედების შეფასებაც მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინების პირობების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. სასამართლო განჩინების მიხედვით, თუ მხარეები არ გადაიხდიან ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო თანხას, ექსპერტიზა არ ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზის ხარჯების გადახდა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით, საქმის ექსპერტიზაზე გადაგზავნა კი ვერ იქნება მიჩნეული ხარჯების გადახდაზე მეტყველ გარემოებად, ისევე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულების წარმოშობაზე მეტყველ გარემოებად სასამართლოს განჩინების შინაარსის უგულებელყოფით, კასატორის მითითება სასამართლოს სავალდებულო მოქმედებაზე წარმოადგენს დაუსაბუთებელ პრეტენზიას და ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრისათვის 2014 წლის 8 დეკემბერს N46948 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 8 დეკემბერს N46948 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე