საქმე №080210014559521
საქმე №ას-337-322-2015 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეების მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის – ქ.ქ.-სში, ნ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებული სახით გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 27 მარტს მ. კ.-მა მოიპოვა საკუთრების უფლება საცხოვრებელი ბინის ქ.ქ.-სში, ნ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინაზე, თუმცა მოსარჩელეს შესაძლებლობა არ მიეცა, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით, რადგან იგი უკანონოდ დაიკეს მოპასუხეებმა და მოსარჩელის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ფლობენ ქ.ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინას.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთი (ს/კ ...) რეგისტრირებულია მ. კ.-ის საკუთრებად 2013 წლის 27 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2014 წლის 11 თებერვლის №202 ბრძანების თანახმად, შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული №... და №... სააღსრულებო საქმეების აღსრულება ბრძანების გამოცემიდან 6 თვის ვადით. კერძოდ, აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაშია №... სააღსრულებო საქმე, რომლის ფარგლებშიც ი. ს.-ის სასარგებლოდ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. ქ.-ში, ნ.-ის ქ, №..-ში (ა.-ის №..) მდებარე 271.38 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...)
ასევე, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №... საქმე იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის თაობაზე, რომელშიც კრედიტორია ა. კ.-ი, ხოლო მოვალეები – ვ. ხ.-ე, ნ. ს.-ე, ლ. ხ.-ე. მოთხოვნის ოდენობაა 28050 აშშ დოლარი და 1397.4 ლარი. იპოთეკის საგანია ვ. ხ.-ის, ნ. ს.-ისა და ლ. ხ.-ის თანასაკუთრებაში არსებული ქ.ქ.-ში, ც.-ის ქ.№../ფ.-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ....
მითითებული საკადასტრო კოდის მქონე ერთ-ერთ ბინაზე აღსრულების მიქცევის დროს ვ. ხ.-ემ მიიყენა თვითდაზიანება (ბენზინის საშუალებით თავის დაწვის მცდელობა).
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-2 შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინა ს/კ №... რეგისტრირებულია მ. კ.-ის საკუთრებად, რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და აღნიშნულით ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რის გამოც სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც აღინიშნა მითითებული უძრავი ნივთის მიმართ აღსრულება შეჩერებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ „საკუთრების უფლების არსი გულისხმობს, ხელისუფლებას სურდეს და დაავალდებულოს სხვები, პატივს სცემდნენ მესაკუთრის ნებას, ისარგებლოს თავისი სურვილისამებრ კუთვნილი ნივთით. ამ უფლების ძალით მესაკუთრე ექსკლუზიურ უფლებას აცხადებს ქონებაზე და ეს უფლება არა ფიზიკური ძალის ან საზოგადოებრივი ჩვეულების, არამედ კანონის მიერ დაცვას საჭიროებს. თითქმის შეუძლებელია ისეთი საზოგადოების წარმოდგენა, რომელშიც ცნობენ და დაუშვებენ კერძო საკუთრებას, მაგრამ არ უზრუნველყოფენ კანონით მის დაცვას. უფლება ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესის დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას თან არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა ... საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ქვეშ მოიაზრება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება მისი დარღვევისას და მიზნად ისახავს მესაკუთრის ქონებრივი მდგომარეობის აღდგენას და მისი ინტერესების დაცვას. სანივთო სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხასიათდება იმით, რომ მიმართულია მესაკუთრის როგორც აბსოლუტური უფლების დაცვისაკენ ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ვალდებულებებთან და მიზნად ისახავს, აღდგეს მესაკუთრის კუთვნილი უფლებამოსილებები ან აღიკვეთოს მათი განხორციელების წინააღმდეგობები. როცა საკუთრების დაცვაზეა საუბარი, აქაც იგულისხმება ყველა ძირითადი უფლების შემთხვევაში მისი ნეგატიური მხარე – ყველას ვალდებულება არ ხელყონ პირის საკუთრება, სანივთო სამართლებრივ დაცვის საშუალებებს მიეკუთვნება სავინდიკაციო სარჩელი...“ (ქეთევან ქოჩაშვილი მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში გვ. 170-171).
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დადგენილი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-2 შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინა ს/კ №... რეგისტრირებულია მ. კ.-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვინდიკაციურ სარჩელთან მიმართებით არაერთხელ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს ქ.ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-2 შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინის ს/კ №... მესაკუთრეს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ „სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე. სავინდიკაციო სარჩელის შინაარსს შეადგენს უკანონო მფლობელისაგან ნივთის დაბრუნება მესაკუთრისათვის, ანუ მოქმედება, რომლის განხორცილებასაც ითხოვს მოსარჩელე ... ხოლო სარჩელის საფუძველია ის იურიდიული ფაქტები, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს თავის მოთხოვნებს, კერძოდ, ნივთის კანონიერი მფლობელობიდან გამოსვლის გარემოებები, მისი მოპასუხესთან მოხვედრის პირობები, სადავო ნივთის არსებობა ნატურით, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობა სადავო ნივთის თაობაზე. ამ სარჩელის წარდგენისას მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს თავისი უფლებების არსებობა ნივთზე, ასევე ის, რომ მოპასუხის მფლობელობა უკანონოა.“ (ქეთევან ქოჩაშვილი მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში გვ. 172-174).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელის მიერ გარიგების (ნასყიდობის) წერილობითი ფორმით დადებისა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ნამდვილი გარიგება და არ ვლინდება ხელშეკრულების არაკანონიერად მიჩნევის რაიმე საფუძველი. მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ გააჩნიათ სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეების მიმართ. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეები სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელები, ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება არის მოსარჩელის საკუთრება, მას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და აღნიშნულით ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რის გამოც სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მ. კ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოპასუხეები უსაფუძვლოდ ფლობდნენ მის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მათი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტების შესაბამისად.
მხარის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და 87-ე მუხლის საფუძველზე მოცემულ დავაში სავალდებულო თანამონაწილეებად უნდა ჩაბმულიყვნენ ს. ს.-ე და ნ. გ.-ე, რადგან ისინიც სადავო ბინაში ცხოვრობენ. აღნიშნულის გამო, სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
კასატორმა აღნიშნეს, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, რის გამოც ქუთაისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებით შეჩერებულია გამოსახლება. მითითებულის შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმის მასალებში, თუმცა სასამართლოს ისინი არ შეუფასებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეები ფლობენ ქ.ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინას.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთი (ს/კ ...) რეგისტრირებულია მ. კ.-ის საკუთრებად 2013 წლის 27 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2014 წლის 11 თებერვლის №202 ბრძანების თანახმად, შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული №... და №... სააღსრულებო საქმეების აღსრულება ბრძანების გამოცემიდან 6 თვის ვადით, კერძოდ, აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაშია №... სააღსრულებო საქმე, რომლის ფარგლებშიც ი. ს.-ის სასარგებლოდ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. ქ.-ში, ნ.-ის ქ, №..-ში (ა.-ის №24) მდებარე 271.38 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...)
ასევე, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №... საქმე იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის თაობაზე, რომელშიც კრედიტორია ა. კ.-ი, ხოლო მოვალეები – ვ. ხ.-ე, ნ. ს.-ე, ლ. ხ.-ე. მოთხოვნის ოდენობაა 28050 აშშ დოლარი და 1397.4 ლარი. იპოთეკის საგანია ვ. ხ.-ის, ნ. ს.-ისა და ლ. ხ.-ის თანასაკუთრებაში არსებული ქ.ქ.-ში, ც.-ის ქ.№../ფ.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ....
მითითებული საკადასტრო კოდის მქონე ერთ-ერთ ბინაზე აღსრულების მიქცევის დროს ვ. ხ.-ემ მიიყენა თვითდაზიანება (ბენზინის საშუალებით თავის დაწვის მცდელობა).
სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ქ.-ში, ნ.-ს ქუჩის მე-2 შესახვევის №..-ში მდებარე №.. ბინა ს/კ №... რეგისტრირებულია მ. კ.-ის საკუთრებად, რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და აღნიშნულით ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას. მითითებული უძრავი ნივთის მიმართ აღსრულება შეჩერებული არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2014 წლის 7 ივლისი, საქმე №ას-504-477-2014).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., გ., ზ. და ნ. ს.-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური