2 ივნისი, 2015 წელი
საქმე№ას-339-324-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ-ა..." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ელექტროენერგიის დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ა.."-ის მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ-ა-.."-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „გ-ა-.."-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო საამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „გ-ა-.."-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით შპს „გ-ა-.."-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე შპს „გ-ა-.."-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს „გ-ა-.."-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „გ-ა-.."-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „გ-ა-.."-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2015 წლის 29 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ-ა-.."-ის დირექტორმა პ. ძ-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 28 მაისამდე გაგძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ ახერხებს სახელმწიფი ბაჟის გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით შპს „გ-ა-85"-ის დირექტორის პ. ძ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ-ა.."-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით შპს „გ-ა.."-ის დირექტორის პ. ძ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, კასატორმა წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც შპს „გ-ა-.."-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ-ა.."-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ნინო ბაქაქური