ას-297-284-2015 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ-ი(მოპასუხე, შეგებებული სარჩელი მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხესთან 1984 წლის 20 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და ხაშურის რაიონის დაბა ს-ი, მ-ის ქუჩის №...-ში მდებარე, ნ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
მოსაჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1984 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ და ჰყავდათ ნაშვილები ბავშვი გ. კ-ი, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. დროთა განმავლობაში მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა, რომელმაც შეწყვიტა მასზე ზრუნვა, მიატოვა ავადმყოფობის დროს, 2007 წლიდან წავიდა სახლიდან და ოჯახიდან წაიღო თანხა და ძვირფასეულობა. ამჟამად ნ. ჩ-ი ცხოვრობს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ სახლში, რომელიც მდებარეობს ხაშურის რაიონის დაბა ს-ი. თავად ცხოვრობს თბილისში, თ. მ-ის მე-... ჩიხის №-...ში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 1981 წელს. მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან ფაქტობრივად შვიდი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, ხაშურის რაიონის დაბა ს-ი მდებარე სახლის ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე ბ. კ-მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მითითითებული უძრავი ქონების არა 1/2, არამედ 3/4 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი, რომლებსაც მამის ქონებიდან ეკუთვნით თანაბარი წილი.
მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ განქორწინების ნაწილში და აღნიშნა, რომ ხაშურის რაიონის დაბა -ი მდებარე სახლი თავისი დანაზოგი ფულით, ე.წ. მზითვით შეიძინა, რის გამოც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია მის სახელზე და, შესაბამისად, ბ. კ-ს აღნიშნულ ქონებაზე არავითარი უფლება არ აქვს. ამასთან, ნ. ჩ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისში, თ. მ-ის ქუჩის მე-... ჩიხის №...-ში მდებარე ბ. კ-ის სახხელზე რიცხული ბინის თანამესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბ. კ-მა მართალია მასთან დაქორწინებამდე შეიძინა აღნიშნული ბინა, თუმცა თანაცხოვრების პერიოდში გაუკეთდა მიშენება, რითაც ბინის ღირებულება გაიზარდა. ამასთან, ისინი ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ნ. ჩ-ი იცხოვრებდა ს-ი, ხოლო ბ. კ-ი - თბილისში, რაც განახორციელეს კიდეც და უკვე შვიდი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ.
ბ. კ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისში, თ. მ-ის ქუჩის მე... ჩიხის №....-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ბინა შეძენილი აქვს და მიშენებაც გაკეთებული აქვს ნ. ჩ-ან დაქორწინებამდე, 1982 წელს. ხაშურის რაიონის დაბა ს-ი მდებარე სახლი კი, შეიძინა საკუთარი თანხით თანაცხოვრების პერიოდში 1990 წელს, რაც ურთიერთშეთანხმებით დარეგისტრირდა ნ. ჩ-ის სახელზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მოსარჩელე ბ. კ-სა (პ/ნ ...) და მოპასუხე ნ. ჩ-ს (პ/ნ ...) შორის 1984 წლის 20 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება; ბ. კ-ი ცნობილ იქნა ხაშურის რაიონის დაბა ს-ი, მ-ის ქუჩის №...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო ქ.თბილისში, თ. მ-ის მე-... ჩიხის №...-ში მდებარე, ბ. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ნ. ჩ-ის თანამესაკუთრედ ცნობა;
აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წლის 22 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ.თბილისში თ. მ-ის ქუჩის მე-... ჩიხის N... -ში მდებარე შენობა N1 და N2 (ლიტერ ”ა” და ლიტერ ”ბ”)-დან 1/9 ნაწილი საერთო ფართით 23.56 კვ.მ 1981 წლის 23 აპრილს ნასყიდობის N1-გ-90 ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბ. კ-მა;
ქ. თბილისის ყოფილი პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის 1982 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, ბ. კ-ს ნება დაერთო წარდგენილი სქემატური ნახაზის მიხედვით, მისი სახლის ეზოში აეშენებინა ნომენკლატურით გათვალისწინებული პირადი სარგებლობის დამხმარე სათავსოები (სამზარეულო, საპირფარეშო და სააბაზანო) ზომით 3,0X4,0 მ2მ=12,0მ;
ნ. ჩ-ი (პ/ნ...) ბ. კ-თან (პ/ნ ...) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1984 წლის 20 აპრილიდან;
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გარემოება იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში, თ. მ-ის მე-... ჩიხის № ...-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია ბ. კ-ის მიერ ნ. ჩ-ან დაქორწინებამდე;
ნ. ჩ-ი ქ. თბილისში არსებულ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობას ითხოვს ბ. კ-ან თანაცხოვრების პერიოდში მის მიერ განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების საფუძველზე ბინის ღირებულების გაზრდის გამო;
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, ნ. ჩ-მა მიუთითა უნებართვოდ მიშენებული დამხმარე სათავსოების დაკანონების შესახებ, ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივნისის N7/24-141 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ბ. კ-ის მიერ დამხმარე სათავსოების მიშენება ვერ განახორციელდა 1987 წლამდე, რის გამოც დაკანონება მოხდა 2001 წელს;
ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, განხორციელდა ქ.თბილისში, თ. მ-ის მე-... ჩიხის № ...-ში ბ. კ-ის სახელზე რიცხული უნებართვოდ მიშენებული დამხმარე სათავსოების დაკანონება, კერძოდ- ლიტ „ბ“-ს პირველ სართულზე მდებარე სათავსო N4-2 ფართით 9.0 კვ.მ, სათავსო N4-2 ფართით 3.92 კვ.მ, სათავსო N4-2 ფართით 10.64 კვ.მ;
ამავე დადგენილების შესაბამისად, რადაგან ბ. კ-ს დამხმარე სათავსოები მიშენებული აქვს 1987 წლამდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის N156 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის N19.18.1130 დადგენილების საფუძველზე უნებართვოდ მოწყობილი სათავსოები დაექვემდებარა დაკანონებას;
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნებართვოდ მიშენებული დამხმარე სათავსოების დაკანონების შესახებ, ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივნისის N7/24-141 დადგენილებით, სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების დრო ვერ დადგინდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელდა დამხმარე სათავსოების, კერძოდ, ლიტ „ბ-ს“ პირველ სართულზე N4-2 სათავსოს ფართით 9.0 კვ.მ-ის, N4-2 სათავსოს ფართით 3.92 კვ.მ-ისა და N4-2 სათავსოს ფართით 10.64 კვ.მ-ის მიშენება;
სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მხოლოდ დამხმარე სათავსოების მიშენების ფაქტი არ ადასტურებდა ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდას. ამასთან, ნ. ჩ-მა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მოცემულ უძრავ ქონებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი ბ. კ-ის სახელზე, ქ.თბილისში, თ. მ-ის მე-... ჩიხის №...-ში რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნ. ჩ-ის მითითება ბ. კ-ან თანაცხოვრების პერიოდში მის მიერ განხორციელებული მიშენების საფუძველზე ბინის ღირებულების გაზრდისა და თანასაკუთრებად ცნობის შესახებ არ გაიზიარა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი თანაცხოვრებას ეწეოდნენ 1984 წლიდან, ხოლო 1982 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, თითქოს მიშენება განხორციელდა 1982 წელს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ბ. კ-ს მიშენების ნებართვა მიეცა 1982 წელს, მიშენება კი გრძელდებოდა რამდენიმე წელი უკვე ნ. ჩ-ან თანაცხოვრების პერიოდში; ამდენად, სასამართლომ 1982 წელს მიშენების უფლების მიცემა ჩათვალა ფაქტობრივად მიშენების ფაქტად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
პალატის მითითება, თითქოსდა ქ.თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივნისის № 7/24-141 დადგენილებით სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების დრო ვერ დგინდება, კასატორის აზრით, არამართებულია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ ბ. კ-ის მშენებლობის ნებართვის დრო ჩათვალა აშენების პერიოდად, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სასამართლო ვალდებული იყო დაკანონების პერიოდი ჩაეთვალა მიშენების მტკიცებულებად, მით უმეტეს, რომ საჯარო რეესტრში ბ. კ-მა საკუთრება დაარეგისტრირა 2007 წლის 12 თებერვალს, რა დროიდანაც ბ. კ-ი ითვლება საერთო ფართის მესაკუთრედ მეუღლესთან, ნ. ჩ-თან ერთად.
ამდენად, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მიშენებისა და სამუშაოების დრო ვერ დგინდება და ამ საფუძვლით ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (ას-93-483-2006; ას-1094-1136-2004).
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. ჩ-ი, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე