Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ივნისი, 2015 წელი

№ას-257-244-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.დ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ.-ე, მ.მ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ.დ.-ემ მოპასუხეების – ლ.გ.-ისა და მ.მ.-ის მიმართ და მოითხოვა ლ.გ.-ის მიერ მ.მ.-ის დახმარებით 2013 წლის 4 მარტს მოტყუებით გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების უკან დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ.დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით:

1. ზ.დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 8 თებერვალს ო.ბ.-ემ ზ.დ.-ეს სრული უფლებამოსილება მიანიჭა – ემართა და განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, რომლებიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, მ.-ს ქ.N..-ის მიმდებარედ, მათ შორის – გარიგება დაედო საკუთარ თავთანაც.

2013 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, ზემომითითებული უძრავი ნივთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ერთ საკადასტრო ერთეულად, როგორც 416კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №...........

ო.ბ.-ემ ზ.დ.-ეს ზემოაღნიშნული უფლებამოსილება იმ პირობით მიანიჭა, რომ არსებული 416კვ.მ-დან 30კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად მოქცეული იყო მეზობლად მდებარე, ლ.გ.-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის ფარგლებში, საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ლ.გ.-ეს, ხოლო დანარჩენი 386კვ.მ დარჩებოდა ზ.დ.-ის საკუთრებაში, რაზეც ზ.დ.-ე თანახმა იყო.

2013 წლის 4 მარტს ო.ბ.-ის წარმომადგენელ ზ.დ.-ესა და ლ.გ.-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ო.ბ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი – 30კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ.ბათუმში, მ.-ს ქ.N..-ის -ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით №...), 1000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადავიდა ლ.გ.-ის საკუთრებაში.

ნასყიდობის ფასი გადაიხადა მ.მ.-ემ, რომელიც ასევე შეპირდა ზ.დ.-ეს, რომ იპოთეკისგან გაათავისუფლებდა ზ.დ.-ის კუთვნილ 386კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც არსებობდა მ.მ.-ის ოჯახის წევრის ვალის გამო.

მოცემული საქმის განხილვის დროს მითითებული მიწის ნაკვეთი გათავისუფლდა იპოთეკისაგან, რადგან ვალი სრულად დაიფარა.

საქმის განხილვისას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.დ.-ეს შესთავაზა, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით – ო.ბ.-ით, რაზეც ზ.დ.-ემ უარი განაცხადა. ო.ბ.-ემ, მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ სადავო გარიგება მის ნებას შეესაბამება, შემძენის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ამის გამო, სამართალწარმოებაში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმაზე უარი თქვა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ.დ.-ის სარჩელის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა; ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, ზ.დ.-ე 2013 წლის 4 მარტის ნასყიდობის ბათილად ცნობას მოითხოვდა იმის გამო, რომ მ.მ.-ემ მოატყუა, დაპირდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის იპოთეკისგან განთავისუფლებას და დანაპირები არ შეასრულა; რომ არა ეს დაპირება, ზ.დ.-ე მითითებულ გარიგებას ლ.გ.-ესთან არ დადებდა.

საქმის განხილვის შედეგად, დამტკიცდა, რომ მ.მ.-ემ მართლაც მისცა ასეთი დაპირება მოსარჩელეს; როგორც მან განმარტა, იპოთეკა მას შემდეგ მოიხსნებოდა, როცა სესხი ბანკთან შეთანხმებული გრაფიკით დაიფარებოდა, რაც დაუბრკოლებლად განხორციელდა კიდეც. მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ეს დანაპირები 2013 წლის 4 მარტის გარიგების გაფორმებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შესრულებულიყო. უდავო იყო, რომ საქმის განხილვის დროს ზ.დ.-ის ქონება იპოთეკისგან გათავისუფლდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ.-ეს ზ.დ.-ე არ მოუტყუებია. ამასთან, ასევე ვერ დამტკიცდა ის გარემოება, რომ ლ.გ.-ე მოსარჩელეს დაპირდა იგივე მოქმედების განხორციელებას და ეს დანაპირები არ შეასრულა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმე ო.ბ.-ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან საკუთარი ქონების განკარგვაზე სრული უფლებამოსილება ზ.დ.-ეს სწორედ იმ პირობით მიანიჭა, რომ ზ.დ.-ეს აუცილებლად უნდა დაედო იმ შინაარსის გარიგება, როგორიც 2013 წლის 4 მარტს ლ.გ.-ესთან დადო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ამ თვალსაზრისით იკვეთებოდა ზ.დ.-ის მოტყუების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.დ.-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მხოლოდ ო.ბ.-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ თითქოს მან საკუთარი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილება ზ.დ.-ეს იმ პირობით მიანიჭა, რომ ზ.დ.-ეს აუცილებლად იმ შინაარსის გარიგება უნდა დაედო, როგორიც 2013 წლის 4 მარტს ლ.გ.-ესთან დაიდო. მოწმე ო.ბ.-ის მიერ 2013 წლის 8 თებერვალს ზ.დ.-ის სახელზე გაცემულ №..........მინდობილობაში არსად არ არის მითითებული იმ დავალებაზე ან/და უფლებამოსილებაზე, რომ ლ.გ.-ეზე ზ.დ.-ეს უნდა გადაეცა ან/და მასზე სხვაგვარად გაესხვისებინა 416კვ.მ მიწის ფართობიდან 30.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ო.ბ.-ემ სასამართლო სხდომაზე 2014 წლის 9 სექტემბერს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ იგი ლ.გ.-ეს საერთოდ არ იცნობს, მაგრამ 2013 წლის 4 მარტს მისი ნების შესაბამისად უცნობ პირთან გარიგების დადება დაადასტურა და მისი შინაარსიც მოიწონა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.დ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს 2013 წლის 4 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და გასხვისებული ნივთის უკან დაბრუნებას. ამ ხელშეკრულებით, ო.ბ.-ის წარმომადგენელ ზ.დ.-ესა და ლ.გ.-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ო.ბ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი – 30კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ.ბათუმში, მ.-ს ქ.N..-ის -ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით №....), 1000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადავიდა ლ.გ.-ის საკუთრებაში.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ.დ.-ე არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან ზემოხსენებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გასხვისებული ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გააჩნდეს ო.ბ.-ეს, რომელიც გასხვისებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა და არა ზ.დ.-ეს, რომელიც გარიგების დადებისას ო.ბ.-ეს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შესთავაზა არასათანადო მოსარჩელეს (ზ.დ.-ეს) შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით (ო.ბ.-ით), რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ამასთან, სათანადო მოსარჩელემაც უარი განაცხადა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად და განეცხადებინა დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი უნდა უთხრას არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, ზ.დ.-ეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, მის საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ.დ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ილია წულუკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.დ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ზ.დ.-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ილია წულუკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი – 2015 წლის 24 თებერვალი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე