საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2015 წელი
№ას-136-128-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.ტ.
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ.ტ.-მ მოპასუხე ლ. დ.-ის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 14 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ.ტ.-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება და ლ.დ.-სა და თ.ტ.-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ტ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით:
1. თ.ტ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 14 მაისს თ.ტ.-სა და ლ.დ.-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ.ტ.-მ ლ.დ.-ისგან სესხის სახით მიიღო 6000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, სან-ზონაში მდებარე თ.ტ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (კორპუსი .., სართული .., ბინა .., საკადასტრო კოდი .....). ხელშეკრულების მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორმხრივი შეთანხმებით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო;
2012 წლის 16 სექტემბერს თ.ტ.-სა და ლ.დ.-ს შორის შედგა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა 6600 აშშ დოლარით, ხოლო სესხის სარგებელი ყოველთვიური 3%-ით განისაზღვრა, სესხი 2013 წლის 17 სექტემბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. ხელწერილის შედგენის ფაქტი და მისი ნამდვილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2009 წლის 14 მაისს თ.ტ.-სა და ლ.დ.-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები თ.ტ.-ს არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე.
საქმის მასალებით დადგინდა და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2012 წლის 16 სექტემბრის შემდეგ თ.ტ.-ს ლ.დ.-ისთვის გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 600 აშშ დოლარი. რაც შეეხებოდა თ.ტ.-ს მიერ 2009 წლის 30 დეკემბერს გადახდილ 1200 აშშ დოლარს, 2010 წლის 8 ნოემბერს გადახდილ 1000 აშშ დოლარს, 2011 წლის 25 ოქტომბერს გადახდილ 2000 ევროსა და 2012 წლის 16 სექტემბერს გადახდილ 5400 აშშ დოლარს, მოპასუხე ლ.დ.-ის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხები გადახდილი იყო თ.ტ.-ს საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ნაწილის ანგარიშში. რაც შეეხებოდა 2012 წლის 16 სექტემბრის შეთანხმებაში სესხის ძირ თანხად 6600 აშშ დოლარზე მითითებას, მოპასუხემ განმარტა, რომ სესხის ძირ თანხას – 6000 აშშ დოლარს დაემატა შეთანხმებამდე არსებული საპროცენტო დავალიანება 600 აშშ დოლარი და სესხის ძირი თანხის სახით გადასახდელად განისაზღვრა 6600 აშშ დოლარი. 6600 აშშ დოლარის დაფარვის ვალდებულება თ.ტ.-მ აიღო ყოველთვიურ 3%-იან სარგებელთან ერთად 2013 წლის 17 მაისამდე. ამდენად, აღნიშნული შეთანხმებით დასტურდებოდა, რომ 2012 წლის 16 სექტემბრისთვის თ.ტ.-ს არათუ სესხის ძირითადი თანხა ჰქონდა დაბრუნებული, არამედ გააჩნდა საპროცენტო დავალიანება 600 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოქმედების ვადის გაგარძელების შესაძლებლობას ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისად, 2012 წლის 16 სექტემბრის ხელწერილის შედგენამდე გადახდილი თანხები სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილ თანხებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ თ.ტ.-სა და ლ.დ.-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები თ.ტ.-ს არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 623-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ტ.-მ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. თ.ტ.-მ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შეასრულა, მან ლ.დ.-ს გადასცა 11200 აშშ დოლარი და 2000 ევრო;
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ თ.ტ.-ს მიერ გადახდილი თანხები იყო სარგებლისა და პროცენტის თანხა. კასატორის მიერ გადახდილი თანხა უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირითად თანხად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თ.ტ.-ს ვალდებულება შესრულებულად უნდა მიეჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ტ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორის მოსაზრებით, 2012 წლის 16 სექტემბრის შეთანხმების დადებამდე მოვალის (მოსარჩელის) მიერ გადახდილი თანხები სააპელაციო სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ძირითად ვალში და არა პროცენტებში.
საკასასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარეებმა (კრედიტორმა და მოვალემ) 2012 წლის 16 სექტემბრის შეთანხმების დადებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ამ შეთანხმების დადებამდე გადახდილი თანხებით დაიფარა სესხის პროცენტები და პირგასამტეხლოს ნაწილი. მართალია, აღნიშნულის თაობაზე შეთანხმებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ უდავოა, რომ 14.05.2009 წლის სესხის ხელშეკრულებაში 16.09.2012 წლის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებებით ძირითადი თანხის ოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, ამასთან, განისაზღვრა მისი გადახდის ახალი ვადა, კერძოდ, ამ შეთანხმებით მოვალემ იკისრა 6600 აშშ დოლარის ეტაპობრივად გადახდა 2013 წლის 17 სექტემბრამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 16.09.2012 წლის შეთანხმების დადებისას, მოვალეს ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა კრედიტორისათვის, რომ მის მიერ გადახდილი თანხები მიეჩნიათ ძირითადი ვალის ანგარიშში გადახდილად და ეს აესახათ შეთანხმებაში. ფაქტია, რომ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არ შედგა, პირიქით, მოვალემ იკისრა 6600 აშშ დოლარის ეტაპობრივად გადახდა 2013 წლის 17 სექტემბრამდე.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სესხი იყო სარგებლიანი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოც ვალდებულების დარღვევისათვის. თუ კასატორის მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ გამოდის, რომ მოვალემ არც სესხის სარგებელი უნდა გადაიხადოს და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ მოვალე 14.05.2009 წლის შემდეგ სარგებლობს მისთვის სესხად გადაცემული თანხით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრედიტორის (მოპასუხის) მიერ გამოანგარიშებული სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეესაბამება მოვალის მიერ 16.09.2012 წლის შეთანხმების დადებამდე გადახდილ თანხებს. მოპასუხის შესაგებელში მითითებულ ამ გარემოებებზე კასატორს დასაბუთებული პერეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ.ტ.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ნ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (631.50 ლარი) 70% – 442.05 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ტ.-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ.ტ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ნ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (631.50 ლარი, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი – 2015 წლის 20 თებერვალი) 70% –442.05 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე