Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ივნისი, 2015 წელი

№ას-306-293-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გაწეული მომსახურების თანხის ანაზღაურება (სარჩელში); პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ს.გ.-მა“ მოპასუხე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 12666.66 ლარის დაკისრება.

მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ს.გ.-ისათვის“ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 33743 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ს.გ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ შპს „ს.გ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12666.66 ლარის გადახდა;

3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით:

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 31 დეკემბერს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა" და შპს „ს.გ.-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №18 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს.გ.-მა" იკისრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს" დეპარტამენტებში არსებული ინტერიერის და ბაღის მცენარეების მოვლა-პატრონობა. ხელშეკრულების ღირებულება 75999.96 ლარით განისაზღვრა და იგი ერთი წლის ვადით დაიდო – 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, შპს „ს.გ.-ი” კისრულობდა ვალდებულებას, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი ან ნაკლი, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესრულებული მომსახურების მიღებისათვის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ხელმოწერიდან არა უგვიანეს 20 დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, ხელშეკრულების 3.2 პუნქტით (ხარვეზის აღმოფხვრის ვადა 10 დღე) გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.6% ყოველი დაგვიანებული დღისათვის, რომლის გაქვითვაც მოხდებოდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა ჯამურად აღემატება ხელშეკრულების ღირებულების 3 %-ს, მხარეს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.

ხელშეკრულების 14.3 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგი საფუძვლები:

ა. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ. მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ. საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

ამავე მუხლის 14.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიღებული მომსახურების ღირებულება.

ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალა კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის უფროსს ბ. ლ.-ას, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს – ბ.ქ.-ას.

მცენარეთა მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელებულიყო შემდეგ სამ ობიექტზე:

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” – ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84;

2. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-10კმ;

3. ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ტერიტორია – ქ.რუსთავი, წმინდა ნინოს 3.

2013 წლის 5 ივნისს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის უფროსის, ბ. ლ.-ას მიერ შედგენილ იქნა ინსპექტირების აქტი ამ ობიექტზე არსებულ მცენარეთა მდგომარეობის შესახებ, რაც 2013 წლის 7 ივნისის წერილით ეცნობა შპს „ს.გ.-ის" დირექტორს, ე. ქ.-ას და განემარტა, რომ ინსპექტირების აქტით გამოვლენილი ხარვეზები აღმოეფხვრა 10 დღის ვადაში. ინსპექტირების აქტი შედგენილი იქნა ასევე 2013 წლის 21 ივნისს.

შპს „ს.გ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 17 ივნისის წერილით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ეცნობა, რომ ხორციელდებოდა ყველანაირი ზომა 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების და მათი აღმოფხვრის თაობაზე.

2013 წლის 21 ივნისს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის უფროსის, ბ. ლ.-ას და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის – ბ. ქ.-ას მიერ შედგენილ იქნა ინსპექტირების აქტი ბიუროს დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ ერთეულებში მდებარე ინტერიერის და ბაღის მცენარეების მოვლა-პატრონობის თაობაზე ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებასთან მიმართებით. ინპექტირების აქტის თანახმად, მართალია, ბიუროს წერილობითი გაფრთხილების შემდგომ შპს „ს.გ.-მა“ გარკვეული მოქმედებები განახორციელა, თუმცა არაჯეროვნად და ნაწილობრივ. ინსპექტირების აქტში აღწერილია შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2013 წლის 26 ივნისის წერილით შპს „ს.გ.-ს“ ეცნობა, რომ მიუხედავად მიცემული პირობისა, სრულად არ იყო აღმოფხვრილი ხარვეზები და ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, რის გამოც ბიურო 2013 წლის 1 ივლისიდან წყვეტდა მხარეთა შორის 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას.

2013 წლის 3 ივლისს შპს „ს.გ.-ის" დირექტორისადმი გაგზავნილი წერილით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" მზადყოფნას გამოთქვამდა, ექსპერტიზის დასრულებისთანავე, სათანადო დასკვნის შემთხვევაში, ან დაზიანებული მცენარეების ახლით ჩანაცვლებისთანავე გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი და მოეხდინა ანგარიშსწორება.

სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2013 წლის იანვარი-აპრილის თვეებში გაწეული მომსახურეობის ხარისხი დამკვეთის მიერ შედავებული არ ყოფილა, შესაბამის პერიოდში შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და შპს „ს.გ.-მა” მიიღო ამ თვეებში შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

გარდა ამისა, უდავოა, რომ 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 1 ივლისიდან.

შპს „ს.გ.-ის” სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2013 წლის მაისისა და ივნისის თვეებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავდა ხელშეკრულების დანართებში მითითებული სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას. მოპასუხე მიუთითებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მიერ არაჯეროვან შესრულებაზე (და არა სრულად შეუსრულებლობაზე), რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ შემსრულებლის მიერ გარკვეული სამუშაოს შესრულების ფაქტი უარყოფილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოპასუხის პოზიცია იყო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, თუ რას შეადგენდა სადავო პერიოდში ჩასატარებელი თითოეული სამუშაოს ღირებულება, შესაბამისად, არ დგინდებოდა ნაკლოვანი შესრულება რამდენით ამცირებდა სარჩელის მოთხოვნას (ჯამური მომსახურების ღირებულებას), რაც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შეიძლებოდა გამხდარიყო ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრისა და ყოველთვიური მომსახურების ჯამური ღირებულების კორექტირების საფუძველი. აღსანიშნავი იყო, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 14.4 მუხლიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს „ს.გ.-ის“ მხრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 2013 წლის მაისისა და ივნისის თვეებში შესრულებული მომსახურეობის თაობაზე ყველა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა. როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მიერ 2013 წლის მაისისა და ივნისის თვეებში ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებასთან/მის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნები.

ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების დასტურად მოსარჩელემ წარადგინა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ 2013 წლის 2 ივლისს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ემყარებოდა სპეციალისტების მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების – ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეების 2013 წლის 27 და 28 ივნისს ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით და შესაბამისი კვლევით მდგომარეობის შეფასებას.

დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

I. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N84) შენობის ინეტრიერში ქოთნებში განთავსებული დეკორატიული მცენარეების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მიუხედავად არასაკმარისი განათებისა, დახურული გრუნტის მცენარეები ცუდად არ გამოიყურება. ზოგიერთი მცენარისათვის აუცილებელია შედარებით განათებული ადგილის შერჩევა: ასეთებია მონსტრა და ფიკუსი. ამ ტერიტორიის დათვალიერებისას განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მცენარეების, როგორიცაა – გორტენზია, საკურა, ტუნბერგის კოწახური, წითელი ტყემალი, სუროს მაღალდეკორატიული კულტივარები, უსურვაზი, კატალპა, მტირალა ფორმის თუთა და სხვა გამწვანებისთვის მაღალდეკორატიული მერქნიანი მცენარეების მდგომარეობა სრულიად აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ხე- მცენარეებისა და ბუჩქების აბსოლუტურ უმრავლესობას გაკეთებული აქვს ჯამები, მორწყულია, ფორმირებულია და სათანადოდ მოვლილი.

ცენტრალური შესასველიდან მარჯვნივ, ერთ-ერთ თარგში, ფერდობზე, Rosa rugosa-ს ინდივიდი გამხმარია, 5 გაყვითლებულია. ფერდობის ბოლოში, სადაც დარგულია აღნიშნული მცენარეები, როგორც ჩანს წვიმის დროს ირეცხება მიწა და ზედმეტად ტენიანდება ნიადაგი, რაც იწვევს მცენარეების დაკნინებას და ხმობას.

ვარდის რამდენიმე ინდივიდის ფოთლებზე შეიმჩნევა სოკოვანი დაავადება ნაცარი – Sphaerotheca pannosa Woron. დაავადებული ფოთლების იდენტიფიკაციის შედეგად, დაავადებისათვის დამახასიათებელი ნაყოფსხეულები კლეისტოტეციუმები, რომლებიც ფოთლის ქვედა მხრიდან არის დამახასიათებელი, არ შეიმჩნევა, რაც იმას მოწმობს, რომ ჩატარებულია ქიმიური ბრძოლის ღონისძიება, ხოლო რაც შეეხება ფოთლებზე არსებულ ნაცრის თეთრ ფიფქს, რომელიც ფოთლის ზედაპირზეა განლაგებული და მართალია ძლიერ უკარგავს დეკორატიულობას, მას რამდენიმე დღე სჭირდება სრული გაქრობისთვის. დარგვისას არ არის გათვალისწინებული სიხშირის ნორმები, რაც იწვევს მავნებელი დაავადების სწრაფ გავრცელებას. ცენტრალური შესასვლელიდან მარცხნივ, გაზონზე, მზიან, განათებულ ადგილზე დარგულია 1 ეგზემპლარი აზალეა, რომელიც საჭიროებს ჩრდილს ან ნახევრად ჩრდილიან ადგილს. რაც შეეხება გაზონს, არის უჯრედები, სადაც გამხმარია კოინდარი და რომელიც საჭიროებს შევსებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ადგილს მანქანების სადგომადაც იყენებენ, ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლებელი იყოს ამ ადგილზე გაზონის კარგი მდგომარეობის უზრუნველყოფა. ღია გრუნტის დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები კარგ მდგომარეობაშია, დიდი რაოდენობით დარგულია მარცვლოვანები. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე დიდი რაოდენობით არის დარგული ლირიოპე (ფესურიანი მცენარე), რომელიც გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, ფილიპინებზე. იგი კარგად ხარობს შავი ზღვის სანაპირო ზოლში. თბილისის კლიმატი საკმაოდ მშრალია ამ მცენარისათვის, თუმცა მათი დიდი ნაწილი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო რომლებიც ძალიან მზიან, განათებულ ადგილებში არის დარგული, მათი ფოთლები ნაწილობრივ მზისგან დაზიანებულია.

ლირიოპეს რამდენიმე ძირზე, მცენარის ქვედა ნაწილში, შეიმჩნევა ფოთლების სიყვითლე, გაუფერულება და ნაწილობრივ ხმობა. ეს ფუნქციონალური დაავადებაა, რომლებიც ხშირად გამოწვეულია ნიადაგში საკვები ნივთიერებების სიჭარბით ან ნაკლებობით. ამ ფუნქციონალური დაავადების საწინააღმდეგოდ ჩატარებულია ღონისძიება, კერძოდ, ნიადაგში შეტანილია კომბინირებული სასუქი „სუპერ აგრო". დათვალიერებისას მცენარე არ გამოიყურება სათანადოდ, თუმცა სასუქის მოქმედებას სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს მცენარის შემდგომ სრულყოფილ ზრდა-განვითარებაზე. საერთოდ, ნებისმიერ ბალახოვან მცენარეზე აღინიშნება ასეთივე მდგომარეობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყო ქვედა ფოთლების დიდი ასაკით, საჭიროა მათი პერიოდულად შეცვლა დეკორატიულობის შესანარჩუნებლად. როგორც ჩანს, ასეთი მოვლითი სამუშაოები ტარდება.

კალმაგროსტის (მარცვლოვანი) ნარგაობიდან ამოვარდნილია 1 ძირი, ხოლო 2-3 ძირი დაზიანებულია. აღსანიშნავია, რომ ეს მცენარე ცუდად იტანს მკაცრ ზამთარს.

II. კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის, სესმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის ტერიტორია (ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10კმ) შენობის ინტერიერში, პირველ სართულზე დეკორატიული მცენარეების დათვალიერებისას აშკარაა, რომ მიუხედავად მათთვის არასაკმარისი განათებისა (დახურული გრუნტის მცენარებს ესაჭიროება სათანადო განათება), ისინი ცუდად არ გამოიყურება. სასურველია განათების დამატება ზოგიერთი მცენარისათვის – ანთურიუმი, ნეფროლეპსისის გვიმრამდა ადგილის შეცვლა – მონსტერასათვის.

შენობის ღია ტერასაზე, „სახურავზე" კონტეინერში განთავსებულია მცენარეები: ირმის რქა, ფიჭვის ჯუჯა ფორმა, ჭანჭყატი, თუია და სხვა. აქედან თუიას ერთი ეგზემპლარი გამხმარია, ხოლო რამდენიმე – ნაწილობრივ გაყვითლებული. არის ძალიან მცხუნვარე და ქარიანი ადგილი. ზოგიერთი მცენარე საჭიროებს გადარგვას დიდი მოცულობის ქოთნებში. ღია გრუნტის დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. კლდისდუმას 3 კულტივარი ძალიან ახლო-ახლოს არის დასარეველიანებული, რაც გამოსწორებადია. შესაძლებელია ასეთი ნაწილების ამოჭრა და ახლით შევსება.

მულჩის სისქე არსებულ ტერიტორიაზე შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. შეუძლებელია მულჩის სისქე იყოს ყოველთვის იდეალური, რადგან მასზე მოქმედებს, როგორც ქარი, ისე წვიმა და მორწყვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მულჩის გადაადგილება და ნაწილობრივ სისქის შეცვლა, რაც ადვილად გამოსწორებადია.

ყველგან გაკრეჭილია ბალახი და ბორდიური.

ამ ობიექტზე აღსანიშნავია შემდეგი ხე-მცენარეები: ვერცხლისფერი ფშატი, ვერცხლისფერი ნაძვი, იტალიური ფიჭვი, დასავლური თუია, ბუდლეია, კალიკარპა, ნანდინა, ხე-ტიტა, მთის ბოყვი და სხვ. როგორც წინა ობიექტზე აღვნიშნეთ, აქაც მცენარეების მდგომარეობა სრულიად აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ისინი მოვლილი, მორწყული, გაკრეჭილი და ფორმირებული არიან.

კატალპის 7 ეგზემპლარიდან 3 ძირი გამხმარია: აბრეშუმის აკაციის ერთი ეგზემპლარი გადაბელილია. შენობის უკან, ჰორიზონტალური კვიპაროსებისგან შექმნილი ცოცხალი ღობიდან გამხმარია 2 ძირი.

ვარდი – დათვალიერებისას შეიმჩნეოდა ქიმიური ბრძოლის ღონისძიების ჩატარების ნიშნები მავნებელი დაავადების, კერძოდ ვარდის ბუგრის და ნაცრის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მავნებელი დაავადება მთლიანად ლიკვიდირებულია. ვარდები გამოიყურება კარგად.

შენობის უკან თარგში, ირმის რქაზე აღინიშნებოდა სოკოვანი დაავადება ნაცარი – Oidium yeni U.Braun. ვიზუალური დათვალიერებისას აღებული დაზიანებული ფოთლების და ღეროების იდენტიფიკაციის შედეგად გამოვლენილი სოკოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი კლეისტოტეციუმები ლიკვიდირებულია. ე.ი ნაცრის საწინააღმდეგო ბრძოლის ქიმიური ღონისძიება ჩატარებულია. დაავადებისათვის დამახასიათებელი თეთრი ფიფქი ამჟამად შეიმჩნევა, მაგრამ რამდენიმე დღეში ნაფიფქიც გაქრება.

სოკოვანი დაავადება „ნაცარი" ზემოაღნიშნული მცენარეებისთვის დამახასიათებელია. მცენარის ზედაპირზე მოხვედრილი სპორა ხელსაყრელი ტემპერატურისა და ტენის პირობებში სწრაფად ღვივდება და ძლიერ ასენიენებს მცენარეებს. დაავადება შეიძლება შევნიშნოთ მთელის სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. იგი აღინიშნება არა მარტო ფოთლებზე, არამედ ღეროზეც. ძლიერი დაავადების შემთხვევაში მცენარე მთლიანად იფარება თეთრი ნაფიფქით, რაც საბოლოოდ იწვევს ჭკნობასა და სიკვდილს. მიხედავად აღნიშნული სოკოვანი დაავადების „ნაცრის" სწრაფი გავრცელებისა და საშიშროებისა, აღნიშნული ტერიტორია ცუდად არ გამოიყურება, რადგან დროულად და სწორად არის ჩატარებული „ნაცრის" საწინააღმდეგო ბრძოლის ქიმიური ღონისძიება.

III. ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ტერიტორია (ქ.რუსთავი, წმინდა ნინოს ქ.N3):

აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგულია სუროს სხვადასხვა კულტივარები

(Hedera helix hiberica, hedera marmorata Auerea), ცოცხალი ღობის შესაქმნელად. ეს ადგილი ძალიან ცხელი და ქარიანია სუროსათვის. მეორე მხარეს შექმნილია ცოცხალი კედელი თუიასაგან. შენობის წინ ხუთი არღავანიდან ორი ხმელია.

ზემოაღნიშნულ მისამართებზე, ეზოების ტერიტორიის გამწვანების საერთო მხატვრულ-ესთეტიკური მდგომარეობა კარგია, ზოგიერთი გამოსწორებადი ხარვეზის გარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ აღნიშნული დასკვნის შემდგენი სპეციალისტები.

საქართველოს ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების გამგის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ბიოლოგიის აკადემიურ დოქტორ სვეტლანა ხმალაძის განმარტებით, 2013 წლის 27-28 ივნისს დათვალიერებულ ობიექტებზე არსებული მცენარეები საკმაოდ კარგად მოვლილია და გატარებულია მათი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები. იგივე დაადასტურეს საქართველოს ბოტანიკური ბაღის მეყვავილეობისა და ლანდშაფტის დიზაინის განყოფილების გამგემ, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ლიანა გვენცაძემ და მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის უფროსმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ქეთევან თავართქილაძემ.

როგორც სპეციალისტებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დეპარტამენტების ტერიტორიებზე არსებული ზოგი მცენარის იდეალურ მდგომარეობაში არსებობისათვის, შეუსაბამოა მათი განთავსების ადგილი და არსებული კლიმატი, ზოგიერთი მცენარის გარეგნული მდგომარეობა კი არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოვლა-პატრონობაზე და იდეალური მოვლის პირობებშიც შეიძლება დაავადდეს ან დაზიანდეს ნაწილობრივ. სპეციალისტებმა დაადასტურეს არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარების ფაქტი და მიუთითეს, რომ მცენარეთა სრული გაკეთილშობილება საჭიროებდა დროს. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს, როგორც ინტერიერში, ისე ღია გრუნტში მცენარეთა განლაგების ზოგ შემთხვევაში არასწორად დაგეგმარებაზე.

მცენარეთა არასწორ დაგეგმარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს „ს.გ.-მა” მცენარეები ჩაიბარა დარგულ, დაგეგმარებულ მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოება დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა. 2013 წლის 30 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის, რატი პაპავას განმარტებით, დაგეგმარებას, ასევე მცენარეთა განთავსების ადგილს ინტერიერში ცალსახად განსაზღვრავდა ბიურო.

2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასტურად მოპასუხემ წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 15 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ექსპერტი აღწერს შესასწავლ ობიექტებზე არებული ხე-მცენარეების იმდროინდელ ფაქტობრივ მდგომარეობას, თუმცა დასკვნა არ შეიცავს მითითებას და კვლევას ხე-მცენარეების არსებული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარმეოებების გათვალისწინებით განმსაზღვრელი იყო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ ფაქტის დასადგენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დასახელებული დასკვნის შემდგენი ექსპერტი ზ. ტ.-ა. ექსპერტის განმარტებით, მან დასკვნაში აღწერა ხე-მცენარეთა ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც შეეხებოდა ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების კვლევას, აღნიშნული კვლევა მის ფუნქციებში არ შედიოდა და შესაბამისად, ამ საკითხებზე დასკვნა არც გაცემულა. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ შეიმჩნეოდა მცენარეთა დაავადების საწინააღმდეგოდ გარკვეული ღონისძიებების გატარების ფაქტი, თუმცა აუცილებელი იყო აღნიშნული ღონისძიებების კვლავ გატარება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზემოხსენებული დასკვნის შედგენის თარიღზეც – 2013 წლის 15 ივლისი, რაც იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულება 2013 წლის 1 ივლისს შეწყდა, მცენარეთა მოვლის ყოველდღიური ხასიათის გათვალისწინებით რამდენადმე საუარესოდ ცვლიდა მცენარეთა მდგომარეობას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მხოლოდ ასახავდა საკვლევ ობიექტებზე მცენარეთა ფაქტობრივ მდგომარეობას, არ იძლეოდ იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ზოგიერთი მცენარის დაზიანება (ხმობა) შპს „ს.გ.-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობამ (არაჯეროვნად შესრულებამ) გამოიწვია. ასეთ მიზეზებზე კვლევასა და კვლევის შედეგებზე დასკვნას აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა, და, როგორც დასკვნის შემდგენი ექსპერტის განმარტებითაც დგინდებოდა, მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების კვლევა მის ფუნქციებში არ შედიოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ 2013 წლის 2 ივლისს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით (რომელშიც ასევე ასახულია ფაქტობრივი მდგომარეობა და გარკვეული მცენარეების დაზიანების ფაქტები), საკვლევ ობიექტებში გამწვანების საერთო მხატვრულ-ესთეტიკური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კარგი, ზოგიერთი გამოსწორებადი ხარვეზის გარდა. რაც შეეხებოდა არსებული ხარვეზების მიზეზებს, როგორც დასკვნის კველევითი ნაწილითა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული განმარტებებით ირკვეოდა, ისინი გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში – არასწორი დაგეგმარებით (რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია), კლიმატური პირობებით, სხვა ბუნებრივი პროცესებით. ამასთან, მცენარეთა დაავადების წინააღმდეგ შესაბამისი ქიმიური ღონისძიებები დროულად ჩატარდა, ზოგ შემთხვევბში უკვე დაძლეულ იქნა, რიგ შემთხვევებში, დროს საჭიროებდა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, როგორც ინტერიერში, ისე ღია გრუნტში განთავსებული მცენარეების მოვლა-პატრონობის საკითხი, სადაც ადამიანის შრომასთან ერთად, იდეალური შედეგის მიღწევისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მრავალ სხვა ფაქტორს: მცენარეთა წარმომავლობას, მათი განთავსების ადგილს, გრუნტის შემადგენლობას, კლიმატს, ჰავას და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობდა დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნა და მისი შემდგენელი სპეციალისტების სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები მიუთითებდნენ შპს „ს.გ.-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მცენარეების მოვლა-პატრონობის მომსახურების ჯეროვან შესრულებაზე. მოპასუხე მხარე კი, შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხებოდა გაწეული მომსახურების მიღების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას (სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება, საქმეზე Nას-323-307-2011).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა შპს „ს.გ.-ის“ მხრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლიანი იყო მენარდის სარჩელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში – 2013 წლის მაისისა და ივნისში გაწეული მომსახურების ღირებულების, 12666.66 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგინდა, რომ შპს „ს.გ.-მა“ შეასრულა 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში განახორციელა ის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფდა ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი (სამუშაოს მიღება). კასატორს დადგენილი წესით არ მიუღია 2013 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს „ს.გ.-ის“ მიერ შესრულებული სამუშაო, არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2013 წლის მაისში და ივნისში ხარისხიანად და ჯეროვნად იქნა გაწეული მომსახურება მცენარეთა მოვლა-პატრონობის თაობაზე;

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის მაისი-ივნისის მომსახურების საფასური იმ მიზეზით არ გადაიხადა, რომ შპს „ს.გ.-მა“ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. 2013 წლის იანვარ-აპრილის თვეებში (მითითებულ პერიოდში ბიურომ მოწინააღმდეგე მხარეს სრულად გადაუხადა ხელშეკრულებით დათქმული საზღაური) შპს „ს.გ.-ი“ ვალდებული იყო, ჩაეტარებინა შესაბამისი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფდა მცენარეთა მოვლა-პატრონობას და რაც გამორიცხავდა მათ გახმობას და დაზიანებას (იგულისხმება მცენარეების ფორმირება, დასუფთავება, შესხურება, სასუქებით დამუშავება და სხვა). ასეთი მოქმედებები სათანადოდ არ სრულდებოდა, რაც მაისისა და ივნისის თვეებში გამოვლინდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის მაისი-ივნისის მომსახურების საფასური იმ მიზეზით არ გადაიხადა, რომ შპს „ს.გ.-მა“ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნა ასახავს მხოლოდ საკვლევ ობიექტებზე მცენარეთა ფაქტობრივ მდგომარეობას, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ზოგიერთი მცენარის დაზიანება (ხმობა) შპს „ს.გ.-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობამ (არაჯეროვნად შესრულებამ) გამოიწვია. ასეთ მიზეზებზე კვლევასა და კვლევის შედეგებზე დასკვნას აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს და, როგორც დასკვნის შემდგენი ექსპერტის განმარტებითაც დგინდება, მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების კვლევა მათ ფუნქციებში არ შედის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ 2013 წლის 2 ივლისს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც საკვლევ ობიექტებში გამწვანების საერთო მხატვრულ-ესთეტიკური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კარგი, ზოგიერთი გამოსწორებადი ხარვეზის გარდა. რაც შეეხება არსებული ხარვეზების მიზეზებს, როგორც დასკვნის კველევითი ნაწილითა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული განმარტებებით ირკვევა, ისინი გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში – არასწორი დაგეგმარებით (რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია), კლიმატური პირობებით, სხვა ბუნებრივი პროცესებით. ამასთან, მცენარეთა დაავადების წინააღმდეგ შესაბამისი ქიმიური ღონისძიებები დროულად ჩატარდა, ზოგ შემთხვევბში უკვე დაძლეულ იქნა, რიგ შემთხვევებში, დროს საჭიროებდა.

კასატორის პრეტენზია ეფუძნება ასევე იმ გარემოებას, რომ შესრულებული სამუშაოს მიღების თაობაზე არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2013 წლის მაისში და ივნისში ხარისხიანად და ჯეროვნად იქნა გაწეული მომსახურება მცენარეთა მოვლა-პატრონობის თაობაზე.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური არ გადაუხადა იმის გამო, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. ამდენად, შემკვეთი თავადვე ადსტურებს მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სამუშაოები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შესრულდა. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მენარდის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად (ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) შესრულების ფაქტი. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2320.48 ლარის) 70% – 1624.33 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2320.48 ლარი, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი (ბანკში გაიგზავნა) – 2015 წლის 11 მარტი) 70% – 1624.33 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე