Facebook Twitter

№ ას-16-13-2015 26 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. თ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ე. პ-ისათვის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. პ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2013 წლის 01 მაისს მოსარჩელესა და ე. პ-ს შორის გაფორმდა შეთანხმება-ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. თ-ემ აიღო ვალდებულება, რომ ე. პ-ის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ფარგლებში დაიცავდა ე. პ-ის კანონიერ უფლებებს, თავისუფლებებს და ინტერესებს. კერძოდ, აწარმოებდა ე. პ-ის დავას უძრავ ქონებასთან, მდებარე, ქ. ბათუმი, ა-ის ქ№...ა (საკადასტრო კოდი: №...) დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ე. პ-მა აიღო ვალდებულება, რომ სამართლებრივი და ყველა სახის იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხდიდა მას ჰონორარს შემდეგი გაანგარიშებით: დავის დაწყების ეტაპისათვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, სადავო საგნის ღირებულებიდან ამონაგები თანხის 10%-ს, რაშიც შედიოდა საწყის ეტაპზე გადახდილი 2000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. შედეგად მოპასუხემ 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... და .... შესაბამისად, არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, დადგა ის პირობა, რამაც წარმოშვა მოთხოვნა დარჩენილი მომსახურების საზღაურის გადახდის ვალდებულებისა, რასაც მოპასუხე უსაფუძვლოდ თავს არიდებდა. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ე. პ-მა თავისი ქცევითა და გამონათქვამებით, ასევე წერილობითი პასუხით და უსაფუძვლო ბრალდებებით შელახა მისი, როგორც მოქალაქის და ადვოკატის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის საფუძველზეც მოითხოვა არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ხელშეკრულების გაცნობისას არ გადაუმოწმებია მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა როგორც წინმსწრები, ასევე საქმის დასრულების ეტაპისათვის. ხელშეკრულება შედგენილი იყო ქართულ ენაზე, რომელსაც იგი არასათანადოდ ფლობდა. შესაბამისად, მას არც ხელშეკრულების რუსულად თარგმნა მოუთხოვია ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე. ხელშეკრულების შინაარსში მხოლოდ ციფრებზე მოახდინა კონცენტრაცია, სადაც მითითებული იყო 2000 ლარი და მოაწერა ხელი. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ასევე უსაფუძვლო იყო, რადგან მომსახურების ხელშეკრულებაში ნაგულისხმევია ქონების (საკადასტრო კოდით: ...) რეალიზაციიდან მიღებული თანხის 10 % და არა ორივე ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. მოპასუხე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. პ-ს ა. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის მიღებული საზღაურის 3000 ლარის ანაზღაურება; ა. თ-ეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. პ-მა, ასევე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. თ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი, რომლითაც ე. პ-ს ა. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის მიუღებელი საზღაურის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. ა. თ-ის შუამდგომლობა შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტზე ა. თ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; ა. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 1 მაისს იურიდიული ბიურო „თ-ე, კომპანია და პარტნიორების” დირექტორ ა. თ-ეს და ე. პ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა. თ-ემ აიღო ვალდებულება, რომ ე. პ-ის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ფარგლებში დაიცვას (წარმომადგენლობა გაუწიოს) ე. პ-ის კანონიერი უფლებები, თავისუფლებები და ინტერესები, კერძოდ აწარმოოს ე. პ-ის დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკადასტრო კოდით №..., მდებარე ქ. ბათუმი, ა-ის ქ№...ა.

ამავე ხელშეკრულების თანახმად ე. პ-მა აიღო ვალდებულება, რომ სამართლებრივი და ყველა სახის იურიდიული მომსახურებისათვის გადაეხადა ა. თ-ისათვის ჰონორარი შემდეგი გაანგარიშებით: დავის დაწყების ეტაპისათვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში სადავო საგნის ღირებულებიდან ამონაგები თანხის (ქონების) 10%, რაშიც შედიოდა საწყის ეტაპზე გადახდილი 2000 ლარი.

სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ა. თ-ემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ე. პ-ს გაუწია იურიდიული მომსახურება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ე. პ-ის ინტერესებიდან გამომდინარე მიმართა სააღსრულებო ბიუროს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით გამარტივებული წესით საქმის წარმოებისათვის შესაბამისი მოთხოვნის დასაბუთებით. წარმოდგენილი მოთხოვნის დასაბუთებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ საკითხი ეხებოდა სწორედ ე. პ-ის დავას ქ. ბათუმში, ა-ის ქ. №...ა-ში მდებარე ურავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ე. პ-ის სესხის, 30 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის გამარტივებული წესით განხილვა სააღსრულებო ბიუროში განხორციელდა ა. თ-ის განცხადების საფუძველზე და იგი დასრულდა საბოლოოდ ე. პ-ის სასარგებლოდ. კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე ე. პ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ბათუმში, ა-ის ქ№...ა-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №... და საკადასტრო კოდით №... მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ ე. პ-ის მოთხოვნას შეადგენდა სადავო უძრავი ქონების რეალიზაციით 30 000 აშშ დოლარის მიღება, ხოლო როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, საბოლოოდ, მოპასუხის საკუთრებაში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ აღირიცხა მთლიანი სადავო უძრავი ქონებები, რომელთა საბაზრო ღირებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნების თანახმად, შეადგენს 94 000 ლარს და 81 000 ლარს, სულ ქ. ბათუმში, ა-ის ქ№...ა-ში მდებარე სადაო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის მესაკუთრედაც აღირიცხა სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე მოპასუხე, სააღსრულებო ბიუროს შეფასებით და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეადგენს 175000 ლარს. აღნიშნული ქონება ე. პ-ის მიერ კი სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე შეძენილი იქნა 43750 ლარად.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის პირველ ეტაპზე გადაუხადა 2000 ლარი, ხოლო მხარეებს შორის 2013 წლის 01 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა დავის დამკვეთის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში და რომელიც შეადგენდა დავის საგნის ღირებულებიდან ამონაგები თანხის 10 %-ს, ე. პ-ს აღარ გადაუხდია.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დავის საგანს შეადგენდა ე. პ-ის მიერ სადავო ქონებიდან 30 000 აშშ დოლარის ამოღება. აღნიშნული თანხის 10% არის 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რომელშიც შედის ე. პ-ის მიერ პირველ ეტაპზე გადახდილი 2000 ლარი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რწმუნებულმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გაუწია იურიდიული მომსახურება მარწმუნებელს, მაგრამ მარწმუნებლის, ამ შემთხვევაში მოპასუხე ე. პ-ის მიერ არ იქნა შესრულებული სრულად ვალდებულება და არ იქნა გადახდილი გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის შეთანხმებული ღირებულება სრულად.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში იყო დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

რაც შეეხება ა. თ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებულ სააპელაციო მოთხოვნაზე ა. თ-ემ უარი განაცხადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა აღნიშნულ ნაწილში შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა ა. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მხარეს. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის აუცილებლობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. პ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება ე. პ-ის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში.

კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა შეფასებული მოპასუხის მიერ შესაგებელში მოყვანილი არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება მისი შინაარსიდან გამომდინარე ითვალისწინებდა არა სადავო საგნის, ანუ თანხის 30 000 აშშ დოლარის 10 %-ის გადახდის ვალდებულებას, არამედ კონკრეტული ხელშეკრულების საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის 10%-ის გადახდის ვალდებულებას. ხელშეკრულების პირველი ნაწილის შესაბამისად კი, პირველი მხარე, ანუ ა. თ-ე კისრულობდა ვალდებულებას, ეწარმოებინა დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში, გენერალ ა. ა-ის ქ. №...ა-ში და რომლის საკადასტრო მონაცემები იყო .... ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, მეორე ნაწილის შესაბამისად, ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო დავის საგნის ღირებულებიდან ამონაგები თანხის გათვალისწინებით.

კასატორის აზრით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ თითქოს იურიდიული მომსახურების თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სადავო თანხის ღირებულებიდან გამომდინარე. მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიცია ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ დათქმას (სადავო საგნის ღირებულებიდან ამონაგები თანხის 10 %, რაშიდაც შედის საწყის ეტაპზე გადახდილი 2000 ლარი). სასამართლოს საკითხი უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში და მასში მითითებული დავის საგნიდან ამონაგები თანხის გათვალისიწინებით.

კასატორის აზრით, თუ ხელშეკრულების პირობებზე გამახვილდებოდა ყურადღება, მაშინ ხელშეკრულებაში მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა გაცილებით ნაკლებია იმ თანხაზე, რაც მოწინააღდეგე მხარის მიერ დაფიქსირებულია სარჩელში. დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდა როგორც მოსარჩელესა და აპელანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ დავის საგანზე, ასევე სხვა უძრავ ქონებაზე, რომელიც, მართალია, იპოთეკით იყო დატვირთული, მაგრამ მისგან ამონაგები თანხიდან მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდას არ ექვემდებარებოდა რაიმე თანხა. შესაბამისად, აუქციონიდან ამონაგებ 41705,61 ლარში პროპორციულად შედის როგორც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების ღირებულება, ასევე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულებაც.

საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილობითი მასალებით დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულებაში მხარეების მიერ მითითებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეფასებული იქნა 81000 ლარად, ხოლო ქონება რომლისგან ამონაგები თანხაც არ ექვემდებარებოდა მომსახურების გადახდას ს/კ ..., შეფასებული იქნა 94 000 ლარად. ორივე უძრავი ქონების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 174000 ლარს, რომელშიც ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების წილი მათემატიკური გაანგარიშებით შეადგენს 46,29 %. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუქციონზე 41705,61 ლარად რეალიზებული იქნა ე.წ. შეთანხმება-ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება და ასევე ქონება, რომელიც არ ყოფილა ხელშეკრულების საგანი, კასატორის აზრით, აშკარაა რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება სრულადაა შესრულებული. შეთანხმება-ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების წილი ორივე ქონების რეალიზაციიდან ამონაგებ თანხაში შეადგენს 46,29 %-ს, თანხობრივად კი 19305 ლარს, რომლის 10% 1930 ლარია. კასატორის აზრით, მითითებული გარემოება სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტებები, რასაც შედეგად საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. კერძოდ, საკასაციო საჩივარი იმეორებს შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, მაგრამ არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის დაუსაბუთებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის გარემოებების შეფასებისას და რატომაა არასწორი ამ შეფასების საფუძველზე გაკეთებული დასკვნა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც არსებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ე. პ-ს დაუბრუნდეს მის (პირადი ნომერი: ...) მიერ 2015 წლის 5 თებერვლის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე