საქმე №ას-317-302-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ლ.” -მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ააიპ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების - 275 000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2011 წელს შპს „ლ.’’-სა და ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა მოპასუხის სასარგებლოდ თბილისში მ.-ის №11-ში მდებარე შენობის (კომიტეტის ოფისი) სარემონტო სამუშაოები. სანაცვლოდ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა 2,025,000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. ე.წ.ფორმა №2-ითა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება სამუშაოების შესრულება/დასრულება. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, დღეის მდგომარეობით მას გადახდილი აქვს მხოლოდ 1,749,500 ლარი და გადასახდელი დარჩა დამატებით 275,000 ლარი, აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა შორის შედგენილი შედარების აქტი.
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2014წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ლ. ”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ააიპ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოსარჩელე შპს ,,ლ. ”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანების - 275 000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.08.2014წ.-ის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი. საქმეზე №2/...-14 შპს ,,ლ. ”-ის სარჩელის გამო მოპასუხის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, 2014 წლის 03 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს ,,ლ.”-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეზე ჩაბარება.
შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ შპს „ლ.“-ის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტს ჩაბარდა 30.04.2014წ.-ს.
მოპასუხეს - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
03.06.2014წ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ლ.“-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოება გზავნილის ჩაბარების შესახებ მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მას არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოობაზე მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 232I მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე, ასევე, 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სარჩელის იურიდიული მართებულობის არარსებობის თაობაზე და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმის გამო, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტები და მისი მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან ის მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის ეტაპზე სასამართლო არ შედის საქმის არსებით კვლევაში, არ მსჯელობს იმის თაობაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არის თუ არა, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილია თუ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი და ა.შ.. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ეტაპების გავლა სწორედ საქმის არსებითი განხილვის შემადგენელი ნაწილია მას შემდეგ, რაც მოპასუხეს სათანადო წესით აქვს ჩაბარებული სარჩელი თანდართული მასალით და შესაბამისად, წარმოდგენილი აქვს სათანადო წესით შედგენილი შესაგებელი, რითაც იგი გამოხატავს თავის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა-უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და ამყარებს შესაბამისი მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, რაც შეიძლება საფუძველი ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განსახილველად დაბრუნება.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2011 წლის 4 მაისს გია ნაცვლიშვილსა (ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით) და შპს „ლ.“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიამ იკისრა მ.-ის №11-ში მდებარე ფართისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება. კასატორის მოსაზრებით, 2011 წლის 4 მაისის ხელშეკრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა სეოკ-მა, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით. მიუხედავად ამისა, 2013 წლის 26 სექტემბერს სეოკ-ს ჩაბარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გზავნილი - შპს „ლ.-.“-ის საჩივარი დავალიანების გადახდევინების შესახებ. დავალიანების არსებობის მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო შედარების აქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა შედარების აქტის ნამდვილობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის წარმოება შეწყვიტა.
ამის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს „შედარების აქტის“ საფუძველზე მოითხოვა სეოკ-ისგან დავალიანების გადახდა.
კასატორის მითითებით, „შედარების აქტი“ ყალბია, თუმცა საქმის განმხილველმა სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა „შედარების აქტის“ სიყალბის შესახებ კასატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია საქართველოს საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების გარეშე მიიღო წარმოებაში სარჩელი, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა და საქმის გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც არ შეიძლება მტკიცებულებად მიჩნეული იქნეს მითითებული გარემოების დასადასტურებლად. შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმ დანაწესით, რომელიც განსაზღვრავს მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგებს და არა იმ დანაწესით, რომელიც განსაზღვრავს „მოპასუხის გამოუცხადებლობის“ შედეგებს. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მოსარჩელის შუამდგომლობის გარეშე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაეთვალა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2014წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 28.08.2014წ.-ის განჩინება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს ,,ლ. ”-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეზე ჩაბარება.
შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ შპს „ლ.“-ის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტს ჩაბარდა 30.04.2014წ.-ს.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
03.06.2014წ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ლ.“-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მხრიდან განხორციელებული პროცესუალური ქმედების მართლზომიერებას და აღნიშნავს, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმ დანაწესით, რომელიც განსაზღვრავს მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგებს და არა იმ დანაწესით, რომელიც განსაზღვრავს „მოპასუხის გამოუცხადებლობის“ შედეგებს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მოსარჩელის შუამდგომლობის გარეშე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაეთვალა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ესაა გათვალისწინებული ამავე კოდექსის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს, არამედ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია არასწორი პროცესუალური ქმედების განხორცილების თაობაზე მოკლებულია საპროცესო-სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა იქნას გაზიარებული.
კასატორის მორიგი პრეტენზია კი, სარჩელის უსაფუძვლობას შეეხება, კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ 2011 წლის 04 მაისის ხელშეკრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ააიპ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით.
კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ თუ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები რა მტკიცებულებებით დასტურდება და საერთოდ შეასრულეს თუ არა ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს. ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევვა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამასთან, კასატორი მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტის სიყალბეზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შეეცადა ყალბი დოკუმენტით დაედასტურებინა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება ამგვარი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. პალატის აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დანაწესიდან, რომელიც ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად მატერიალური კანონით გათვალისწინებულია მტკიცების სტანდარტი ანუ, სპეციალური მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მითითება სამსახურებრივ სიყალბეზე წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას (ნორმის დისპოზიცია: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება), რომელიც შეიძლება დადასტურდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული მტკიცებულება კი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ ეტაპზე კასატორის პოზიცია დასაბუთებასაა მოკლებული.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2014წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 28.08.2014წ.-ის განჩინება კანონიერია, რაც მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების შესახებ განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებში (იხ., სუს 27.01.2015წ.-ის Nას-1167-1113-2013 განჩინება; ასევე, სუს 31.12.2014წ.-ის Nას-425-402-2014 განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 აპრილის განჩინებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 7700 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს სახელმწიფო ბაჟის 30%, კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2100 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2100 ლარის ოდენობით. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე