საქმე №ას-283-271-2015 25 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი.ა. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, დავალიანების იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით დაფარვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა.ა–მა მოითხოვა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.ა–თვის 13 000 აშშ დოლარის დაკისრებისა და ქ.ქუთაისში, ..... მდებარე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3.2. ი.ა–ს ა.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის გადახდა.
3.3. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა მოპასუხის კუთვნილი, ქ.ქუთაისში, ..... მდებარე უძრავი ქონების რეალიზაცია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა–მა.
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ა–ის სააპელაციო საჩვარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ა.ა–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4.3. ი.ა–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 200 აშშ დოლარის გადახდა, რომლის გადახდევინების მიზნითაც დადგინდა ი.ა–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
4.4. დანარჩენ ნაწილში გასაჩვრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. გასაჩვრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებას.
5.2. საკასაციო სასამართლომ ვალდებულების შესრულების, აგრეთვე დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის ნორმები განმარტა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულების ფორმა) ჭრილში და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არსებობისას, რომლითაც შეთანხმებულია ვალდებულების შესრულების (სესხის თანხის გადახდის) დადასტურების ასევე წერილობითი ფორმა (მიღება–ჩაბარების აქტის შედგენა), დაუშვებელია ვალდებულების შესრულების ფაქტი დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, თუნდაც ეს მოწმე მოქმედებდეს კრედიტორის დავალებით და აცხადებდეს, რომ სესხის თანხა მიიღო მოვალისაგან. ამ განმარტებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად ცნო, რომ 2009 წლის 2 აპრილს წერილობითი (სანოტარო) ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ი.ა–მა ა.ა–გან უპროცენტო სესხის სახით მიიღო 13 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით (2009 წლის 2 ივლისამდე) და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი.ა–ის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ქონება.
5.3. ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ნაღდი ანგარიშსწორებით, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, შესაძლებელი იყო მოწმეთა დასწრებაც.
5.4. სასესხო ვალდებულების შესასრულებლად ი.ა–მა ა.ა–ს სხვადასხვა დროს საერთო ჯამში გადაუხადა 3 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა შემდეგი მტკიცებულებებით: ა) ა.ა–ის მიერ შედგენილი ხელწერილით; ბ) ი.ა–ის ახსნა–განმარტებითა და მისი, როგორც დაზარალებულის, მიერ #041210312013 სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებით; გ) მოწმე ნ.ა–ის ჩვენებებით, რომელიც მან, როგორც #041210312013 სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხვისას, ასევე სასამართლოს მისცა 2013 წლის 14 იანვარს; დ) მოწმე გ.ა–ის ჩვენებით.
5.5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა.ა–მა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული ხელწერილი მისი შედგენილია, თუმცა, განმარტა, რომ ხელწერილში არ იყო დაფიქსირებული თანხების ი.ა–ის მიერ გადახდის შესახებ, ამდენად, ხელწერილი მიუთითებდა სულ სხვა სესხის თანხის გადაცემას. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღარ მიიჩნია ექსპერტიზის დანიშვნა საჭიროდ, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის აღიარება მიიჩნია იმ გარემოების დადასტურების საკმარის მტკიცებულებად, რომ ხელწერილი შედგენილი და ხელმოწერილი იყო ა.ა–ის მიერ.
5.6. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ ხელწერილში აღნიშნული თანხები (საერთო ჯამში 3 000 აშშ დოლარი), მას მიღებული ჰქონდა სხვა სასესხო ვალდებულების ფარგლებში. პალატის განმარტებით, ხელწერილი, როგორც წერილობითი მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარადგინა ი.ა–მა და მიუთითა, რომ ა.ა–თან სხვა სასესხო ვალდებულება არ ჰქონია, ხოლო ხელწერილში მითითებული თანხა სწორედ სადავო სესხის ფარგლებში ჰქონდა გადახდილი. ამ გარემოებების გასაქარწყლებლად, იმავე ნორმის საფუძველზე, მტკიცებულება უნდა წარმოედგინა ა.ა–ს, რადგან სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, რომ ი.ა–ს მასთან ჰქონდა სხვა სესხის ხელშეკრულებაც და ხელწერილში აღნიშნული თანხები სწორედ იმ სხვა ვალდებულების ფარგლებში მიიღო, თუმცა აპელანტს, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რომელიც უარყო მოწინააღმდეგე მხარემ, სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
5.7. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე და 625-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ იყო სარგებლიანი, რის გამოც, ი.ა. ვალდებული იყო, 2009 წლის 2 ივლისამდე ა.ა–თვის დაებრუნებინა მხოლოდ ნასესხები 13 000 აშშ დოლარი.
5.8. ა.ა–მა საკუთარი ვალდებულება შეასრულა სრულად _ სესხის თანხა გადასცა ი.ა–ს, ამ უკანასკნელმა კი, ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ _ გამსესხებელს დაუბრუნა მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი.
5.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი.ა–ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ა.ა–ს მ.ქ–ის მეშვეობით, გარდა ზემოთ აღნიშნული 3 000 აშშ დოლარისა, გადასცა კიდევ 3 000 ევრო და 4 000 აშშ დოლარი, რადგან ამ მტკიცებას საფუძვლად ედო ი.ა–ის ახსნა-განმარტება, მოწმეების: ნ. და გ.ა–ის, აგრეთვე, მ.ქ–ის ჩვენებები და ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი ხელწერილი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით (კრედიტორ ა.ა–ის მონაწილეობით შედგენილი წერილობითი დოკუმენტის გარეშე, სადაც ეს უკანასკნელი რამენაირი ფორმით აღიარებდა ი.ა–ის მიერ ვალდებულების შესრულებას) არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სესხის კრედიტორისათვის დაბრუნების ფაქტი. ი.ა–მა ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ა.ა. დათანხმდა მას, შეეცვალათ ვალდებულების შესრულების დადასტურების წესი (მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა) რაიმე სხვა ფორმით, თუნდაც ა.ა–ის დავალებით მოქმედი პირისათვის _ მ.ქ–თვის სესხის თანხის გადაცემის გზით, რადგან შესრულების წესის ამგვარი შეცვლის დამადასტურებელი, ა.ა–ის მონაწილეობით შედგენილი წერილობითი მტკიცებულება, ი.ა–ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
5.10. პალატამ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სესხიდან გამომდინარე ა.ა–ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა ი.ა–ის კუთვნილი უძრავი ნივთი. ამდენად, იპოთეკარს მიენიჭა უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა ამ ნივთის რეალიზაციით (2009 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების 7.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იპოთეკის საგანი ავტომატურად ვერ გახდება გამსესხებლის საკუთრება). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად კი, ვინაიდან მსესხებლის მიერ სრულად არ იყო დაკმაყოფილებული გამსესხებლის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა იპოთეკა, ა.ა–ის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ა.ა–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო იმგვარად, რომ ი.ა–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 8 200 აშშ დოლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ა–მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, არ გაიზიარა ი.ა–ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ა.ა–ს მ.ქ.ის მეშვეობით, გარდა 3 000 აშშ დოლარისა, კრედიტორს კიდევ გადასცა 3 000 ევრო და 4 000 აშშ დოლარი, რადგან ამ მტკიცებას საფუძვლად ედო ი.ა–ის ახსნა-განმარტება, მოწმეების: ნ. და გ. ა–სა და მ.ქ–ის ჩვენებები, ასევე, ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი ხელწერილი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით (კრედიტორ ა.ა–ის მონაწილეობით შედგენილ წერილობითი დოკუმენტის გარეშე, სადაც ეს უკანასკნელი რაიმე ფორმით აღიარებდა ი.ა–ის მიერ ვალდებულების შესრულებას) არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სესხის კრედიტორისათვის დაბრუნების გარემოება.
6.1.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.ა–მა ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ა.ა. დათანხმდა მას, შეეცვალა ვალდებულების შესრულების დადასტურების წესი, თუნდაც - ა.ა–ის დავალებით მოქმედი პირის _ მ.ქ–თვის სესხის თანხის გადაცემის გზით. წესის ამგვარი შეცვლის დამადასტურებელი, თვით ა.ა–ის მონაწილეობით შედგენილი წერილობითი მტკიცებულება ი.ა–ს არ წარმოუდგენია. ამასთან, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან, ანუ მიღებული თანხის დადასტურებისგან თავი რომ აერიდებინა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოწინააღმდეგე მხარემ მ. ქ–ის წარმომადგენლად მიჩნევა. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, ა–ებმა თანხის გადაცემის ხელწერილით დადასტურების გარეშე სესხის დაბრუნებაზე უარი განუცხადეს კრედიტორს.
6.1.3. ი.ა–ს შეეძლო უარი ეთქვა შესრულებაზე იმ მოტივით, რომ კრედიტორი თავს არიდებდა დოკუმენტის გაცემის ვალდებულების შესრულებას. სწორედ ეს უფლება გამოიყენა და თანხის გაცემა შეუწყვიტა მან ა.ა–ს. მოვალის მიერ შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, კრედიტორი იძულებული გახდა, მოვალისათვის წარედგინა თანხის მიცემისა და მისი მიღების დადასტურებაზე უფლებით აღჭურვილი პირი _ მ.ქ.
6.1.4. ი.ა–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ შესრულების კრედიტორის მიერ მიღება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დაკითხული მოწმეების ჩვენებების ერთობლიობით და არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ამდენად, დაცულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მოთხოვნები. ა.ა–ის მიერ ხელწერილის ნამდვილობის აღიარებისა და სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებების ერთობლივი ანალიზი ადასტურებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების არასწორ შეფასებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი.ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ემყარება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მარეგულირებელ ნორმებს და სააპელაციო პალატამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სამართლებრივი შეფასების შესაბამისად, შეამოწმა სადავოდ გამხდარი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, დადგენილია, რომ: 2009 წლის 2 აპრილს წერილობითი (სანოტარო) ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ი.ა–მა ა.ა–გან უპროცენტო სესხის სახით მიიღო 13 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით (2009 წლის 2 ივლისამდე) და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი.ა–ის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ..... მდებარე უძრავი ქონება; ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ნაღდი ანგარიშსწორებით, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, შესაძლებელი იყო მოწმეთა დასწრებაც; სასესხო ვალდებულების შესასრულებლად ი.ა–მა ა.ა–ს სხვადასხვა დროს საერთო ჯამში გადაუხადა 3 000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარდგენილი ხელწერილით.
1.4. სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის მოტივით არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მტკიცება, რომ მან ა.ა–ს მ.ქ–ის მეშვეობით, გარდა ზემოთ აღნიშნული 3 000 აშშ დოლარისა, გადასცა კიდევ 3 000 ევრო და 4 000 აშშ დოლარი, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ი.ა–მა ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ა.ა. დათანხმდა მას, შეეცვალათ ვალდებულების შესრულების დადასტურების წესი (მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა) რაიმე სხვა ფორმით, ხოლო რადგანაც სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად, დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულების თაობაზე.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.6. განსახილველ შემთხვევაში, ი.ა. სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას, რომ მან ვერ შეძლო ვალდებულების შესრულების ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ სადავო საკითხი დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა მას არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება არ შეაფასა სათანადოდ სააპელაციო სასამართლომ და რომელ ჩვენებას არ მისცა შესაბამისი კვალიფიკაცია. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, კანონმდებლობით დადგენილია მხარის ვალდებულება, დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი ფაქტების არსებობა (სსსკ მე-4 მუხლი). მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. გასათვალისწინებელია ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო კანონმდბლობით დადგენილი სტანდარტი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
1.7. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. სწორედ ამ შემთხვევას განეკუთვნება ფულადი ვალდებულების შესრულების დამტკიცების ვალდებულება, რომელიც ყოველთვის მოვალეს ეკისრება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე-431-ე მუხლები მოვალეს აძლევს უფლების დაცვის მყარ გარანტიას, რათა სადავოობის შემთხვევაში, შეძლოს კანონით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულების წარდგენით საკუთარი პოზიციის დაცვა, გარდა აღნიშნულისა, მატერიალური სამართალი იცნობს მოვალის უფლებათა დაცვის იმგვარ შესაძლებლობასაც, როგორიცაა ვალდებულების შესრულება დეპონირებით (სკ 434-ე-441-ე მუხლები) და სხვა. ამგვარი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არაა, ამასთანავე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნასაც, რომ ვალდებულების შესრულების დადგენილი წესის შეცვლის თაობაზე მხარეთა შეთანხმების დამტკიცების ტვირთი სწორედ ფაქტის მიმთითებელ პირს ევალებოდა, რომელმაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა.
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ი.ა–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ.ა–ის (ი.ა–ის) მიერ 2015 წლის 23 მარტის N3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 800,30 ლარის 70% _ 560,21 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი.ა–ს (პ/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ნ.ა–ის (ი.ა–ის) მიერ 2015 წლის 23 მარტის N3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 800,30 ლარის 70% _ 560,21 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური