Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

8 ივნისი, 2015 წელი

№ას-170-158-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ.ტ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სიკეთის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოპასუხე შპს „შ.ტ-ის“ მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხისაგან უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, 141011.47 ლარის ანაზღაურება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით:

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 28 მარტს, საქართველოს მთავრობას და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შედგა სასესხო შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი), რომელიც იმავე წლის 24 აპრილის №6062-Iს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ;

საქართველოს მთავრობას და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების ,,რეგიონული განვითარების პროექტის” ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 18 ივნისს მიიღო №217 დადგენილება;

მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის სხდომის №49 ოქმის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა I ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტების შერჩევის საკითხი საქართველოს მთავრობას და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების ,,რეგიონული განვითარების პროექტის (კახეთი)” კერძო სექტორში განსახორციელებელი ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, რა დროსაც სხვა კომპანიებთან ერთად წარდგენილ იქნა შ.ტ-ის ბიზნესპროექტი გზის, წყალმომარაგება და წყალანირების, ელექტროენერგიის წყაროს შექმნის და სხვათა შესახებ;

2012 წლის 27 აგვისტოს, პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტებიდან შერჩეულ ბიზნესსუბიექტ შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ოქმი განზრახულობათა შესახებ;

2012 წლის 31 აგვისტოს, ,,საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების – ,,რეგიონული განვითარების პროექტის” ფარგლებში, კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №217 დადგენილების შესრულების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის დავალებისა (№49 სხდომის ოქმი) და 2012 წლის აგვისტოს განზრახულობათა ოქმის საფუძველზე, პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტებიდან გამარჯვებული ბიზნესწინადადების ავტორს – შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება კახეთის რეგიონში კერძო ინვესტიციისათვის ხელშეწყობის მიზნით - თელავის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მის სარგებლობაში იჯარით გადაცემული მშენებარე სასტუმრომდე მისასვლელი გზის, ასევე წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის და ელექტრო მომარაგების რეაბილიტაციის ღონისძიებების ხელშეწყობის შესახებ;

2012 წლის 27 აგვისტოს პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტებიდან შერჩეულ ბიზნესსუბიექტს – შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ოქმი განზრახულობათა შესახებ;

2012 წლის 31 აგვისტოს, ,,საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების - ,,რეგიონული განვითარების პროექტის” ფარგლებში, კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №217 დადგენილების შესრულების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივნისის დავალებისა (№49 სხდომის ოქმი) და 2012 წლის აგვისტოს განზრახულობათა ოქმის საფუძველზე, პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტებიდან გამარჯვებული ბიზნესწინადადების ავტორს, შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება კახეთის რეგიონში კერძო ინვესტიციისათვის ხელშეწყობის მიზნით – თელავის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მის სარგებლობაში იჯარით გადაცემული მშენებარე სასტუმრომდე მისასვლელი გზის, ასევე წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის და ელექტრო მომარაგების რეაბილიტაციის ღონისძიებების ხელშეწყობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი ასაჩივრებდა სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომლითაც მან მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბიზნესპროექტებიდან გამარჯვებული ბიზნესწინადადების ავტორს შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა უცილოდ ბათილ გარიგებას (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). მოსარჩელის მოსაზრებით, ეს ხელშეკრულება არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს – ეწინააღმდეგებოდა 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმებას (რეგიონული განვითარების პროექტი), რადგან აღნიშნული შეთანხმებით დადგინდა, რომ დაფინანსებას ექვემდებარებოდა საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობის საინვესტიციო პროექტები ტურიზმისა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების წახალისების მიზნით. 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებაში კი გაიწერა ფონდის ისეთი ვალდებულებები, რომელიც გულისხმობდა ბიზნესსუბიექტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას და ამით წინააღმდეგობაში მოდიოდა 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმებასთან (რეგიონული განვითარების პროექტი), ვინაიდან მოხდა კერძო ბიზნესის არა ხელშეწყობა საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, არამედ მისი პირდაპირი დაფინანსება მიზნობრიობის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ზემოაღნიშნული განმარტება არ გაიზიარა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

2012 წლის 28 მარტს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების მე-3 მუხლის (პროექტი) მიხედვით, პროექტის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსესხებელი ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ვალდებულებას. ამ მიზნით მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი ზოგადი პირობების მე-5 მუხლის პირობების თანახმად; ... მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის პირობების შესაბამისად განხორციელება. პროექტის მე-2 განრიგის პირველი ნაწილის ა.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია პროექტს განახორციელებს საოპერაციო სახელმძღვანელოს მეშვეობით, რომელიც მისაღები იქნება მსოფლიო ბანკისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი აწესებს მტკიცების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარე ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა დაედასტურებინა, რომ შპს ,,შ.ტ-ს” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული პირობები არ იყო მისაღები მსოფლიო ბანკისათვის, რომელიც წარმოადგენდა კრედიტორს აღნიშნულ ურთიერთობაში. აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუთითებია.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ შეთანხმების მეორე მხარემ – საქართველომ, მთავრობის მეშვეობით, 2012 წლის 18 ივნისს მიიღო №217 დადგენილება, რომლითაც საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების – ,,რეგიონული განვითარების პროექტის” ფარგლებში განისაზღვრა კახეთის რეგიონში კერძო სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები, რომლის განხორციელებაც დაევალა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თავის მხრივ, პირველ ეტაპზე რამდენიმე ბიზნესსუბიექტიდან შეარჩია მოპასუხის ბიზნესწინადადება, რომელთანაც თავდაპირველად გააფორმა განზრახულობათა ოქმი, ხოლო მოგვიანებით – ხელშეკრულება მასში მითითებული პირობებით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვერ დაადასტურა, რომ 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმების (რეგიონული განვითარების პროექტი) მხარისათვის – კრედიტორ მსოფლიო ბანკისათვის, მიუღებელი იყო ძირითადი ხელშეკრულებებიდან წარმოებულ გარიგებებში, მათ შორის, – 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ასახული პირობები ან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისს მიღებულ №217 დადგენილებაში განსაზღვრული ღონისძიებები და ეწინააღმდეგებოდა ძირითადი ხელშეკრულების მოთხოვნებს.

აპელანტმა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმების (რეგიონული განვითარების პროექტი) I განრიგის ,,ა” ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობაზე, რომლის მიხედვითაც, დაფინანსებას ექვემდებარებოდა საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობის საინვესტიციო პროექტები ტურიზმისა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების წახალისების მიზნით და სწორედ მითითებული პუნქტი კრძალავდა ბიზნესსუბიექტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას და ამით წინააღმდეგობაში მოდიოდა 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმებასთან, ვინაიდან მოხდა კერძო ბიზნესის არა ხელშეწყობა საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, არამედ მისი პირდაპირი დაფინანსება.

2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარი სასესხო შეთანხმების (რეგიონული განვითარების პროექტი) I განრიგის „ა” ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, პროექტი შედგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან: ინვესტირება ინფრასტრუქტურაში – მონაწილე LSG-სათვის თანხების უსასყიდლოდ გამოყოფა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მიზნით, რათა სამუშაოების, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის გზით უზრუნველყოფილი ყოფილიყო კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმისა და აგრო-პროდუქტების წარმოების სფეროში. მისი დეფინიციიდან გამომდინარე, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კერძო სექტორის მონაწილეობა (ჩართულობა) ტურიზმისა და აგრო-პროდუქტების წარმოების სფეროში და იგი არსად მიუთითებდა, რომ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

სააპელაციო სასამართლომ ზემომითითებული მოსაზრება ასევე დააფუძნა 2012 წლის 18 ივნისის №217-ე დადგენილებაზე, რომლის პირველივე მუხლის პირველი წინადადება ადგენს, რომ უნდა „განისაზღვროს კახეთის რეგიონული განვითარების საინვესტიციო პროექტების ფარგლებში აგროწარმოებისა და ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის თანამშრომლობის წახალისების პოგრამა. მე-3 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა იმ პრედენდენტთა მიერ წარდგენილი საკუთარი ბიზნესინიციატივის საფუძველზე, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიდნენ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, უზრუნველეყო ისეთი პრიორიტეტული ბიზნესპროექტების შერჩევა, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდნენ აგროწარმოების და ტურიზმის სფეროში საქმიანობასთან. ტურიზმის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული ბიზნესპროექტები კი ამ დადგენილების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად, მოიცავდა სასტუმროების მშენებლობას (მათ შორის, – საოჯახო და მცირე ზომის). ამავე დადგენილების მიხედვით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ შერჩეული პროექტის დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფდა გამარჯვებულ ბიზნესწინადადების ავტორთან ხელშეკრულების გაფორმებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული პირობები იმაზე მიუთითებდა, რომ ბიზნესპროექტის შერჩევა უპირველესად ხდებოდა თავად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ, რომელსაც თავადვე ამტკიცებდა, ხოლო პროცედურულად მისი განხორციელების შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა ფონდის მიერ ხელშეკრულების დადება პროექტის ავტორთან. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის 18 ივნისის №217-ე დადგენილება, თავისთავად წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელების ნორმატიულ საფუძველს. მაშასადამე, „შ.ტ-ის“ მიერ წარდგენილი ბიზნესპროექტი მოიწონა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა.

მოცემულ შემთხვევაში, ფონდმა 2012 წლის 18 ივნისის ოქმით (ს/ფ 43) დაამტკიცა პირველ ეტაპზე შერჩეული ბიზნესპროექტები, რომელთა შორისაც იყო კომპანია „შ.ტ-იც“. 2012 წლის 27 აგვისტოს განზრახულობათა შესახებ ოქმის თანახმად, დაიდო შეთანხმება ფონდსა და „შ.ტ-ს“ შორის ამ უკანასკნელის მიერ მის სარგებლობაში იჯარით გადაცემული მშენებარე სასტუმროს დასრულებისა და კეთილმოწყობის და სხვა მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის თაობაზე, ამ აქტში მითითებული პირობებით. 2012 წლის 31 ოქტომბერს ფონდსა და „შ.ტ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა თელავის რაიონის სოფელ ს.-ში მდებარე მის სარგებლობაში იჯარით გადაცემულ მშენებარე სასტუმრომდე მისასვლელი გზის – 1391 მეტრის, ასევე, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის და ელექტრო მომარაგების რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო მომსახურებისა და ამ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აუცილებელი სამუშაოების შესყიდვა სავარაუდო ღირებულებით – 537 667.55 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ, ფონდმა დაფარა „შ.ტ-თან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებული ფაქტების მიხედვით მიიჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა კანონიერი ნდობის უფლება ფონდისადმი, სახელმწიფო სახსრების ლეგიტიმურად განკარგვის აღქმით. „კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. კანონიერი ნდობის პრინციპი „ავალდებულებს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს, პატივი სცენ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს პრინციპი „აიძულებს“ ადმინისტრაციულ ორგანოს, არ შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ ამან კანონიერი ნდობის მქონე პირთა ინტერესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს“.

ზემოთ დასახელებული მოქმედებების შედეგად, რაც შეეხებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულების მომზადებისა და დადების, შემდგომში კი მისი განხორციელების ეტაპებს, ფონდმა გამოხატა სახელმწიფო სახსრების „შ.ტ-ისადმი“, მის სასარგებლოდ გაღების ნება, რამაც ამ უკანასკნელს ფონდისადმი წარმოუშვა კანონიერი ნდობის უფლება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიძლება შეიცვალოს იმგვარად, რომ ამან კანონიერი ნდობის მქონე პირის, მოპასუხის უფლებაზე, აღარ დააბრუნოს მოსარჩელის მიერ ნებით განპირობებული შესრულება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,შ.ტ-ს” შორის 2012 წლის 27 აგვისტოს შემდგარი განზრახულობათა შესახებ ოქმი და უფრო მოგვიანებით – 2012 წლის 31 ოქტომბერს, დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა უცილოდ ბათილ გარიგებას (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი), ვინაიდან საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ აღნიშნული შეთანხმებები არ არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და არ ეწინააღმდეგებოდა 2012 წლის 28 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შემდგარ სასესხო შეთანხმებას.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, თუკი მოსარჩელეს პრეტენზია გააჩნდა სამართლებრივი წონასწორობის აღდგენაზე, სხვის მიერ მიღებული უპირატესობის უკან დაბრუნებაზე, მასვე უნდა დაედასტურებინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, თუ რაში მდგომარეობდა ამ უპირატესობის დაბრუნების წინაპირობა და რა ფაქტით დაირღვა ეს სამართლებრივი წონასწორობა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულს განაპირობებს ბათილი ხელშეკრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ბიზნესსუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ადგილი არ ჰქონია სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის დარღვევას და დასაშვები იყო, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები (რომელიც რეგიონული განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოიყო) კერძო ბიზნესის დაფინანსებისთვისაც დახარჯულიყო. სააპელაციო სასამართლო აქ საუბრობს კანონიერ ნდობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რამდენადაც ფონდმა გამოხატა სახელმწიფო სახსრების „შ.ტ-ისადმი“, მის სასარგებლოდ გაღების ნება. ამით სააპელაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილი აქვს თანამდებობის პირის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებას და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გახარჯვას, შესაბამის კერძო სუბიექტსს, რომელმაც შედეგად სარგებელი მიიღო, არ ევალება კანონის ცოდნა და კანონდარღვევის შედეგად მიღებული სარგებლის უკან დაბრუნება მხოლოდ კანონიერი ნდობის გამო. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო არასწორ კონტექსტში იყენებს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონიერი ნდობის პრინციპს და მისი ამგვარი პოზიცია შეიძლება ერთგვარი წამახალისებელიც კი გახდეს შემდგომში კერძო სუბიექტების სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის და ამ გზით სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენების კუთხით;

ფაქტია, რომ სასესხო შეთანხმების მიზნობრიობის დარღვევის გამო ფონდს დაეკისრა ვალდებულებები, რომლებიც მას არ უნდა დაკისრებოდა და შესაბამისად, მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფოს მიერ სესხად აღებული თანხები გაიხარჯა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც არ უნდა გახარჯულიყო. ამდენად, მოხდა შიდანორმატიული (კანონის) ძალის მქონე დოკუმენტით – რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესის დარღვევა, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად ხდის ფონდსა და შპს „შ.ტ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამის ნაწილს (რომლითაც გათვალისწინებულ იქნა კერძო სექტორში განსაზღვრული მატერიალური ვალდებულების ფინდის მიერ შესრულება) უცილოდ ბათილს;

სააპელაციო სასამართლომ თავისი პოზიცია იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ მსოფლიო ბანკმა მოიწონა „შ.ტ-ის“ მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტი, რითაც სასამართლო ცდილობს დაასაბუთოს ის პოზიცია, რომ ბიზნესსუბიექტის ტერიტორიაზე პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სახსრების ხარჯვა მსოფლიო ბანკისთვის მისაღები იყო. სააპელაციო სასამართლოს ეს განმარტება ნაწილობრივ არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან რეალურად ბიზნესპროექტი მოიცავს ზოგად ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში – ფონდის მიერ სასტუმრომდე მისასვლელი 1391 მეტრი გზის საფარის დაგების ვალდებულებას, მაგრამ ხსენებული პროექტი არ მოიცავს დეტალურად გაწერილ და ნახაზებში მოცემული პროექტის აღწერას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7050.58 ლარის) 70% – 4935.406 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7050.58 ლარის, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი – 2015 წლის 3 თებერვალი) 70% – 4935.40 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე