Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

5 ივნისი, 2015 წელი

№ას-253-240-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ჯ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ.ჯ.-მა მოპასუხე ვ.ა.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა ვ.ა.-მა, რომელმაც მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოპასუხე რ.ჯ.-ისათვის მის სასარგებლოდ 2100 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით:

1. რ.ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ვ.ა.-ს რ.ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად;

3. ვ.ა.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. რ.ჯ.-ს ვ.ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 657.60 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ა.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით:

1. ვ.ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 4 აპრილს, გარდაიცვალა ნ.ბ.-ი, რომლის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე რ.ჯ.-ი და მოპასუხე ვ.ა.-ი (დები).

გარდაცვლილი მამკვიდრებლის, ნ. ბ.-ის დებმა – ვ.ა.-მა, ლ. ა.-მა და რ.ჯ.-მა, 2012 წლის 13 თებერვალს, თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო ქონება – ქ.რუსთავში, მ.-ის ქ.№..ში მდებარე ბინა №...

2012 წლის 28 მარტს, სამკვიდრო ქონება – ქ.რუსთავში, მ.-ის ქ.№..-ში მდებარე ბინა №.. 18000 აშშ დოლარად გაიყიდა ე. ქ.-ზე.

აპელანტმა ვ.ა.-მა, თანხმობა განაცხადა რ.ჯ.-ისათვის გადაეხადა სამკვიდრო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა აპელანტმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე (1442.34 ლარის დაკისრება) მიიჩნია, რომ აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ.ჯ.-ისათვის ვ.ა.-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 657.60 ლარის და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი თანხის – 1442,34 ლარის ჯამი (09.12.2014 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე მოსარჩელის (შეგებებულ სარჩელში) მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, რესტორან „ძველი რუსთავის“ თანამშრომლების განცხადებით დასტურდებოდა ვ.ა.-ის მიერ ნ.ი ბ.-ის ქელეხის თანხის – 1340 ლარის ოდენობით გადახდა. გარდა ამისა, საქმეზე წარდგენილი შპს „ჰერმესის“ მიერ გაცემული ცნობით დგინდებოდა, რომ ვ.ა.-მა მიცვალებული ნ. ბ.-ის სასაფლაოსათვის გრანიტის ძეგლის დამზადებაში და დაყენებაში გადაიხადა – 633 ლარი.

სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის განჩინებაზე და აღნიშნავდა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1334–ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად წარუდგენლობისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის განჩინებაში (საქმე N3კ/441-01) აღნიშნა, რომ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის) ....... და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 500 ლარს. დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მტკიცების ტვირთი აკისრიათ მამკვიდრებლის კრედიტორებს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც მითითებული მსჯელობის შინაარსი ცხადყოფდა, მოსარჩელე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, არ თავისუფლდებოდა იმ ფაქტების მტკიცების ტვირთისგან და შესაბამისად სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულებების წარდგენის მოვალეობისგან, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვისათვის ხარჯების გაღებას. ამასთან, განჩინებაში საუბარია, არა 2500 ლარის ოდენობით თანხის უპირობო დაკისრებაზე, როგორც ამას აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, არამედ, თანხის იმ მინიმუმ ოდენობაზე, რომელსაც არ უნდა აღმატებოდა დასაფლავების, ქელეხის და ორმოცისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად მხარისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც. სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაადგინა, გარდაცვლილი მამკვიდრებლის – ნ.ბ.-ის დაკრძალვის ხარჯის ოდენობა, რომელიც 1973 ლარს შეადგენდა, მოსარჩელე ვ.ა.-მა გაიღო, ზემომითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სწორად გაანაწილა აღნიშნული ხარჯი სამკვიდროს მიმღებ პირებზე (ვ.ა.-ი, ლ.ა-ი, რ.ჯ.-ი) და არ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის აპელანტის სასარგებლოდ გაზრდის საფუძველი, რაც თავისთავად გამორიცხავდა ვ.ა.-ის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას – განხორციელებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული 6000 აშშ დოლარიდან (18000 აშშ დოლარის 1/3 ნაწილი) გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი თანხის გაქვითვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ა.-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენენ მემკვიდრის ვალდებულებას, სამკვიდროში თავისი კუთვნილი წილის შესაბამისად, აანაზღაუროს მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები.

სააპელაციო სასამართლო კასატორის მიერ ნ. ბ.-ის უკანასკნელი ავადმყოფობის, დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურების ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხოლოდ საქმეზე წარდგენილ დოკუმენტებს დაეყრდნო, რაც არასწორია. სასამართლოს კასატორის მოთხოვნა მაქსიმალური ოდენობით უნდა დაეკმაყოფილებინა და მოპასუხისათვის 2100 ლარი უნდა დაეკისრებინა, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის, გარდაცვალებისა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ, ასევე, შესაბამის სარიტუალო ხარჯებში მას რაიმე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული და რომ ეს ხარჯები კასატორს არ გაუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ №3კ/441-01 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლში მითითებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ დავებში, იმის მიუხედავად, ხარჯების გამღებმა პირმა წარადგინა თუ არა მისი მხრიდან შესაბამისი ხარჯების გაღების დამადასტურებელი საბუთები, სასამართლო ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს დააკისრებს ამ ხარჯების ანაზღუარების ვალდებულებას, თუკი მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფს მოსარჩელის მითითებულ გარემოებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ.ა.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ა.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ვ.ა.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2015 წლის 19 მარტი) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე