საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2015 წელი
№ას-225-212-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოასმენის გარეშე
კასატორი – შპს „რ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე შპს ,,რ.-ს’’ დაევალა 2012 წლის 28 მაისის №139 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, მის მიერ დ.ხარაგაულში მოწყობილ ხელოვნურასაფარიან მოედანზე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნით დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა და ხელოვნური საფარის სათანადოდ მოწყობა, გადაწყვეტილების კანონოერ ძალაში შესვლიდან – 02 კვირის ვადაში;
3. შპს ,,რ.-ს’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2009.97 ლარის გადახდა.
4. შპს ,,რ.-ის’’ მიერ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებულობის შემთხვევაში, ამ მოქმედების შესრულების უფლება მიეცა მოსარჩელეს, მოპასუხისგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,რ.-მა’’.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით:
1. შპს ,,რ.-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 28 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „რ.-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „რ.-მა“ იკისრა დაბა ხარაგაულში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის ვალდებულება.
აპელანტმა ეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და, ამიტომ, მოწინააღმდეგე მხარემ მას ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შემდეგ, აპელანტმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. 2013 წლის 11 აპრილს მხარეები მორიგდნენ. მორიგების აქტით, აპელანტმა სამუშაოების დასრულების ვალდებულება კვლავ აიღო, თუმცა მან არც ამ მორიგების პირობები შეასრულა.
2013 წლის 12 ივნისს მხარეები ვალდებულების შესრულების წესსა და ვადაზე კვლავ შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, მუნიციპალიტეტმა აიღო აპელანტისათვის ხელოვნური საფარის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო მთლიანად შესრულებული სამუშაოს ღირებულება კი მას უნდა გადაეხადა საკრებულოს მიერ მოწვეული საექსპერტო ბიუროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის შემდეგ. თავის მხრივ, შპს „რ.-მა“ აიღო ვალდებულება, საექსპერტო ბიუროს მიერ ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, მთლიანად უზრუნველეყო მისი აღმოფხვრა 2 კვირის ვადაში, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-ის ოდენობით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 ივნისის დასკვნით დადგენილია, რომ აპელანტმა სახელშეკრულებო ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, საფარის ზედაპირზე არის სხვადასხვა სახის უსწორობები, ხოლო მისი ზედაპირის დახრილობა არ ემთხვევა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 380-ე, 641-ე და 642-ე მუხლების საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაეხადა პირგასამტეხლო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულების დასადგენად სასამართლო ექსპერტის დასკვნას არ უნდა დაყრდნობოდა. სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ჩანდა, რომ ხელშეკრულების შესრულების პირობები, ანუ ის, თუ რა სახის შესრულება ჩაითვლებოდა უნაკლოდ, მესამე პირს, ექსპერტს უნდა განესაზღვრა. დადგინდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაო უხარისხოდ მიიჩნია. ამის საწინააღმდეგო დასკვნა აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, მან თავისი პოზიცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ვერ დაამტკიცა, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სპორტული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელის ზედაპირზეც „სხვადასხვა სახის უსწორობები” არის, შეუძლებელია ჩვეულებრივი გამოყენებისთვის ვარგისად მიჩნეულიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია სამართლიანად უნდა მიჩნეულიყო, მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, დარღვეულ ვალდებულებასთან შეფარდებით, სრულიად გონივრული და შესაბამისი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,რ.-მა’’.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მხარეთა შორის გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება და შეთანხმება სტადიონის მოწყობის კონკრეტულ ხარისხს არ ითვალისწინებდა. მართალია, მხარეთა შორის 2012 წლის 28 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამუშაოს სათანადო ხარისხით შესრულება, თუმცა არაფერია ნათქვამი, თუ რას გულისხმობს სათანადო შესრულება, იგი არც მაღალ, საშუალო ან დაბალ ხარისხზე არ მიუთითებს. სათანადო ხარისხით სამუშაოს შესრულება ნიშნავს კონკრეტულად შეთანხმებული ხარისხით სამუშაოს შესრულებას, თუმცა ხელშეკრულებაში კონკრეტულ ხარისხზე მინიშნება არ არის. მსგავს შემთხვევას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ შესრულების ხარისხი ხელშეკრულებით დაწვრილებით არ არის განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს საშუალო ხარისხის სამუშაო და გასცეს საშუალო ხარისხის ნივთი. შპს „რ.-ს“ ევალებოდა, სამუშაო საშუალო ხარისხით შეესრულებინა. შესაბამისად, სარჩელის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ მოპასუხემ სამუშაო საშუალო ხარისხით არ შეასრულა ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მასში საერთოდ არ არის მითითებული, რამდენად აკმაყოფილებს მოწყობილი სრტადიონი საშუალო ხარისხს, დასკვნაში წერია, რომ მოწყობილი სტადიონი არ აკმაყოფილებს მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რამდენადაც მოსარჩელემ არ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულად დაამტკიცებდა სტადიონის საშუალო ხარისხთან შეუსაბამობას. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვერ ადასტურებს კასატორის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ჯერ ერთი, ვინაიდან მოსარჩელე მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით შპს „რ.-ის“ მხრიდან ხელშეკრულების/შეთანხმების დარღვევას ვერ ადასტურებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ვინაიდან იმავე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს დიდი ოდენობით პირგასამტეხლო უკვე დაკისრებული აქვს, სარჩელით პირგასამტეხლოს დამატებით მოთხოვნა გაუმართლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „რ.-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით კასატორ შპს „რ.-ს“ გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის, 90 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „რ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის, 90 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე