Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ბს-861-447 (კ-05) 18 იანვარი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ა-მა და ვ. ქ-მ სარჩელი აღძრეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების გარდაბნის რაიონის გამგეობასა და მ. წ-ის მიმართ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ მ. წ-თან დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმასთან დაკავშირებით 02.07.04წ. გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები, რაზედაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. 12.05.97წ. გარდაბნის რაიონის გამგეობამ მოპასუხე მ. წ-თან დადო იჯარის ხელშეკრულება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, «იჯარის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის, «საკუთრების უფლების შესახებ" კანონის I-ლი მუხლის, სკ-ის 170-ე მუხლის დარღვევით, რის გამო სკ-ის 54-ე და სზაკ-ის 70-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ მ. წ-თან 12.05.97წ. დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 14.06.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 13.03.02წ. ¹49 დადგენილებით, მ. წ-თან დადებული საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდა, რის გამოც სასამართლო ბათილად ვერ ცნობდა სამიწ. წინ გაუქმებულ ხელშეკრულებას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მ. წ-მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება. რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული გამგეობის მიერ მ. წ-თან დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. თბილისის საოლქო სასამართლოს 05.05.05წ. განჩინებით მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმყაოფილდა, უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 14.07.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარდაბნის რაიონის საკრებულოს 30.07.03წ. ¹27 და ამავე რაიონის გამგეობის 09.07.03წ. ¹147 დადგენილებებით, რომლებითაც მას გადაუვადდა ერთი წლის ვადით საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა, საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალა განახლებულად, შესაბამისად, 13.0302წ. დადგენილებამ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ძალა დაკარგა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით გარდაბნის რაიონის გამგეობის ¹147-ე დადგენილებით მ. წ-ის მიმართ იჯარის ხელშეკრულება არ განახლებულა, მ. წ-ს გაუგრძელდა ქირის გადახდის ვადა. გარდაბნის რაიონის გამგეობასა და მ. წ-ს შორის საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელ გარემოებად, აგრეთვე, მიიჩნია 20.04.02წ. გაზეთ «გ...ში" სადავო ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადება.

05.05.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოქმედად იქნება ცნობილი 12.05.97წ. საიჯარო ხელშეკრულება სოფ.ახალ სამგორში სადავო 30 ჰა მიწაზე ხელშეკრულებაზე თანდართული შესაბამისი რუკის მიხედვით. მოთხოვნის საფუძვლიანობა, კასატორის აზრით, იმითაც დასტურდება, რომ საიჯარო ხელშეკრულება გამგეობის 13.04.05წ. ¹47 დადგენილებით ქირის გადაუხდელობის გამო მეორედ გაუქმდა. კასატორი აღნიშნავს, რომ ქირის გადახდა გადავადებული ჰქონდა 2004წ. ივლისამდე, ამ პერიოდში ნაკვეთი უკვე მთლიანად დაკავებული იყო ბატო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კომპანიის მიერ ჩატარებული საამშენებლო სამუშაოების მიერ, რის გამო კასატორი მიწის ნაკვეთით ვერ სარგებლობდა. სამუშაოების დაწყებამდე საჯარო რეესტრში იჯარის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა ნაკვეთზე დავის არსებობის გამო. კასატორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ მოსარჩელეებს დღემდე არა აქვთ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში. მათზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები საეჭვო დროს და საეჭვო ვითარებაშია გაცემული, კერძოდ მიმდინარე საამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში. მოსარჩელეებისათვის მიწის ნაკვეთები 1994 წელს რომ გადაეცათ საკუთრებაში, ისინი იჯარის ხელშეკრულებას უფრო ადრე გახდიდნენ სადავოდ.

მოწინააღმდეგე მხარეებს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია. საქმე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 12.05.97წ. გარდაბნის რაიონის გამგეობასა და მ. წ-ს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება სოფ. ახალ სამგორში მდებარე 20 ჰა მიწის ნაკვეთზე 10 წლის ვადით. გარდაბნის რაიონის გამგეობის 13.03.02წ. ¹49 დადგენილებით, რაიონის საგადასახადო ინსპექციის 24.01.02წ. ¹66 წერილის საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადაუხდელობის გამო რიგ მეიჯარეებს, მათ შორის მ. წ-ს, ცალმხრივად შეუწყდათ საიჯარო ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 13.03.02წ ¹49 დადგენილებით, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადაუხდელობის გამო, გაუქმდა მ. წ-თან დადებული იჯარის ხელშეკრულება. სკ-ის 558-ე მუხლის, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შედეგად შეწყდა გამგეობასა და მ. წ-ს შორის საიჯარო ურთიერთობები. მ. წ-ს სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაუსაჩივრებია. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა დაშვებული იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ხელშეკრულების დადებით, უკანასკნელი უნდა დადებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულებით» დადგენილი საკონკურსო წესით. აღნიშნულის შესაბამისად, 20.04.02წ. გაზეთ «გ...ში" გამოცხადდა კონკურსი სადავო მიწის ნაკვეთზე, რაც დამატებით ადასტურებს მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას. ზემოაღნიშნულს ვერ უარყოფს ის გარემოება, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 13.04.05წ. ¹47 დადგენილებით ხელმეორედ გაუქმდა 12.05.97წ. ხელშეკრულება. ვინაიდან შეუძლებელია გაუქმებულ ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანა, გარდაბნის რაიონის საკრებულოს 30.07.03წ. ¹27 დადგენილებით და ამავე როაიონის გამგეობის 09.07.03წ. ¹147 დადგენილებით საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის გადავადება ადასტურებს არა საიჯარო ურთიერთობების განახლებას, არამედ _ საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის გადავადებას, დავალიანების არსებობა და მისი მოთხოვნა არ ნიშნავს ხელშეკრულების ძალაში ყოფნას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ «მოქალაქე მ. წ-ისათვის საიჯარო მიწის გადასახადის 2004 წლამდე გადავადების შესახებ» გარდაბნის რაიონის საკრებულოს 30.07.03წ. ¹27 დადგენილების მიღებისას მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ საგადასახადო კოდექსში 18.07.03წ. კანონით შეტანილი ცვლილება-დამატების შედეგად საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლს დამატებული მე-4 ნაწილი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეების მიერ საიჯარო ქირის გადახდას, რომელიც მიწის გადასახადსაც მოიცავდა. საგადასახადო კოდექსის ეს ნორმა მოქმედებდა რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუქმდა საგადასახადო კოდექსში 31.12.03წ. კანონით შეტანილი ცვლილებებით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედების პერიოდში საიჯარო ქირა გადასახადის გადახდას უთანაბრდებოდა, საგადასახადო კოდექსის მე-4 მულის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადახდის პირობების შეცვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ დროს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, გადასახადების მიხედვით წარმოშობილი ვადაგადაცილებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის წესი შესაბამისი კანონით განისაზღვრებოდა, საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-8 ნაწილით იკრძალებოდა ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათების დაწესება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაბნის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აქტებით საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის გადავადება არ ადასტურებს აღნიშნული აქტებით საიჯარო ურთიერთობების განახლებას. ამდენად, არ არსებობს 12.05.97წ. საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მოქმედად ცნობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობასა და მ. წ-ს შორის 12.05.97წ. გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულია, კასატორი ვერ უთითებს ხელშეკრულების აღდგენის ვერც ერთ სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.05.05წ. განჩინება;

2. კასატორ მ. წ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 20 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.